"შესაძლოა, გემი, რომელზეც მეზღვაურები იყვნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, გემი, რომელზეც მეზღვაურები იყვნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს"

დაკარგულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით კომპანია "იალქანს“ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს, - ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს.

მათი განმარტებით, საბერძნეთიდან მიუვიდათ შეტყობინება, რომ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, უცხოელი ექსპერტების თქმით, შესაძლოა, გემი, რომელზეც მეზღვაურები იყვნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი არ არიან სომალელი მეკობრეები.

კომპანია "იალქანში“ აცხადებენ, რომ გემი, რომელიც 14 აგვისტოს შემდეგ კავშირზე არ არის, ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის. ასევე კომპანიაში განაცხადეს, რომ ცოტა ხანში ისინი განცხადებასაც გააკეთებენ და მედიას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

"არსებობს იმის ალბათობა, რომ ხომალდის დაკარგვა მეკობრეობასთან იყოს დაკავშირებული,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აფრიკის დასავლეთ სანაპირო, სადაც ხომალდ "პანტელენასთან“ ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა, რისკების შემცველი რეგიონია.

"ვერცერთ ვერსიას ვერ დავადასტურებთ, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არსებობს იმის ალბათობა, რომ მეკობრეობასთან გვქონდეს საქმე, ვინაიდან აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მოხდა გემთან ბოლო კონტაქტი. შესაბამისად, რისკების შემცველია ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. უწყების ცნობით, გემთან - Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

"გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი - UKMTO“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ ასევე: დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება