"ათას რაღაცას დაგვპირდნენ, რომ დავთმოთ ჩვენი პოზიცია" - კვირის პალიტრა

"ათას რაღაცას დაგვპირდნენ, რომ დავთმოთ ჩვენი პოზიცია"

მამა, რომელმაც 8 შვილს "შინაპატიმრობა მიუსაჯა" ახლა თავად გამოკეტეს ციხეში

8 შვილის მამა ამირან დევნოზაშვილი 3 კვირაზე მეტია, ციხეშია გამოკეტილი. საზოგადოებისთვის ცნობილია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში მცხოვრები ოჯახის ამბავი - მამის გადაწყვეტილებით ბავშვები სკოლაში არ დადიან. "არ მინდა გავიდნენ გარეთ, რადგან დაბოღმილი და გაბოროტებული ხალხი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან", - ამბობდა მამა. ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცავებმა მხოლოდ 2018 წლის იანვარში, ტელევიზიით გასული სიუჟეტის შემდეგ აღძრეს საქმე. გამოძიება 8 თვე მიმდინარეობდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ჩაატარეს ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. "შს სამინისტრომ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე 1971 დაბადებული ა.დ. დააკავა... გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ა. დ.-ს დაკავების შესახებ. სასამართლოს განჩინება, 18 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი მეტად სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, სამინისტრო თავს იკავებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასაჯაროებისგან და მოუწოდებს საზოგადობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურის წარმომადგენლებსაც, თუმცა, არც ისინი აკეთებენ დამატებით კომენტარს და დეტალებზე არ საუბრობენ.

დევნოზაშვილი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე დააკავეს. საქმეში ფსიქოლოგების დასკვნაც არის, ისინი ირწმუნებიან, რომ ბავშვებზე მამა იძულებას ახდენდა. ამირან დევნოზაშვილის დედა პედაგოგია, პედაგოგია ბავშვების დედა, ნატო ტვილდიანიც. მათ ასწავლეს ბავშვებს წერა-კითხვა და სხვა საგნებშიც ამეცადინებდნენ. 8 წელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი, ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი ამ პრობლემის მოგვარებაში არიან ჩართული. სთხოვდნენ მშობლებს, ბავშვები სკოლაში გაეშვათ, მაგრამ მათ აზრი ვერავინ შეაცვლევინა. დღეს ამ ოჯახის 8 შვილი დაზარალებულად არის ცნობილი.

"ამ შეკითხვას როგორ მისვამთ?! ეს იმას ნიშნავს, რაც აქამდე ვილაპარაკე, წყალში ჩავყარეთ!"

ბავშვებთან ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ. ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება ძნელია, წავლენ თუ არა ისინი სექტემბერში სკოლაში. ჩვენ დავუკავშირდით ბავშვების დედას, ნატო ტვილდიანს:

- ზნეობის ჩარჩოებიდან გამომდინარეა ჩვენი საქციელი. წლებია ამ პრინციპებით მოვდივართ. სრულწლოვან შვილებს არა აქვთ შეზღუდვა, სადაც უნდათ, იქ დადიან, არასრულწლოვნებს კი ჩვენ გარეშე არსად ვუშვებთ. დღეს ისეთი დროა, მარტო სრულწლოვანსაც ვერ გაუშვებს, რადგან არ იცი, როგორ დაგიბრუნდება შენი გოგო, ბიჭი კი უფრო მეტად საფრთხილოა. გუშინაც პროდუქტის საყიდლად ვიყავით ცაგერში ჩასული. ჩემი ბიჭები გამომყვნენ, გზაში დავინახეთ, როგორ ჩხუბობდნენ 10-11 წლის ბავშვები. ჩემი ბიჭები მაშინვე გაიქცნენ, თქვეს, გავაშველებთო. შევაჩერე, რადგან ასეთ დროს ხომ შეიძლება დამძიმდეს სიტუაცია>? იმ ბავშვებს პატრონი ეყოლებათ და ისინი ჩაერევიან-მეთქი...

ყოველ ნაბიჯზე საშიშროებაა, ამდენი ცუდი ამბავი ხდება. ჩემი უფროსი შვილები ამბობენ, სად გავიდეთ, ბირჟაზე რომ დავდგეთ, რა ვაკეთოთო. ახლა ჩვენი ოჯახი განსაცდელშია, ყველანი ვდგავართ ამირანის გვერდით. ასე ბრმად კი არ მოვდივართ, ყველაფერი გაანალიზებული გვაქვს, ეს არ არის ერთი და ორი დღის გადაწყვეტილება.

- მეზობლებთან ურთიერთობა გაქვთ? - არა. არ ვაწუხებთ არავის, ჩვენთვის ვართ. სახლში გვყავს ბებია, ბავშვები - ერთიანი, შეკრული ოჯახი გვაქვს, გვიყვარს ერთმანეთი. ახლობლები მოდიან სტუმრად. ახლაც გვყავს სტუმრად ამირანის დისშვილი, რომელიც ქალაქიდან ჩამოვიდა. მოდის ჩემი მეგობარი და შვილებიც მოჰყავს.

- თქვენი აზრით, შინ მიღებული განათლება საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებმა ცხოვრების გამოწვევებს გაუძლონ? - ამირანს რომ დაელაპარაკოთ, მიხვდებით, როგორი განათლებული ადამიანია. შვილები ძალიან კარგად ჰყავს აღზრდილი, უნივერსალური განათლება აქვთ მიღებული, ისეთი, რასაც სკოლაში ვერ მიიღებენ. ჩვენმა ბავშვებმა ცხოვრება იციან, პასუხისმგებლობა აქვთ. გაუაზრებლად ერთ წინადადებას არ იტყვიან, გულს არავის ატკენენ. ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, უკვე იციან, როგორ იცხოვრონ დამოუკიდებლად. ესეც ამირანმა ასწავლა. ღვთის მორჩილება აქვთ, რაც დღეს ძველმოდურად არის მიჩნეული, სამშობლო უყვართ. დღეს ბევრს თავისუფალ არჩევნად უთვლიან ჰომოსექსუალობას თუ სხვა გადახრას და ეს მოსწონთ. ჩვენ კარგი შვილები გავზარდეთ. ახლა გამოდიან და ათას რაღაცას გვპირდებიან, ამ განსაცდელში ათას დაპირებას ვიღებთ.

- ვინ რას გპირდებათ? - ვალების გასტუმრებით დაწყებული, უკეთეს პირობებში გადასვლით დამთავრებული. რას არ დაგვპირდნენ, რომ დავთმოთ ჩვენი პოზიცია. ამით გვეუბნებიან, ღმერთს ზურგი შეაქციეთო, მეტი არაფერი.

- თქვენი შვილებიდან ოთხი სრულწლოვანია, მაგრამ პატარების გაშვებას სკოლაში მაინც არ აპირებთ? - რა სისულელეა! ამ შეკითხვას როგორ მისვამთ?! ეს იმას ნიშნავს, რაც აქამდე ვილაპარაკე, წყალში ჩავყარეთ!

იანვარში ტელევიზიით სიუჟეტი რომ გავიდა, იმ ღამეს ინსულტი მიიღო ამირანის დედამ და მარცხენა მხარე გათიშული აქვს, ლოგინად არის ჩავარდნილი. დღესაც არ იცის, მისი შვილი რომ დაკავებულია. ვატყუებთ, რომ საზღვარგარეთ არის წასული.

- თქვენს მეუღლეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა და ახლა გამოძიება დასკვნას ელოდება. ჰქონდა ოდესმე ასეთი პრობლემა? - ფსიქიკურად შემოწმდნენ მთავრობის წარმომადგენლები. ასევე შეამოწმონ მათი შვილები, წამალში რომ იპარებიან და ერთმანეთს ხოცავენ. ამირანსა და მის ოჯახს ფსიქიკური შემოწმება არ სჭირდება.

- როგორ პირობებში ცხოვრობთ? - პირობები საშინელია, მაგრამ რა ვქნათ. ბანკის ვალები გვაქვს, ძირითადად, პროდუქტების გამო ვიღებდით. დიაბეტიანი ბავშვები გვყავს და განსაკუთრებული კვება სჭირდებათ. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, წამლებსაც ბავშვთა ცენტრიდან. ჩემს მეუღლესაც აღმოაჩნდა დიაბეტი, სვამდა წამლებს, მაგრამ ღვიძლი ჩაითრია. ძალიან შეერყა ჯანმრთელობა, ვთხოვდი ექიმთან მისვლას, მაგრამ თავისთვის ვერ იმეტებდა ფულს, ამბობდა, ბავშვებია მისახედიო. ახლა ინსულინზეა და უკეთ გრძნობს თავს.

"აუცილებელია სკოლაში მიყვანა"

დევნოზაშვილების მეზობელი: "ამირანი მოსიყვარულე მამაა, ერთხელ არ ახსოვთ ბავშვებს მისი ხმამაღალი სიტყვა. მე რომ ხანდახან ბავშვებს ვტუქსავდი, ამირანი მეტყოდა, ხმას არ აუწიოო. გარეთ მშობლების მეთვალყურეობით დადიან. გოგონები ქსოვენ თოჯინებს და ზღაპრის გმირებიც ჰყავთ, პურის ცხობაც იციან და საოჯახო საქმეებიც, ისტორიულ საკითხებშიც ერკვევიან და ანგარიშიც ყველამ იცის, მაგრამ აუცილებელია მათი სკოლაში მიყვანა, მეტი შეუძლიათ. ვფიქრობ, არც იმის პრობლემა იქნება, რომ ისინი თანატოლებთან დასვან, რადგან განათლებული ბავშვები არიან. თუ დაიყოლიეს ბავშვები, ალბათ, განათლების სამინისტრო ექსტერნად ჩააბარებინებს გამოცდებს და თანატოლებთან ერთად მიიღებენ განათლებას".

"შინაპატიმრები" ოზურგეთში

დევნოზაშვილის სასამართლო პროცესი მალე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, ფსიქოლოგების დასკვნის გარდა, რა მტკიცებულებები ექნება პროკურატურას. თუ გავითვალისწინებთ ანალოგიურ შემთხვევას და გამოტანილ განაჩენს, არ არის გამორიცხული, სასამართლომ ამირან დევნოზაშვილი გაამართლოს. როგორც ცნობილია, საქართველოში არის კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც შვილებს სკოლაში არ უშვებს. ამ ამბის შესახებ "კვირის პალიტრაში" ვწერდით. შეგახსენებთ, სკოლაში არ დადიან ოზურგეთის დაბა ნასაკირალში მცხოვრები შ-ძეები. მამა 4 შვილს განათლების მიღების უფლებას უკრძალავს. დევნოზაშვილებისგან განსხვავებით, შ-ძეები თავდაპირველად სკოლაში დადიოდნენ. "ბავშვებს ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩემს შვილებს "ჩამშვებებს" უწოდებდნენ, რამდენჯერმე სცემეს კიდეც და ამიტომ გამოვიყვანე სკოლიდან... ვითხოვ დირექტორ სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებას! მხოლოდ ამის მერე წავლენ ჩემი შვილები სკოლაში. ასევე, ვითხოვ სკოლა აღიჭურვოს ვიდეოთვალით და ყველაფერი ფიქსირდებოდეს", - ასეთი იყო ამირან შ-ძის პოზიცია.

მაშინ პრობლემების მოგვარებაში გენინსპექცია ჩაერთო. მოკვლევის შედეგად დირექტორი გაათავისუფლეს, რადგან გამოიკვეთა დარღვევები, ამის მერე მიიყვანა ბავშვები მამამ სკოლაში, ერთხანს ატარა, მაგრამ შემდეგ სხვა მასწავლებლის მიმართ გაუჩნდა პრეტენზია, დაბალი ნიშანი დაუწერა ჩემს შვილსო. საქმეში ისევ ჩაერთო გენინსპექცია, მაგრამ არ დადასტურდა რაიმე დარღვევის ფაქტი... უკმაყოფილო მამა ბავშვებს კვლავ აღარ უშვებს სკოლაში. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ბევრჯერ აუხსნეს ბავშვების მამას, რომ პედაგოგების გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ის აზრს არ იცვლის. "მიდიოდნენ სახლში მოსწავლეები, მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, მაგრამ ჭიშკარშიც აღარ უშვებდა... წამოაყენა ულტიმატუმი, გაუშვით მასწავლებლები და მივიყვან ბავშვებსო. ვიღაცის არასწორი მოთხოვნის გამო ხომ ვერ გავუშვებთ მასწავლებლებს, ეს ხომ პედაგოგის უფლების დარღვევაა".

ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს სოცმომსახურების სააგენტოს. უკვე სამი წელია ისინი სასამართლოს გზით ცდილობენ მამა ცოტა ხნით მაინც ჩამოაცილონ ოჯახს და ამ პერიოდში შეძლონ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. დევნოზაშვილების მამას პატიმრობა შეუფარდეს, ამირან შ-ძისთვის კი დროებითი განრიდებაც არ ჩათვალა საჭიროდ სასამართლომ. სოციალური სააგენტო ისევ შეეცდება იბრძოლოს, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ. თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ სექტემბერში სკოლაში მივიდნენ, რადგან ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება ჯერჯერობით ფსიქოლოგებს არა აქვთ.

თეა ხურცილავა