"ბორკილები" აზარტული უბედურებისთვის - კვირის პალიტრა

"ბორკილები" აზარტული უბედურებისთვის

"აბსოლუტური კონტროლი, რა თქმა უნდა, რთულია, განსაკუთრებით - ონლაინსივრცეში, მაგრამ ვფიქრობთ, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ სათამაშო ბიზნესში ჩართული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 70%-ით შემცირდება"

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება და საშემოდგომო სესიაზე განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. საუბარია "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ავტორობით დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და პარლამენტში "გაიჭედა". არადა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დაახლოებით 600 ათასი ადამიანი აზარტულ, განსაკუთრებით ონლაინაზარტულ თამაშებშია ჩართული, როცა მოსახლეობის ჭარბვალიანობისა და გაღარიბების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ონლაინკაზინოებზე დამოკიდებულება სახელდება, ამ ბიზნესის შემოსავალი წლიდან წლამდე კოლოსალურად იზრდება და რამდენიმე მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო ბიუჯეტში მიზერული თანხა შედის, 2015 წლიდან დაპირებული რეგულაციები დღესაც პოლიტიკურ ნებას ელის. აქვე შეგახსენებთ, რომ "პალიტრამედიამ" დაახლოებით სამი წლის წინ უარი თქვა სათამაშო ბიზნესიდან სარეკლამო შემოსავლებზე და სისტემატურად, ყველა თავის მედიაპლატფორმაზე, სოციალური კამპანიით "არ ითამაშო, იცხოვრე!" ერთი მხრივ - ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, ხოლო მეორე მხრივ, თამაშდამოკიდებულ ადამიანებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

სამი წლის წინ დაანონსებული და შარშან ოქტომბერში შექმნილი კანონპროექტის პარლამენტში განხილვის გაჭიანურებამ გააჩინა ლოგიკური ეჭვი, რომ ეს იყო სათამაშო ბიზნესის ლობისტების ქმედების შედეგი. დაახლოებით ერთი თვის წინ კი სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ახლანდელმა მთავრობამ წინამორბედის შექმნილი კანონპროექტი პრობიზნესურობის საბაბით დაიწუნა და ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. საქმეში ჩაერთო საპატრიარქოც. სწორედ მათი რეკომენდაციით გაიზარდა კანონპროექტში მანამდე არსებული ასაკობრივი ცენზი 21-დან 25 წლამდე. ცვლილებების თანახმად, აზარტულ თამაშებში ჩართვა აეკრძალებათ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციარებსაც. ონლაინთამაშებში მონაწილეობისას დაგეგმილია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს მხოლოდ ბანკების საშუალებით და ყველანაირი ფსონი ოფიციალური საბანკო ტრანზაქციით დაფიქსირდეს. ასევე, დაიბლოკება ქართული ბარათების გამოყენებით გარე, უცხოურ საიტებზე ონლაინთამაშები. იგეგმება სათამაშო ბიზნესის გარერეკლამის აკრძალვა რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელისუფლებაში სწორედ სარეკლამო საკითხებთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილზე მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება. ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ რეგულაციები უნდა იყოს ეფექტური და არა - ბევრი, არასისტემური და ქაოსური, რაც დადებით შედეგს არ მოიტანს და სანაცვლოდ ისევ სათამაშო ბიზნესს ახეირებს.

ლევან გოგიჩაიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი: "წინამდებარე კანონპროექტში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ წარმოადგინა ფინანსთა სამინისტრომ, არ ჩანდა სახელმწიფოს დამოკიდებულება სათამაშო ბიზნესისადმი, ეს კი ყველაზე მთავარია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პოლიტიკას წარმართავს სახელმწიფო. ახლა შესული ცვლილებებით სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სერვისი, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოში ჩამოსული უცხოური ვიზიტორები, მაგრამ შიდა ბაზარზე რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება ჩართული აზარტულ თამაშებში, მით უფრო მისაღები იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის. სწორედ ამ იდეის საფუძველზე იგება შემდეგი საკანონმდებლო ბარიერები.

შეიქმნება მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი და ოჯახის წევრს ექნება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა კონკრეტული პირი მოხვდეს მათ ნუსხაში, ვისაც თამაშის უფლება ჩამოერთმევა. ამასთან, თამაშის უფლება ამ პირს სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც შეეზღუდება.

ყველა საჯარო მოხელეს, სანამ საჯარო სექტორში იქნება დასაქმებული, ექნება ვალდებულება, ჩაეწეროს იმ ნუსხაში, ვისაც აზარტულ თამაშებში ჩართვა ეკრძალება.

შეზღუდვები დაწესდება სოციალურად დაუცველი პირებისთვისაც. გვხვდება შემთხვევები, როცა ადამიანები სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული, სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ და აზარტულ თამაშებში ერთვებიან.

ბარიერი იქნება ასაკობრივი ცენზიც. პირვანდელი ვარიანტით შემოთავაზებული იყო 21 წელი, მესამე-მეოთხეკურსელი სტუდენტის ასაკი. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 18-დან 24 წლამდე პირი ამ თვალსაზრისით მოწყვლადია. აზარტულ თამაშებშიც მეტწილად ამ ასაკის ადამიანები არიან ჩართული. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზარდოს.

შეზღუდვები დაწესდება სათამაშო ბიზნესის რეკლამირების ნაწილში. ვფიქრობთ, ამოქმედდეს ისეთივე რეგულაციები, როგორიც დღეს გვაქვს თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამირებასთან დაკავშირებით - ტელეეთერით ღამის 12 საათამდე აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და სპონსორობა. იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. შეზღუდვები დაწესდება ონლაინ- და სხვა სახის მედიაში სათამაშო ბიზნესის რეკლამების განთავსებაზე. გასაგებია, რომ ზოგი კომპანიისთვის ეს, შესაძლოა, მძიმე იყოს ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ერთ მხარეს დგას საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე მხარეს - კონკრეტული ადამიანების კერძო ინტერესი და ერთი მეორეს თავისი მნიშვნელობით ვერ გადაწონის.

ვფიქრობთ, სარეკლამო აბრების რაოდენობა, მასშტაბები და ვიზუალიზაცია შეიზღუდოს სამორინეების განთავსების არეალშიც. პირდაპირ გეტყვით, რომ არა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც სამორინეებში სოლიდურ თანხას ხარჯავენ, შეიძლებოდა, ამ ბიზნესის აკრძალვაზეც გვეფიქრა.

რა თქმა უნდა, იმაზეც ვიმსჯელეთ, რომ ამგვარი შეზღუდვების დაწესების შემდეგ ეცდებიან კანონისთვის გვერდის ავლასაც, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო ვითარებას მკაცრად გააკონტროლებს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის - ელექტრონული მონიტორინგისა და საკონტროლო რეგისტრაცია-თამაშის საშუალებით. ეროვნული ბანკიც გააკონტროლებს ფულად ტრანზაქციებს, მათ შორის იმას, რომ საქართველოს საბანკო ანგარიშებიდან უცხოურ ონლაინკაზინოებში არ ითამაშონ.

აბსოლუტური კონტროლი რთულია, განსაკუთრებით - ონლაინსივრცეში, მაგრამ ვფიქრობთ, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ სათამაშო ბიზნესში ჩართული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 70%-ით შემცირდება.

იმედი გვაქვს, ბევრი ოჯახისთვის პრობლემებით სავსე სტრესული ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

"პალიტრამედია", როგორც უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ჰოლდინგი, თავისი განსაკუთრებული ნაბიჯით მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი დაიწყო თქვენგან, როცა უარი თქვით სათამაშო ბიზნესის რეკლამიდან ძალიან დიდ შემოსავალზე და მას შემდეგ უფრო განვითარდით. თქვენი ნაბიჯი უნდა იყოს სამაგალითო - როცა სხვა მედიასივრცეშიც სათამაშო ბიზნესის მარკეტინგული აქტივობა შემცირდება, ბევრს არაფერს დაკარგავენ, პირიქით, მათ მიმართ ნდობა უფრო გაიზრდება".

ანდრია გვიდიანი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი: "ვფიქრობ, საკითხისადმი მიდგომა არასისტემურია და უპირველესად, ეს რეკლამის შეზღუდვას ეხება. ვერ ვხვდები კანონპროექტის ავტორების ლოგიკას - რატომ მხოლოდ რელიგიური ხასიათის დაწესებულებები და სასწავლებლები, როცა საუბარია სათამაშო ბიზნესის რეკლამირების შეზღუდვაზე. რატომ გამოვყოფთ მხოლოდ სასწავლო და რელიგიურ დაწესებულებებს? ვფიქრობ, ეს არის სპონტანური გადაწყვეტილება და არა - რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი. გასაგებია, რომ მედიასაშუალებებისთვის ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან ბევრი მედიასაშუალებისთვის ძირითადი ფინანსური წყარო სათამაშო ბიზნესიდან შემოსული რეკლამაა, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება რეგულირება, სარეკლამო სივრცეების, არხების შეზღუდვა და ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

რა აზრი აქვს ბარიერების დაწესებას, თუ ამ ბიზნესს ფართო რეკლამირებისა და პროპაგანდირების საშუალებას უტოვებ?!

კიდევ ერთი საკითხია სახელმწიფო მოხელეებისა და ბიუჯეტის ბენეფიციარებისთვის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა. არ მესმის გადაწყვეტილების ლოგიკა - სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციარი, შესაძლოა, იყოს ნებისმიერი კერძო კომპანია, რომელიც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობს ან სახელმწიფო თეატრის მსახიობი, ბალეტის მოცეკვავე, რომელიც ხელფასს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. რატომ უნდა ავუკრძალოთ მათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა? თუ ქაოსურად ვიღებთ მოსახლეობის რაღაც სეგმენტებს და მათ თამაშს ვუკრძალავთ, მაშინ გვითხრან და ამ ლოგიკით მეტალურგებს ან, მაგალითად, დიასახლისებსაც ავუკრძალოთ. იმედი მაქვს, კანონში იქნება უფრო მკაფიო ჩანაწერი, რას გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციარი.

კითხვები მაქვს ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებითაც. არ მახსენდება ქვეყანა, სადაც ეს არის 25 წელი. უნდა აგვიხსნან, რატომ 25 და არა, მაგალითად, 21. ეს ასაკი თავის დროზე იმიტომ კი არ იყო შემოთავაზებული, რომ კარგად ჟღერს, არამედ იმიტომ, რომ ამ ასაკში ადამიანი პიროვნულად ყალიბდება და ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც.

კარგია, რომ სახეცვლილ კანონპროექტში კვლავ რჩება ის ძირითადი საკითხები, რაც ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნა და რეკომენდაციაც იყო... ეს ყველაფერი ბარიერებს შეუქმნის თამაშდამოკიდებულ ადამიანებს და ამ საქმიანობას უფრო გამჭვირვალეს გახდის, მაგრამ ძნელი სათქმელია, შეამცირებს თუ არა მოთამაშეთა რაოდენობას, რადგან კვლავ რჩება ხვრელები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ კანონს და ისე ითამაშონ. მაგალითად, არსებობს რისკი, რომ ითამაშონ სხვისი ანგარიშის გამოყენებით.

ასევე საინტერესოა, როგორ წარიმართება მოთამაშეთა რეგისტრაცია. ჩვენი ინიციატივით, მოთამაშე ფიზიკურად უნდა მისულიყო შესაბამის უწყებაში და რეგისტრაცია გაევლო, რადგან ელექტრონული ფორმით რეგისტრაციას საფრთხე ახლავს. ეს ეხება მოთამაშის იდენტიფიცირებისა და უსაფრთხოების საკითხებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა ზუსტად ვიცოდეთ აზარტულ თამაშებში ჩართული პირების ვინაობა.

ძალიან მომწონს ქართული ბარათების მფლობელებისთვის უცხოურ საიტებზე თამაშის აკრძალვა, რადგან საქართველოდან ძალიან დიდი თანხა გაედინება და მას შემდეგ, რაც რეგულაციები ამოქმედდება, უცხოურ საიტებზე თამაშის მსურველთა რაოდენობაც უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ამ საფრთხეს კონტროლის ქმედითი მექანიზმები უნდა დავუპირისპიროთ, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ".

ემა ტუხიაშვილი