საგანგაშო სტატისტიკა - დანაშაულის მაჩვენებელი 55.81 %-ითაა გაზრდილი
21-08-2018
საგანგაშო სტატისტიკა - დანაშაულის მაჩვენებელი 55.81 %-ითაა გაზრდილი
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55.81%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 33 054 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 21 214 დანაშაულია რეგისტრირებული.

ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა. 2017 წლის იანვარ-ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 53.82%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა
36.67%-ია გახსნილი.

2018 წლის იანვარ-ივლისში ჩადენილია: სიცოცხლის წინააღმდეგ 1355 დანაშაული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 222 დანაშაული, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 1476 დანაშაული, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 39 დანაშაული. ამასთან, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულთა არცერთი მათგანი გახსნილი არ არის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით