"ორი წელი ქალაქის პოლიციის შენობის გვერდით ვიმალებოდი" - კვირის პალიტრა

"ორი წელი ქალაქის პოლიციის შენობის გვერდით ვიმალებოდი"

"უგონოდ მთვრალმა კვირაიამ ექვსი ახალგაზრდა დახვრიტა"

"პოლიციის გენერალი ძებნილი გავხდი. საზოგადოება პრინციპულ კაცად მიცნობდა, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებისა და მკვლელობისათვის მეძებდნენ. თავის მოკვლა გადავწყვიტე. ის იყო, სასხლეტზე ხელი უნდა გამომეკრა, რომ უცებ ერთმა აზრმა  გამინათა გონება, - ამით ხომ უმძიმეს ბრალდებებს შვილებს დავუტოვებ შავ ლაქად-მეთქი", - მეუბნება პოლიციის გენერალ-მაიორი, ერთ დროს თბილისის პოლიციის შეფი და საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზეიკიძე, რომელსაც თავისი საქმიანობიდან საინტერესო ეპიზოდების გახსენება ვთხოვე:

- 1992-94 წლების თბილისში შეიძლებოდა პოლიციის შეფი ფრთიანი ანგელოზი ყოფილიყო? გულითაც რომ მნდომოდა, უცოდველი და მით უმეტეს, შეუმცდარი ვერ ვიქნებოდი. მაშინ ისეთი ქაოსი და განუკითხაობა იყო, იმდენი შეიარაღებული თავზე ხელაღებული დადიოდა თბილისში, თეთრი ხელთათმანებით ვერ ვიბრძოლებდი.

როდესაც ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი თემურ ხაჩიშვილი დაინიშნა შს მინისტრად, ითქვა,  შს ორგანოებში დავით ზეიკიძის ზეობა დამთავრდაო. ეს ხმა ჩემამდე რომ მოვიდა, მივხვდი, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამომება, მაგრამ ყოველთვის ვერ გათვლი, საიდან მოდის საფრთხე.

ერთ დღეს მორიგემ შემატყობინა, კრწანისში ბაგრატიონის ძეგლის მარჯვენა მხარეს მდებარე კორპუსში გვარამიას ბინას სამი ბოროტმოქმედი  დაესხა თავსო. პოლიციას ყაჩაღებმა ცეცხლი გაუხსნეს. კორპუსი ალყაში მოექცა. ყაჩაღებმა მძევალ ქალთან ერთად ალყიდან უსაფრთხოდ გასვლა მოითხოვეს. ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან იმ ადგილას უკვე 2000-მდე სხვადასხვა ჯურის შეიარაღებულს მოეყარა თავი. ვინმე არაკეთილმოსურნე პროვოკაციით სულ ადვილად ჩაშლიდა ოპერაციას.

ჩემი წინადადება იყო, ყაჩაღები ბინაშივე აგვეყვანა, მაგრამ ეს იდეა არ მიიღეს. საბოლოოდ, მე და დემურ მიქაძეს დაგვევალა ყაჩაღებისა და მძევლის უსაფრთხოდ ავტოსადგომამდე მიცილება. როდესაც ყაჩაღები მძევალთან ერთად ავტოსადგომიდან მანქანით გამოგვყავდა, ვიღაცამ ისროლა, ერთ გასროლას სხვებიც მოჰყვა. ავტოსადგომიდან 150 მეტრში ყაჩაღების მანქანა აფეთქდა. ერთმა გვარდიელმა მოასწრო მოკლული მძევლის გადმოყვანა, სამი ყაჩაღი კი ავტომობილში ჩაიწვა.

თემურ ხაჩიშვილმა სამინისტროს პრესცენტრის გადაღებული ვიდეომასალა რომ ნახა, ჯოხის გადატეხა ჩემზე მოინდომა. მისი პრესცენტრის უფროსი მეუბნებოდა, თქვენი ავტომატის ხმა ისმისო. კი მაგრამ, როგორ გაარჩიეთ ჩემი ავტომატის ხმა, კადრში კარგად ჩანს, რომ როდესაც გასროლის ხმა ისმის, ჩემი ავტომატის ცეცხლის ალი არ ჩანს. ხაჩიშვილს გადაეცი, შანტაჟის მოწყობას ტვინი სჭირდება, რომელიც არა გაქვს-თქო.

ხაჩიშვილმა, თბილისის მერმა კოტე გაბაშვილმა, მინისტრის მოადგილე მიშა ოსაძემ და სახელმწიფო მეთაურის მრჩეველმა დავით სალარიძემ ღამის 2 საათზე დაითანხმეს შევარდნაძე, რომ თანამდებობიდან გავეთავისუფლებინე. ამ უსამართლობამ გააღიზიანა პოლიციელები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამმართველოს ეზოში მიტინგები დაიწყო. განსაკუთრებით აქტიურობდა ედპ და მისი ლიდერი გია ჭანტურია. იქ იყო ნოდარ ნათაძეც. შევარდნაძის მითითებით ხაჩიშვილმა უკან დაიხია.

- ბაგრატიონის ძეგლთან მომხდარზე  ამბობენ, როდესაც შს სამინისტროს პრესცენტრის გადაღებული ფირი თბილისის პროკურორმა მიშა ქურდაძემ ნახა, თქვა, ზეიკიძე  მკვლელიაო. ამის გამო ზეიკიძემ გულში წყენა ჩაიდო და პროკურორი მოაკვლევინაო.

- მეტსაც გეტყვით, ერთხელ თანამშრომელმა მითხრა, თქვენზე ხმას ავრცელებენ, რაც თბილისში მკვლელობები ხდება, ყველა ზეიკიძის ორგანიზებულიაო.

ამ ბრალდებების გამო საპარლამენტო კომისია შეიქმნა მიშა ოსაძის ხელმძღვანელობით და დაადგინა, რომ ქურდაძის, ისევე როგორც გია გულუას მკვლელობასთან კავშირი არ მქონდა.

- რამდენადაც ვიცი, არც შოთა კვირაიასთან გქონდათ ტკბილი ურთიერთობა.

- კვირაია მინისტრად რომ დანიშნეს, ვუთხარი, შენს წინამორბედ ხაჩიშვილთან უსიამოვნება მომივიდა, უთანხმოება მაქვს გულუასთან, "მხედრიონსა" და გვარდიის ზოგ თანამდებობის პირთან და შენთან აღარ მაწყობს დაპირისპირება. შენ მინისტრი ხარ, მე - მოადგილე. რასაც მიბრძანებ, შევასრულებ-მეთქი. კვირაიამაც, - ძმები ვიყოთო, მაგრამ მეორე დღეს შემატყობინეს, ტელეფონები ჩაგირთო მოსასმენადო.

ეს შევარდნაძესთან გავაპროტესტე. მაშინვე დაურეკა მინისტრს, - შოთა, ზეიკიძეს თავი დაანებეო. კვირაიამ თითქოს უკან დაიხია, მაგრამ ჩემს სახლთან ორი ეკიპაჟი ისევ იდგა. ამის გამო კვირაიასთან უსიამოვნო საუბარი მქონდა. ისევ მივედი შევარდნაძესთან, რომელმაც კვირაია კვლავ მკაცრად გააფრთხილა, მაგრამ მაინც არ მანებებდა თავს.

კვირაია თავის დროზე კანონიერი ქურდის, გივი ბერაძისა და ჯაბა იოსელიანის რეკომენდაციით დაინიშნა თანამდებობაზე. გივი ბერაძე, იგივე "შრამიანი გივი" მოსკოვში ცხოვრობდა და უცნაურად გაქრა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამბობდნენ, კვირაიამ მოატაცებინა, რადგან არ უნდოდა მასთან ვალში ყოფილიყოო.

ერთ დღეს რეგიონებში კრიმინოგენული ვითარებით შეწუხებულმა შევარდნაძემ დამიბარა. თბილისს, ასე თუ ისე, ვაკონტროლებთ, იქნებ მოიფიქრო, რეგიონებს როგორ დავეხმაროთო. ორი დღის შემდეგ შევარდნაძესთან მომზადებული გეგმით გამოვცხადდი.

რადგან შევარდნაძემ ჩემი გეგმა მოიწონა, შს მინისტრმა იეჭვიანა, თანამდებობის დაკარგვის შიშმა მეტისმეტად გააბოროტა. დამნაშავეებთან ბრძოლის ჩემი გეგმა მიითვისა და მის შესრულებას თავად შეუდგა. რატომღაც შევარდნაძესაც აღარ გაახსენდა, რომ ამ გეგმის სულისჩამდგმელი მე ვიყავი.

KvirisPalitra.Geროგორი შს მინისტრი იყო შოთა კვირაია, ამის საილუსტრაციოდ ერთ ამბავს მოგიყვებით; ერთ დღეს აღელვებულმა დამირეკა პოლკოვნიკმა თორნიკე აფაქიძემ, თანამდებობიდან მომხსნეს, კვირაიამ მითხრა, არა ხართ მეგრელების დაწინაურების მომხრეო. აფაქიძესთან ერთად კვირაიასთან მივედი, მაგრამ მინისტრმა ამჯერად სხვა მიზეზი დაასახელა. აფაქიძის დანიშვნის მოწინააღმდეგე "მხედრიონია", 250 ათას დოლარს ითხოვენ, რომ თანამდებობაზე დაბრუნდეს.

თუ თანხას არ გადაუხდის "მხედრიონს", ვერაფრით დავეხმარები. ისე, შემიძლია გიშუამდგომლო, რომ თანხა შეგიმცირონო. ამის გაგონებამ გადამრია. ბატონო შოთა, შენს თანამშრომელს "მხედრიონი" ფულს აწერს და ამაში ხელს უწყობ? ეს რომ სხვას ეთქვა, არ დავიჯერებდი. თუ ამ მეთოდებით აპირებთ მუშაობას, თქვენთან ურთიერთობა გამიჭირდება-მეთქი.

ვიცოდი, კვირაია ადრე თუ გვიან, დიდ შეცდომას ჩაიდენდა. ასეც მოხდა, 1993 წლის 7 ნოემბერს უგონოდ მთვრალმა ზუგდიდში ექვსი ახალგაზრდა დახვრიტა, მათგან ერთი 14 წლის იყო. ამას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა - პოლიციელები, სპეცრაზმელები, ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ პროკურატურა თითქოს დაბრმავდა, დაყრუვდა და ამდენ თვითმხილველში მოწმე ვერ მოძებნა.

კვირაიასთან განხეთქილების საბოლოო მიზეზი კასპის მილიციის უფროსი თემურ დვალიშვილი გახდა. მთაწმინდაზე ოთხმა ბიჭმა ორი გოგონა გააუპატიურა და მოკლა. სამი დავიჭირეთ, ერთი - გაიქცა. გაქცეული კასპელი ყოფილა. დავადგინეთ მისი ადგილსამყოფელი და მილიციის უფროს თემურ დვალიშვილს დავურეკე, მკვლელი  ამა და ამ  სახლში იმალება და სასწრაფოდ დააკავეთ-მეთქი. სახლს ალყა შემოარტყეს.

თემურ დვალიშვილი თავის მოადგილესთან ერთად შევარდა სახლში,  მაგრამ მკვლელი ფანჯრიდან გადახტა და  ხელყუმბარა ესროლა მილიციელებს. დვალიშვილი და მისი მოადგილე მძიმედ დაიჭრნენ, გაქცეული დამნაშავე კი მოკლეს. ერთი თვის მერე გამოვიდნენ საავადმყოფოდან კასპის მილიციის უფროსი და მისი მოადგილე  და უცებ კოლეგიაზე გაიტანეს დვალიშვილის საკითხი, - კასპის რაიონში კრიმინოგენული ვითარების გაუარესების გამო მილიციის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლების საკითხი დაისვასო.

გადავირიე! 1993 წელს ვინმეს დანაშაული უკვირდა?! თბილისის ქუჩებში ხალხი "მუხებით" დადის და კასპში დაინახეთ კრიმინოგენული ვითარების გაუარესება, არ გრცხვენიათ, კაცს ჯილდო უნდა მისცეთ და  ხსნით. ვიცი, 25 ათასი დოლარი აქვთ აღებული იმისგან, ვისი დანიშვნაც უნდათ-მეთქი. მაგარი ჩხუბი მომივიდა კვირაიასთან და ისევ დამიჭირა მხარი შევარდნაძემ. მაშინ დვალიშვილი და მისი მოადგილე გადარჩნენ, მაგრამ კვირაია საბოლოოდ გადამეკიდა.

რაკი მართლმსაჯულებას გადაურჩა კვირაია, უფრო გათავხედდა. ყველა მოადგილე გაანაწყენა. ერთ დღეს დემურ მიქაძემ, ჯიმი მიქელაძემ და დათო მგელაძემ სოფელ მუხრანში მომაკითხეს. ჯიმი მიქელაძე სამსახურში (მაშინ მინისტრის I მოადგილე იყო) რომ მისულა, თავის კაბინეტში გია გულუა დახვედრია. გულუა მის ადგილზე ისე დაენიშნათ, მიქელაძემ არაფერი იცოდა. შევარდნაძესთან წავედით და ყველაფერი მოვუყევი.

მიქელაძე, მგელაძე და მიქაძე უცნაურად გაჩუმდნენ, არადა, ჩემთან რაღას არ ამბობდნენ კვირაიაზე. ყველას სათქმელი ჩემს თავზე ავიღე და შევარდნაძეს ვთხოვე, - კვირაია მოგვაშორეთ-მეთქი. შევარდნაძემ, დრო მომეცი, მოვიფიქრებო. ამასობაში შს მინისტრად  კვირაიას დანიშვნაზე პარლამენტში კენჭისყრა დაინიშნა.

გადავწყვიტე, პარლამენტისთვის მეცნობებინა პოლიციის პირადი შემადგენლობის თხოვნა, მინისტრის თანამდებობაზე კვირაიას კანდიდატურის განხილვასა და მით უფრო, მინისტრად დამტკიცების მიზანშეუწონლობაზე. იმელში ჩემს ორ მოადგილესთან ერთად შევედი. შევარდნაძესთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ ამასობაში პარლამენტმა კვირაიას კანდიდატურა სასწრაფოდ დაამტკიცა.

მოულოდნელად იმელში პოლიციელები შემოცვივდნენ. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. როგორც მითხრეს, რესპუბლიკის მოედანზე მყოფი პოლიციელებისთვის ვიღაცას უთქვამს, იმელში ზეიკიძეს მხედრიონელებთან მოუვიდა შეხლა-შემოხლაო, და პოლიციელები ჩემს დასაცავად წამოსულან. ეს შევარდნაძემ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ჩათვალა.

პარლამენტის სხდომის შესვენებაზე მითხრა, უმართავი ხარო და თავისი კაბინეტისაკენ გაემართა. შევარდნაძეს ვკითხე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მოტივით დაპატიმრებას ხომ არ მიპირებთ? ცუდის გაკეთება არ მინდოდა, რადგან ჩემი არ გჯერათ, საკუთარი  სურვილით ვტოვებ თბილისის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობას-მეთქი. პარლამენტმა ჩემი საკითხი განიხილა და თანამდებობიდან გამათავისუფლეს.

ამ ამბიდან 21-ე დღეს რომან გვენცაძის დისშვილმა, ბაკურ ლალიაშვილმა დამირეკა, რამდენიმე წუთის წინ გია გულუა თავის სახლთან დაცვასთან ერთად ჩაცხრილესო.

გია გულუასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვიყავი გადაკიდებული და მაშინვე ვიეჭვე, რომ მის მკვლელობასაც მე დამაბრალებდნენ. ასეც მოხდა, კვირაიამ გულუას მკვლელობაში მონაწილეობა  დამაბრალა და სავარაუდო ეჭვმიტანილებიც დააკავა. მე ვერ მომწვდნენ, რადგან 2 წელი ვიმალებოდი.

- სად იმალებოდით?

- თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობის გვერდით, ყველაზე უხიფათო ადგილას ვიმალებოდი. სწორედ ჩემმა მაშინდელმა მდგომარეობამ მაფიქრებინა თავის მოკვლა. მხოლოდ იმან შემაფერხა, რომ ამის შემდეგ გულუასა და ქურდაძის მკვლელობებს მე მომაწერდნენ. გადავწყვიტე, ბოლომდე მებრძოლა. ვიდეოფირზე აღსარება ჩავწერე და გაზეთში გამოსაქვეყნებლად ვაჟა ადამიას გავუგზავნე. ჩემი აღსარების გამოქვეყნებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ხალხი ამბობდა, ზეიკიძე მართალი ყოფილაო.

გადავწყვიტე, ჩემი სიმართლე სასამართლოშიც დამემტკიცებინა და ერთ დღესაც ადვოკატ შალვა რჩეულიშვილთან მივედი წვერმოშვებული, მაფიოზივით შავ სათვალესა და შლაპაში. სანამ არ ვუთხარი, ვინც ვიყავი, შალვამ ვერ მიცნო. ვილაპარაკეთ.

შალვამ ჩემს ადვოკატობაზე უარი თქვა, ვახტანგი მთავრობაშია და გვერდით რომ დაგიდგე, მაღალი რანგის ჩინოვნიკები დაუპირისპირდებიან, ცოტა მოიცადე და ყველაფერი შეიცვლებაო. არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. მალე გია გულუასა და მიშა ქურდაძის მკვლელობაზე დაკავებულ ჩემს თანამშრომლებს ბრალი მოუხსნეს და გაათავისუფლეს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

მარი ზანდუკელი