წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელს აგზავნის - კვირის პალიტრა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელს აგზავნის

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელს აგზავნის. როგორც "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, "ტატუნაშვილების ოჯახის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შედის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში".

"სარჩელი შედის სხვადასხვა მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ევროკონვენციის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების უფლება. ასევე, მერვე მუხლი-პირადი და ოჯახის უფლება და მეცამეტე მუხლი, რაც არის ეფექტური გამოძიების დარღვევა. სარჩელს მთავარ მტკიცებულებად მიჰყვება დასკვნა, რომელიც მომზადებულია "ემპათიას" 10 სხვადასხვა ექსპერტის მიერ",-განაცხადა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.

არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.