67 წლის მამაკაცი, რომელსაც ტრაქტორი დაეჯახა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

67 წლის მამაკაცი, რომელსაც ტრაქტორი დაეჯახა, გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია "აგროჯორჯიას" თხილის პლანტაციაში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს ტრაქტორი დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

"წლებია იქ მუშაობს. ასეთი მუშა იქ არ ჰყავდათ. სხვის საქმესაც ის აკეთებდა. ვიდეოკამერიდან დაინახავდნენ, რა მოხდა. 20-წუთიანი შესვენება ყოფილია. მამაკაცები წასულან, ამას კი თავისი ურიკა მიჰქონდა. შიგნით ტრაქტორები ისე დარბიან, ამხელა კაცი ვერ დანახა, გაიარა უცებ და რა მოხვდა არ ვიცი, ადგილზე გარდაიცვალა“, - ამბობს გარდაცვლილის და.

"ინტერპრესნიუსი“ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათ უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. "სამწუხაროდ გვაქვს უბედური შემთხვევა, მაგრამ არის გაურკვევლობა. არაფერი ვიცით. ადგილზე არ ვიყავი და ახლა მივდივარ, რომ მეც გავერკვე სიტუაციაში“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. თავად კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.