ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის მონაწილე 23 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზემოქმედებით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის მონაწილე 23 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზემოქმედებით გარდაიცვალა

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES -ის ერთი მონაწილე, 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის ფესტივალის ტერიტორიაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაცსაავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა გზაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი  ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ამასთანავე, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. გავრცელებული ვერსიით, ქალ-ვაჟი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა.

როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მოწამლული იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჩატარებული მკურნალობის შედეგად გამომჯობინდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"ანაკლიის ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა. მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო. გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნელობის შემდეგ გაუმჯობესდა და ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ორჟონიამ.

ანაკლიის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, შარშან 4 აგვისტოს ანაკლიაში მიმდინარე მუსიკლაურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" 21 წლის ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა.  გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

იხილეთ ასევე: "პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი"