გარდაცვლილი ახალგაზრდა ანაკლიაში სამტრედიიდან ჩავიდა - რა მოხდა ფესტივალზე?! - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი ახალგაზრდა ანაკლიაში სამტრედიიდან ჩავიდა - რა მოხდა ფესტივალზე?!

ანაკლიაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ECHOWAVES -ი, რომელიც 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.

მიუხედავად ფესტივალის სახელისა და ორგანიზატორთა შეცვლისა, სამწუხაროდ, ღონისძიება არც წელს დასრულებულა მსხვერპლის გარეშე.

24 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე 23 წლის ბიჭი ცუდად გახდა, თვითმხილველთა თქმით, მას ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხრეხდა, ბიჭი გზაში გარდაიცვალა.

კლინიკის ექიმების თქმით, საავადმყოფოში უკვე ცხედარი შეიტანეს. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ძალოვნები ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზზე არ საუბრობენ და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და სპეციალისტები დაადგენენ სიკვდილის მიზეზს.

მართალია, ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ ბიჭის დაღუპვის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება გახდა. ბიჭთან ერთად იმ დღესვე ცუდად გახდა ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ მას გაუმართლა, დროზე აღმოჩნდა კლინიკაში და მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია აცხადებს, რომ ახალგაზრდა გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. მიეივე თქმით, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გოგონა კლინიკიდან უკვე გაწერეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა გარდაცვლილი ბიჭის მეგობარია. როგორც გავარკვიეთ გარდაცვლილი ახალგაზრდა ანაკლიაში, მეგობრებთან ერთად, სამტრედიიდან ჩავიდა. 23 წლის გიორგი ნიშნიანიძეს პროზექტურიდან სახლში გადაასვენებენ.

ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს ანაკლიაში, გელა ლემონჯავა ამბობს, რომ მომხდარზე არაფერი იცის. "იქაურობა დახურულია, შიგნით რა მოხდა ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გარედან ვადევნებთ თვალს რა ხდება. მეც გავიგე, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა. პოლიცია მუშაობს და მას ექნება უფრო მეტი ინფორმაცია, მე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ შეხება არ გავქვს ამ ფესტივალთან. როგორც ვიცი, იქ ყველანაირი კონტროლი ხდება, მაგრამ რა მოხდა, ვერ გეტყვით",- გვითხრა ლემონჯავამ.

პრობლემა რომ არსებობს და ნარკოტიკები რომ შედის ფესტივალის ტერიტორიაზე, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს გატარებული ღონისძიებებიც ადასტურებს.

მას მერე, რაც ახალგზრდის გარდაცვალების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, ძალოვნებმა ნარკოდამნაშავეების დაკავების თაობაზე გაავრცელს ინფორმაცია.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: "სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ. სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოღეს და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. მართალია ეს ადამიანები დააკავეს, თუმცა როგორც ჩანს, ახალგაზრდებისთვის ეს ნარკოტიკი ხელმისაწვდომი მაინც გახდა. იმედია ძალოვნები სხვების გამოვლენაზე იმუშავებენ და დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა შედეგი უმძიმესია, ჩვენი ახალგაზრდობა ეწირება ყოველდღე ამ ნარკოტიკებს და არაერთი ოჯახია გაუბედურებული".

შეგახსენებთ, შარშან 4 აგვისტოს ანაკლიაში მიმდინარე მუსიკლაურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" 21 წლის ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა. გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

იხილეთ ასევე: "გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი, ის წარმატებული სტუდენტი გახლდათ... საუკეთესო მეგობარი აღარ გვყავს"

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)