"გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი, ის წარმატებული სტუდენტი გახლდათ... საუკეთესო მეგობარი აღარ გვყავს" - კვირის პალიტრა

"გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი, ის წარმატებული სტუდენტი გახლდათ... საუკეთესო მეგობარი აღარ გვყავს"

ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 24 აგვისტოს დაღუპული 23 წლის ახალგაზრდა სამტრედიელი გიორგი ნიშნიანიძეა. გიორგის ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. იგი თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწავლას წელს ამთავრებდა. როგორც ირკვევა, გიორგი მეგობრებთან ერთად ჩავიდა ანაკლიაში ფესტივალზე და იქ ცუდად გახდა. მართალია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზზე არავინ საუბრობს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, მაგრამ ერთადერთი ვერსია განიხილება, სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება იყო.

ამ ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ მასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს ახალგაზრდა გოგონაც, რომელსაც დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ანალოგიური ნივთიერება ჰქონდა ნიშნიანიძესაც მიღებული. გოგონა ექიმებმა გადაარჩინეს და ის უკვე სახლში გაწერეს. ჩვენი ინფორმაციით, მან გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. ალბათ გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრების ჩვენებები დაეხმარება გამოძიებას დეტალების გარკვევაში. იმედია, მომხდარი ტრაგედიის რეალური მიზეზი გაირკვევა, ჯერჯერობით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

23 წლის გიორგი ნიშნიანიძის ცხედარი ზუგდიდიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

უმძიმესი მდგომარეობაა ნიშნიანიძეების სახლში. იქ უამრავი ადამიანია შეკრებილი და მომხდარით შეძრულები არიან.

"ექსპერტიზაზეა ჯერ კიდევ გიორგი და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ვერაფერს გეტყვით მომხდარზე. ყველანი შოკირებულები და გაოგნებულები ვართ. გიორგი გამორჩეული ახალგაზრდა იყო, კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი. ვინც მას იცნობდა, ყველა თავზარდაცემულია. ძალიან წარმატებული გახლდათ. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა და წინ საინტერესო ცხოვრება ელოდა.

სამტრედიაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ბოლო ხანს თბილისში იყო ძირითადად, რადგან იქ სწავლობდა. მისი ოჯახი კი სამტრედიაში ცხოვრობს. გამორჩეული ოჯახის შვილია. დედამისი მე-12 სკოლის დირექტორი იყო, ამავე სკოლა დაამთავრა გიორგიმაც. მას ჰყავს უფროსი ძმა.

ახლახან დაიწყო მუშაობა, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო ამ ამბით დედამისი. ოჯახიც არ ჰქონდა შექმნილი. დედამისი ხარობდა, სამსახურიც დაიწყო და თავის თავს მიხედავსო. ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ, ყველას რომ უანგაროდ ედგა გვერდში ყოველთვის, ასეთი კაცი იყო. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, სულ ჩამოდიოდა სამტრედიაში. შოკირებული ვარ.

დედამისი გერმანულის სპეციალისტია, როგორც უკვე გითხარით, სამტრედიაში სკოლის დირექტორი იყო, მერე რაღაც პროგრამით გაიმარჯვა და წავიდა გერმანიაში სამუშაოდ, იქ ასწავლიდა კოლეჯში გერმანულს. ერთი წელი არ არის რაც წასულია აქედან, ახლა აქ არის ჩამოსული და თავს ამხელა ტრაგედია დაატყდა. გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი და რა მოხდა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს ტრაგედია ყოვლად აუხსნელი და მოულოდნელია.. დაველოდოთ ექსპერტიზას. ძალიან მხიარული, სიცოცხლით სავსე, საუკეთესო მეგობარი აღარ გვყავს", - გვითხრა გიორგის მეგობარმა.

რაც შეეხება ფესტივალის ორგანიზატორებს, ისინი ჟურნალისტებთან განმარტებებს არ აკეთებენ. ოფიციალური განცხადება გაავრცელეს მხოლოდ და განმარტეს, რომ ისინი ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ მომხდარის მიზეზების დასადგენად.

"Echowaves Festival"-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. "Echowaves Festival" თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართოთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს ან "SAFEWAVES"-ს და "მანდალას" მოხალისეებს", - ნათქვამია განცხადებაში.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)