ანაკლიის ფესტივალი ყოველწლიურ ტრაგედიად იქცა - კვირის პალიტრა

ანაკლიის ფესტივალი ყოველწლიურ ტრაგედიად იქცა

"წამლის ბარიგები ასეთ ფესტივალებზე მრავლად არიან"

ანაკლიაში რამდენიმე წელია ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება. ფესტივალი წელს 23 აგვისტოს გაიხსნა და 26 აგვისტოს დაიხურა. ტურიზმის დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ანაკლიის ფესტივალი ტრაგედიასთან ასოცირდება - ყოველ წელს იღუპებიან ახალგაზრდები და მიზეზად ნარკოტიკები სახელდება. ვერც წელს მოხერხდა ტრაგედიის აცილება - ანაკლიაში გასართობად ჩასული 23 წლის გიორგი ნიშნიანიძე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, უცებ ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა იქამდე ვერ მიაღწიეს...

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გიორგი ნიშნიანიძის ცხედარი ზუგდიდის საავადმყოფოდან ქუთაისში, პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და სიკვდილის ზუსტი მიზეზიც დადგინდება, თუმცა

როგორც ამბობენ, ბიჭის დაღუპვის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება იყო. სამწუხარო რეალობაა, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მყოფებისთვის ნარკოტიკები ხელმისაწვდომია. ამის დასტურია ისიც, რომ 24 აგვისტოს ცუდად გახდა ერთი გოგონაც. საბედნიეროდ, მას გაუმართლა, დროზე აღმოჩნდა კლინიკაში და გადაარჩინეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია აცხადებს, რომ გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სამტრედიელია. იგი თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობდა და თბილისიდან მეგობრებთან ერთად ჩავიდა სამეგრელოში.

ჩვენ დავუკავშირდით მერიის წარმომადგენელს ანაკლიაში გელა ლემონჯავას: - იქაურობა დახურულია, შიგნით რა მოხდა, არ ვიცი. ჩვენ მხოლოდ გარედან ვადევნებთ თვალს. მეც გავიგე, რომ ახალგაზრდა გარდაცვლილა. პოლიცია მუშაობს და მას ექნება უფრო მეტი ინფორმაცია, მე ვერაფერს გეტყვით.

ფესტივალის ტერიტორიაზე რომ ნარკოტიკები შედის, შსს-ს ღონისძიებებიც ადასტურებს. ძალოვანებმა გამოავლინეს კიდეც დამნაშავეები.

როგორც შსს-დან გვაცნობეს, სამართალდამცავებმა სოფელ განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დაწყების პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და 1980 წელს დაბადებული ბ.კ.

სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

" გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი"

23 წლის გიორგი ნიშნიანიძის ცხედარი სამტრედიაში, მის მშობლიურ სახლში გადაასვენეს. "ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ყველანი გაოგნებული ვართ, გიორგი გამორჩეული ახალგაზრდა იყო, კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე... თბილისში სწავლობდა - კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ბევრი გეგმა განუხორციელებელი დარჩა. გამორჩეული ოჯახის შვილია. გიორგის ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ძალიან გახარებული იყო ამ ამბით დედამისი. ბიჭი ახლა იწყებდა ცხოვრებას და ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვეთ. დედამისი გერმანულის სპეციალისტი და სამტრედიაში სკოლის დირექტორია. რაღაც პროგრამით გერმანიაში სამუშაოდ გაუშვეს და იქ ასწავლიდა კოლეჯში. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და თავს ამხელა ტრაგედია დაატყდა. გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი და რა მოხდა, არ ვიცით, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ვერავის ვერაფერს ვეკითხებით, ისე ვართ შეძრული", - ამბობს გიორგის მეგობარი.

"ეს ჩემთვის ყველაზე უბედური დღეა"

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია ნიშნიანიძეების ოჯახთან მეგობრობდა. ის სოციალური ქსელით გამოეხმაურა გიორგის დაღუპვას და ასეთი პოსტი დადო: "ეს ჩემთვის ყველაზე უბედური დღეა - ყველაზე ახლო მეგობრის შვილი, ჩემი სტუდენტი დავკარგე დღეს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიჭირს დღეს სამტრედიაში ჩასვლა".

"ალბათ, ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლიც მიიღო"

ფესტივალის მონაწილე, ფაქტის თვითმხილველი ამბობს, რომ ბიჭი მოულოდნელად გახდა ცუდად, თუმცა მიზეზზე არ საუბრობს: "ვცეკვავდით, უცებ ატყდა ჩოჩქოლი, რომ ბიჭი შეუძლოდ გახდა. მოვიდა "სასწრაფო" და მალე წაიყვანეს. თან პოლიციაც მიჰყვებოდა, მისდევდა ხალხიც, მგონი მეგობრები იყვნენ. მერე მეორე "სასწრაფოც" გამოჩნდა, თქვეს რომ გოგოც ცუდად გახდაო. რომელი ნარკოტიკი მოიხმარეს, ჩემთვის უცნობია. ალბათ, იმ ბიჭმა ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლიც მიიღო..."

"ფესტივალის ორგანიზატორები მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას!"

ფესტივალის ორგანიზატორები ჟურნალისტებთან განმარტებებს არ აკეთებენ. ორგანიზატორებმა მხოლოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და განმარტეს, რომ ისინი ყველა უწყებასთან თანამშრომლობენ მომხდარის მიზეზის დასადგენად: "Echowaves Festival"-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს... ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს ან "SAFEWAVES"-ს და "მანდალას" მოხალისეებს".

"ახალგაზრდებმა არ იციან, რას მოიხმარენ"

ამ ფესტივალზე რომ ნარკოტიკს მოიხმარენ ახალგაზრდები, ბევრჯერ თქმულა. ანალოგიური პრობლემაა ღამის კლუბებში, სადაც სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით გაბრუებულ უამრავ ახალგაზრდას ნახავთ. ახალგაზრდები არც მალავენ, რომ სტიმულატორების შეძენა იოლად შეიძლება.

თათა ასათიანი, ნარკოლოგი: - მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნარკოტიკები ხელმისაწვდომია. არალეგალურ ბაზარზე გავრცელებულია თითქმის ყველა სახის, თითქმის ყველა ჯგუფის დიზაინერული ნარკოტიკი. სინთეზური ნარკოტიკები შედარებით ახალია და მზარდი საფრთხის შემცველია. მეორე პრობლემა ის არის, რომ ძალიან დიდია ნარკოტიკების მოთხოვნა. საზოგადოებას ნარკოტიკების შესახებ არ აქვს ადეკვატური ინფორმაცია. არ იციან, რა ჯგუფის ნარკოტიკს მოიხმარენ, არ იციან სხვადასხვა ნარკოტიკის კომბინირება, ვერ აკონტროლებენ დოზებს, სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ვიღებთ ლეტალურ შედეგს.

- ამ ფესტივალზე ყოველ წელს იღუპებიან ახალგაზრდები. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგედიები?

- როგორც ვიცი, იყო იდეა, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე გახსნილიყო ლაბორატორიები, სადაც მომხმარებლები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ჩააბარებდნენ მათი შემადგენლობის გასარკვევად. ეს იდეა იყო და აქციეს თუ არა საქმედ, არ ვიცი. ფაქტია, წელსაც დაიღუპა ახალგაზრდა. რა ნარკოტიკი მიიღო, ამის თქმა შეუძლებელია. ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

"ამ საქმეს დაჭერებით არაფერი ეშველება"

მირიან ნიკოლაძე, იურისტი: - საუბრებით ნარკოტიკების მომხმარებლებთან ვერაფერს გავხდებით. ეს უფრო განათლების პრობლემაა. ამ საქმეს დაჭერებით არაფერი ეშველება. ფესტივალებსა და ღამის კლუბებს მკაცრი კონტროლი სჭირდება. ბუნებრივია, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში მრავლად არიან წამლის ბარიგებიც. სუსტი ოპერატიული მუშაობის გამო ყველა გამსაღებლის გამოვლენა ვერ ხერხდება. ნაცვლად იმისა, გამსაღებლები გამოავლინონ, გადასული არიან კანონის გამკაცრებაზე. სისტემა დილეტანტებით არის დაკომპლექტებული. თავიდათავი განათლების პრობლემაა. ისლანდიაში, როდესაც მასობრივად დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, მენტალური გადატრიალება მოხდა და პრობლემა გადაჭრეს.

P.S. ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ნიშნიანიძის მეგობარი გოგონა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, უკვე დაჰკითხეს. ალბათ, გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრების ჩვენებებიც დაეხმარება გამოძიებას დეტალების გარკვევაში. იმედია, დანაშაული გაიხსნება და გამოავლენენ იმ პირს, ვისგანაც შეიძინა გიორგი ნიშნიანიძემ მომაკვდინებელი ნივთიერება.

შეგახსენებთ: შარშან, 4 აგვისტოს, ანაკლიაში ფესტივალზე 21 წლის ნათია თავართქილაძე დაიღუპა. გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია დაუდგინდა. როგორც მაშინ ითქვა, მან პირველად მოიხმარა ნარკოტიკი.

თეა ხურცილავა