"ეს თუ სიმართლეა, გამოდის, ნარკოტერორიზმთან გვაქვს საქმე" - საქართველოში ოპიუმის მოყვანაც დაიწყეს?! - კვირის პალიტრა

"ეს თუ სიმართლეა, გამოდის, ნარკოტერორიზმთან გვაქვს საქმე" - საქართველოში ოპიუმის მოყვანაც დაიწყეს?!

"მარიხუანის მოხმარების შემდეგი ეტაპი ჰეროინია. დადგენილია, რომ ძლიერი ნარკოტიკის მომხმარებელთა 73%-ს მოხმარება კანაბისით აქვს დაწყებული"

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა, ნარკოსივრცეში გამოჩნდა ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" (მაღალი შემცველობის ჰეროინი), რომელიც სხვადასხვა ნივთიერებასთან ერთად დარიშხანს (შავ ბაზარზე მას "მიშიაკს" უწოდებენ) შეიცავს.

როგორც კომპეტენტური წყარო გვიყვება, ამ შემადგენლობის ნარკოტიკი 3-4 თვეა, რაც შავ ბაზარზე იყიდება და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია - "მიშიაკი" განსაკუთრებით ტოქსიკურია და მიჩვევის ძლიერი ეფექტი აქვს, ანუ პირველივე მოხმარების შემდეგ ნარკოტიკის მიმართ დაუძლეველ ლტოლვას აჩენს. ამ ნარკოტიკს თან ახლავს ზედოზირების დიდი რისკი - საქართველოს ბაზარზე აქამდე არასდროს ყოფილა მაღალი კონცენტრაციის ჰეროინი. როცა მომხმარებელმა იცოდა, რომ პირობითად, იკეთებდა 3 კუბს, ახლა მაღალი შემცველობის იმავე ნივთიერების მოხმარება ზედოზირების დიდ რისკს შეიცავს.

"მიშიაკი" პირველივე მოხმარების შემდეგ დაუძლეველ "ლომკას" იწვევს"

სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენდირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილიც ეჭვობს, რომ შავ ბაზარზე "მიშიაკით" გაჯერებული ჰეროინია შემოსული.

- საქართველოში არა მხოლოდ დაბინძურებული, არამედ მაღალი კონცენტრაციის ჰეროინია შემოსული. თუკი ადრე მასში დიაცეტილმორფინი 20-30% იყო, ჩემი ინფორმაციით, ახლა 70-80%-ია, რაც ნიშნავს, რომ ბევრად სუფთაა და ხშირად იწვევს ზედოზირებას. ჰეროინში "მიშიაკის" შერევის მოტივი ის არის, რომ ინტრავენურად მოხმარების შემთხვევაში გაბრუებას იწვევს, ხოლო პირველივე მოხმარების შემდეგ მიჩვევას. შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს ლაბორატორიის ტოქსიკოლოგებმა და ქიმიკოსებმა, რომლებიც უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების ქიმიურ ანალიზს აკეთებენ, ეს უნდა დაადგინონ!..

გადამყიდველები ჰეროინს არა მხოლოდ "მიშიაკით", სხვადასხვა ნივთიერებით, მათ შორის, დაფხვნილი ფსიქოტროპული მედიკამენტებით აბევრებენ... "მიშიაკს" ის უპირატესობა აქვს, რომ ჰეროინს ჰგავს და ამასთან, აძლიერებს ლტოლვას - მომხმარებელი ცუდად ხდება და იძულებულია კიდევ მიმართოს ინიექციას. ისეთ "ლომკას" იწვევს, რისთვისაც ადამიანი ყველაფერს გააკეთებს საკმარისი დოზის საშოვნელად.

ბოლო დროს არაერთი მომხმარებლისგან მსმენია, რომ პირველივე მოხმარებისთანავე გაუჩნდათ ლტოლვა - ეს საშინელებაა! ამ ნივთიერების შემცველობა და მისი სხვადასხვა სუბსტანციით გაჯერება დამოკიდებულია იმაზე, შავ ბაზარზე რამდენი გადამყიდველის ხელში მოხვდება.

გამსაღებელი ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს და სხვადასხვა მინარევით წონას ზრდის. ბევრი მომხმარებელი ამბობს, რომ ჰეროინში "მიშიაკი" ურევია, მაგრამ ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ.

- ამის გაკონტროლება, ალბათ, ძნელია...

- კონტროლს ვერავინ დააწესებს. ის ისეთ ქვეყნებშიც კი იყიდება, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს. დილერები ყველგან ახერხებენ წამლის შეტანა-რეალიზაციას. ჰეროინი იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც ოპიუმის პლანტაციებია.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია, სუფთა იყოს.

მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებითაც აბევრებენ.

- რა გვერდითი მოვლენები აქვს ჰეროინს და მის მსგავს ოპიატებს?

- დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მყისიერი გარდაცვალება ახასიათებს. სხვა ნარკოტიკები შედარებით ნელ სიკვდილს იწვევს. ყველა, ვინც მარიხუანით დაიწყო, ძლიერ ნარკოტიკზე გადავიდა. მარიხუანის დეკრიმინალიზაცია სულ მალე ინტრავენური ნარკომანების რიცხვს გაზრდის, მომხმარებლები ძალიან მალე გადავლენ ძლიერმოქმედ ნარკოსაშუალებებზე და ერი მზად უნდა იყოს ამისთვის! ჯერ პრევენცია უნდა მოგვეხდინა, შემდეგ სარეაბილიტაციო დაწესებულებები აღგვეჭურვა და მერე გვეზრუნა დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენ უკუღმა დავიწყეთ და ძალზე ცუდ შედეგებსაც მოვიმკით.

"საგანგაშო მდგომარეობაა პერიფერიებში, სადაც მასობრივად მოიხმარენ კანაბისს"

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია ჰეროინის გავრცელების სქემებზე გვესაუბრება და მარიხუანის ლეგალიზაციის მძიმე შედეგებს პროგნოზირებს.

- რომელი ქვეყნებია ჰეროინის მწარმოებელი და რა გზით შემოდის ჩვენთან?

- ჰეროინის ყველაზე დიდი მწარმოებელი ავღანეთია. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ავღანეთმა 90 000 ტონა ოპიუმი აწარმოა, რაც 9 000 ტონა ჰეროინს ნიშნავს (10 კგ ოპიუმიდან 1 კგ ჰეროინი მიიღება). ავღანეთიდან ის სხვადასხვა ქვეყანაში გაედინება. საქართველო ნარკოტიკების გავრცელების მესამე ტალღაშია (პირველი ტალღა ირანია, მეორე - აზერბაიჯანი).

ირანში უკონტროლო სიტუაცია და მოხმარების საოცარი მასშტაბია - მოსახლეობის 53% ნარკოდამოკიდებულია. მოგეხსენებათ, ჩვენ ირანთან გავზარდეთ ტვირთბრუნვა და სხვადასხვა ტვირთი ტრაილერებით მოდის. ბევრ სიკეთესთან ერთად, შესაძლოა დამნაშავეთა სამყარომ ეს სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენოს - ჩვეულებრივ ტვირთს ჰეროინიც გამოურიოს. ირანს ავღანეთთან 2000 კმ-იანი საზღვარი აქვს, საიდანაც 700 კმ დაუცველია და მესაზღვრეები ავღანეთიდან ნარკოტიკების შემოდინებას ვერ აკონტროლებენ. ირანი რამდენიმე წელია ამ საზღვარს აძლიერებს, მაგრამ ვერაფერს ახერხებს.

ნარკოტიკის გავრცელების მეორე ტალღა აზერბაიჯანია, სადაც ჰეროინის ამოღების მასშტაბი ყოველწლიურად რამდენიმე ტონას აღწევს.

ევროპისთვის ჰეროინის ყველაზე დიდი მომწოდებელი თურქეთია, საქართველოს კი ყველაზე დიდი ტვირთბრუნვა თურქეთთან აქვს, ტრაილერები უწყვეტ კოლონებად მოდის... რაც მთავარია, თუ ჩვენი სამართალდამცველები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რომ საეჭვო ტვირთი შემოაქვთ, მათი გაჩერების უფლება არა აქვთ.

- რა მინარევებს უმატებენ ჰეროინს და რას იწვევს მისი მუდმივი მოხმარება?

- ჰეროინმა ავღანეთიდან აქ შემოსვლამდე ორი ქვეყანა უნდა გამოიაროს. ავღანელები მას არასდროს შეურევენ არც ლაქტოზას და არც სხვა ნივთიერებას. ჰეროინი ჯერ ირანში შედის, იქ დილერები ამუშავებენ და ურევენ სხვადასხვა ნივთიერებას, მერე აზერბაიჯანში შედის და ვიღაცების ხელში ხვდება, რომლებიც მოგების გასაზრდელად მინარევებს ამატებენ და წონაში ზრდიან.

შსს-ში არის საინფორმაციო ბანკი, ექსპერტებს შეუძლიათ ახალი ჰეროინი ძველ ამოღებულს შეადარონ, დაადგინონ მისი წარმომავლობა და რომელი მიმართულებიდან არის შემოსული, შემდეგ კი ეს მიმართულება გააკონტროლონ. ჰეროინში სხვადასხვა მინარევია, ძირითადად, უმატებენ ლაქტოზას - რძის ფხვნილს.

ვინაიდან ჰეროინი ძალიან ძვირია, დილერი და ქუჩის გამყიდველი 100%-იანს, მინარევების გარეშე არ გაყიდის. ქუჩის გამყიდველები, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 3-5%-იან ჰეროინს ყიდიან. ეს არის ქუჩის დილერების ხაფანგი, რათა მეტი მოგება ნახონ, 100%-იანი ჰეროინის გაზავებით მიიღონ 100%-იანი მოგება. რაც შეეხება "მიშიაკს", ნარკოდანაშაულში არის ასეთი ცნება - ნარკოტერორიზმი, როდესაც ადამიანების ჯგუფი ქვეყნებში სხვადასხვა მიზნით შეაგდებენ ხოლმე, მაგალითად, იაფ ნარკოტიკს, ახალგაზრდების ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის მიზნით.

90-იან წლებში პანკისში ჩეჩნეთიდან შემოვიდა იაფი ოპიუმი და მთელი ხეობა მასზე "შეჯდა". როდესაც ლაპარაკია, რომ ნარკოტიკს ურევენ სხვადასხვა საწამლავს, ეს უკვე ნარკოტერორიზმია - აქ ადამიანების მოსპობაზეა საუბარი.

ვფიქრობ, ამას ნარკომოვაჭრე არ გააკეთებს. ჩვენს ქვეყანას ისეთი მდებარეობა აქვს, ბევრი ქვეყნის გეოსტრატეგიული ინტერესებია გადაკვეთილი. ნარკოტიკები ყველა ქვეყანაში ამ ინტერესების გატარების ერთ-ერთი საშუალებაა. შესაძლოა, საქართველოში ამასთან გვაქვს საქმე.

მე არა მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჰეროინში საწამლავს ურევენ, მაგრამ თუ ასეა, ამას შეიძლება ნარკოტერორიზმის კვალიფიკაცია მივცეთ.

- ამბობენ, რომ ჩვენთან უკვე ოპიუმის მოყვანაც დაიწყეს...

- ოპიუმი მაღალმთაგორიან ტერიტორიაზე იზრდება, მას სიცხე უყვარს. საქართველოში ამ მცენარისთვის რამდენიმე ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ.

ვერ დავადასტურებ, რომ საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ. მაქვს ინფორმაცია, რომ არა მარტო მამაკაცები, ქალებიც მისი აქტიური მომხმარებლები არიან და როცა მშობლები საყვედურობენ, პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენგან რა გინდათ, სახელმწიფოში დაშვებულია, რატომ გვიკრძალავთო.

საგანგაშო მდგომარეობაა პერიფერიებში, სადაც მასობრივად მოიხმარენ კანაბისს.

- თქვენი აზრით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემდგომი ეტაპი რა იქნება, მართლა გარდაუვალია ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის გაზრდა?

- ორი აზრი არ არსებობს - კანაბისის მოხმარების დეკრიმინალიზაცია საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარების გაზრდას. ჩვენს კანონმდებლობაში ნარკოტიკების ლიბერალიზაცია მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც შეეჩვევა კანაბისს (და არა მარიხუანას, ასეთი მცენარე არ არსებობს), მერე მას შედარებით სუსტი საშუალება აღარ ჰყოფნის, ორგანიზმი ტოლერანტული ხდება, აღარ აკმაყოფილებს სუსტი და გადადის ძლიერზე.

მარიხუანის მოხმარების შემდეგი ეტაპი ჰეროინია. დადგენილია, რომ ძლიერი ნარკოტიკის მომხმარებელთა 73%-ს მოხმარება კანაბისით აქვს დაწყებული.

P.S. ჩვენ შსს-საც დავუკავშირდით. გვიპასუხეს, რომ ბოლო დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურს "მიშიაკი" ჯერჯერობით არ აღმოუჩენია.

ნანა ფიცხელაური