"დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს" - დღეს მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართება
27-08-2018
"დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს" - დღეს მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი განახლდება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დღეს პროცესზე იმსჯელებენ იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა მალხაზ კობაური პატიმრობაში იმ დრომდე, ვიდრე სასამართლო მის საქმეს სრულად განიხილავს.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

"დღეს იქნება მსჯელობა, უნდა დარჩეს თუ არა მალხაზ კობაური პატიმრობაში იმ დრომდე, ვიდრე მისი საქმე სრულად განიხილება. დაცვის მხარე მოვითხოვთ,
რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ“, მე-2 ნაწილის "ბ“, მე-3 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით,
დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით