"მოკლულის ცოლი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ვარკეთილის მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"მოკლულის ცოლი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ვარკეთილის მკვლელობაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა, რის თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი, 1989 წელს დაბადებული ც.გ. გარდაბანში დააკავა. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ღამით, შურისძიების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიყენა, მკვლელობის დროს სადარბაზოში შემთხვევით შესული 1970 წელს დაბადებული ლ.ქ. კი დაჭრა. ამის შემდეგ, ც.გ.-მ გ.ფ.-ს მეუღლე - 1985 წელს დაბადებული თ.ბ. გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ქ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს. თ.ბ.-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, მისი შენახვა-ტარებისა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 19-109 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს".

ფოტოზე: გია ფეიქრიშვილი

იხილეთ ასევე: "დაუჯერებელია, რომ მკვლელობაშია ბრალდებული, განადგურებულები ვართ" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც 20-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს?