"სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, დღეის შემდეგ დაკითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ" - კვირის პალიტრა

"სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, დღეის შემდეგ დაკითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ"

მე გამოკითხვაზე მოსვლას დღეის შემდეგ აღარ ვაპირებ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი დაკითხვა სავარაუდოდ, ემსახურება იმას, რომ ვერ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ის დღევანდელი გამოკითხვის შემდეგ "ცირკში მონაწილეობის მიღებას" აღარ აპირებს.

"როგორც ყველანი ხედავთ, მე დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თავის გამასხარავებას.

მე ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე. იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ. მე ამასაც შევეწინააღმდეგები. თუ უნდათ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე აღარ შემიძლია აღარც ფიზიკურად და არც მორალურად. თუ უნდათ დამაკავონ, მე ეს მირჩევნია, ვიდრე ამ შენობაში ვიარო," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.