"დღევანდელი ხელისუფლება ბევრ შეცდომას ჩადის არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ჩემ წინაშეც"
29-08-2018
"დღევანდელი ხელისუფლება ბევრ შეცდომას ჩადის არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ჩემ წინაშეც"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც ამ დრომდე მალხაზ მაჩალიკაშვილი იკითხება, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ რაიმე ცრუ ბრალდებით მოხდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება, ხოლო წარდგენილი ბრალდებით ხელისუფლება შეეცდება სტრასბურგში ჩაშლილი შეხვედრის გამართლებას.

ზაზა სარალიძის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერი არ არის. კითხვაზე, რა გეგმა აქვთ იმ შემთხვევაში, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, სარალიძე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა
აღნიშნავს, რომ განხილულია ყველა ის ქმედება, რომელიც ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს.

"დღევანდელი ხელისუფლება ბევრ შეცდომას ჩადის არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ჩემს წინაშეც. ამათგან გამორიცხული არაფერია, რადგან თავი იმართლონ სტრასბურგში ჩვენი ვიზიტის ჩაშლაზე. სრულიად უსაფუძვლოდ შეიძლება დააკავონ და ველოდებით ჩვენც თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება.
იმის მაგივრად, რომ შვილმოკლულ მშობლებს ხელისუფლება გვერდით დაუდგეს, აქეთ გვდევნიან და ტერორისტებად გვაცხადებენ“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად დაახლოებით 8 საათია იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით