როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - რას ამბობს ადვოკატი?

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ მკურნალობის კურსს გადის. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განუცხადა, შს ყოფილი მინისტრი ციხის პირობებში, მედიკამენტოზურად მკურნალობს. ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა პერიოდზეა გაწერილი ვანო მერაბიშვილის მკურნალობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა ის დამატებით გამოკვლევებს.

"მედიკამენტოზური მკურნალობა მიმდინარეობს და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. სასუნთქი გზების პრობლემების გარდა აქვს სხვა პრობლემებიც, თუმცა ექიმების განმარტებით, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა დამატებით გამოკვლევებს", - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების განმარტებით, იგი ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა, კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუმწვავდა სასუნთქი გზების მდგომარეობა და სუნთქვა უჭირდა.