მოქალაქის ცემასა და ძალადობაში ბრალდებულ ყოფილ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო-5000 ლარი შეეფარდა
30-08-2018
მოქალაქის ცემასა და ძალადობაში ბრალდებულ ყოფილ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო-5000 ლარი შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ბრალდებულ გ.შ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ, გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.

სასამართლოს ინფორმაციით, გ.შ.-ს ბრალად ედება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი)

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, საქმის მასალების
თანახმად, ბრალდებულმა 2018 წლის 24 აგვისტოს, ქ. წყალტუბოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობრის თ.გ.-ს მეუღლეს. ასევე, 2017 წელს პროკურორმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოქალაქე თ.გ.-ს.

„შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური ისე
ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გ.შ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება. ბრალდებულს, გირაოს - 5000 ლარის გადახდის ვადად, 30 კალენდარული დღე განესაზღვრა“, - აცხადებენ სასამართლოში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები