რა მოპარეს ქართველებმა იტალიის შს მინისტრის მშობლებს - კვირის პალიტრა

რა მოპარეს ქართველებმა იტალიის შს მინისტრის მშობლებს

იტალიის ქალაქ მილანის პოლიციამ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ქვეყნის შს მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გარკვეული მასალები მიაწოდა.

როგორც მილანის პოლიციამ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, დაკავებულები არიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები: 26 წლის გ.გ, 34 წლის ბ.ბ, 33 წლის ა.კ, 27 წლის დ.გ და 29 წლის ე.ს.

მათივე ინფორმაციით, მილანის სასამართლომ ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ამასთან, მილანის პოლიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის გარდა, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები კიდევ რამდენიმე ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, "დაკავებულების ჯგუფმა 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე ბინა გაქურდეს მილანის "ბანდე ნერეს" რაიონში". ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "დაკავებულები საკეტებზე სპეციალურ გამჭირვალე ფირს აკრავდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდნენ: თუ ფირი დაუზიანებული რჩებოდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მისი ძარცვა უფრო უსაფრთხო იყო".

"დაკავებული პირების საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ძვირფასეულობა, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ათეულობით საათი, სხვადასხვა სახის ბიჟუტერია და კიდევ სხვა ნაქურდალი.

მილანის პოლიციაში დაბარებულმა დაზარალებულების ნაწილმა ამოიცნო თავიანთი ნივთები, რომლებიც დაკავებულების საცხოვრებლიდან იყო ამოღებული. ერთ-ერთმა დაზარალებულმა კი ერთი დაკავებულიც ამოიცნო, რომელიც მისი ბინის გაქურდვამდე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნია", - ნათქვამია "ინტერპრესნიუსის" მიერ მილანის პოლიციიდან გადმოგზავნილ მასალებში.

გარდა ამისა, მილანის პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს აღნიშნული მოქალაქეები მილანის დატოვებას გეგმავდნენ, "ვინაიდან ხუთივე მათგანს თან ბარგი ჰქონდა".

აღსანიშნავია, რომ მილანის პოლიციამ "ინტერპრესნიუსს" საქმის გარემოებასთან დაკავშირებული ფოტომასალებიც მიაწოდა.