"დაუჯერებელია, ჩემი შვილი 62 ჭრილობით როგორ გადარჩა" - რამდენი წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელიც ქალს ლიფტში თავს დაესხა - კვირის პალიტრა

"დაუჯერებელია, ჩემი შვილი 62 ჭრილობით როგორ გადარჩა" - რამდენი წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელიც ქალს ლიფტში თავს დაესხა

დაახლოებით ორი თვის წინ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე 32 წლის იზოლდა აბაშიძეს ლიფტში ახალგაზრდა მამაკაცმა დანით 62 ჭრილობა მიაყენა.

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს.

სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 25 წლის გერმან ჩერნიავსკის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება აღნიშნულ პირს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

ჯერ კიდევ მომხდარის დროს ითქვა, რომ ქალს დამნაშავე ბაზრობიდან აედევნა და თავდასხმის მიზეზი ყაჩაღობა იყო, თუმცა, როგორც დაზარალებულმა იზოლდა აბაშიძემ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა, მას თავდამსხმელი ლიფტში დახვდა:

"ლიფტის კარი რომ გაიღო, იქ უცხო მამაკაცი დამხვდა. მითხრა, ხურდა ჩავაგდე, მაგრამ ლიფტი არ წავიდა და მეტი ხურდა არ მაქვსო. მერე მეც შევედი, ფული ჩავაგდე და ლიფტიც დაიძრა. უცებ თავში რაღაც ჩამარტყა. არაფერი უთქვამს, ისე მირტყამდა... მოგერიებას ვცდილობდი, მერე არაფერი მახსოვს".

დასახიჩრებული ქალი მამამ და ძმამ იპოვეს.

შოთა აბაშიძე, დაზარალებულის მამა:

- ჩემს შვილს ეზოში ველოდებოდი. რომ დაიგვიანა, ძებნა დავიწყე. ვნახე, რომ ლიფტი გაჭედილი იყო მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის. მე და ჩემმა ვაჟმა კარი გავხსენით, ჩემი შვილი სისხლში ცურავდა. ლიფტის კარი რომ გავაღეთ, ისიც შიგნით იყო. რა იცოდა, მამა რომ ვიყავი. ამბობდა, დაჭრილია, მიშველეთ, მე ქმარი ვარო... თვითონ დაგვეხმარა, რომ გამოგვეყვანა. დამნაშავეს ჩემი შვილი არ იცნობს. რატომ დაესხა თავს, არ ვიცით. ოქროული არ წაუღია, ლიფტში იყო მიმოფანტული. იქვე ვიპოვეთ დანაც. იქნებ გავიგოთ, რატომ მიკლავდა ის გარეწარი შვილს. იხილეთ სრულად