"იმედი მაქვს, ჩემი ყოფილი მეუღლე გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე" - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, ჩემი ყოფილი მეუღლე გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე"

დეა გოშხეთელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მისი ყოფილი მეუღლისთვის შეფარდებული სასჯელი ძალიან მცირეა. ასე ეხმაურება დეა გოშხეთელიანი ქუთაისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მის ყოფილ მეუღლეს სასჯელად 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალში, ჩემი ყოფილი მეუღლე, გრიგოლ ბაკურაძე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულში. სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. როდესაც მეუღლეს სცემ 2 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემ მეუღლის მამას - ამ დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ, 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია. მე ასევე იმედი მაქვს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა, გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე. მადლობა ყველას, ვისაც სჯეროდა ჩემი სიმართლის, ეჭვიც არ ეპარებოდა ჩემში და იდგა ჩემს გვერდით თუნდაც ერთი გამამხნევებელი მესიჯითაც კი“, - აცხადებს დეა გოშხეთელიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "გოშხეთელიანი-ბაკურაძის" საქმის განხილვა დასრულდა. ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის თქმით, რვა თვე, რომელიც ბაკურაძემ პატიმრობაში უკვე გაატარა, სასჯელს მოაკლდება.

გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება.