"ეს კაცები მაინცდამაინც 2018 წელს დაგიჟდნენ და ცოლებს დაუწყეს ცემა?!" - კვირის პალიტრა

"ეს კაცები მაინცდამაინც 2018 წელს დაგიჟდნენ და ცოლებს დაუწყეს ცემა?!"

"მძაფრდება ეჭვი, რომ წინა წლებში სამინისტრო დანაშაულთა რიცხვს ხელოვნურად ინარჩუნებდა ერთ ნიშნულზე"

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და ყოფილი შს მინისტრები სტატისტიკური მონაცემების ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა. მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს 2018 წლის შვიდი თვისა და გასული წლის ამავე პერიოდის რეგისტრირებული დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. ირკვევა, რომ ბოლო შვიდ თვეში კრიმინალის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ - 56%-ით არის გაზრდილი. მკვლევრები ამბობენ, რომ წელს შვიდ თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12 000 დანაშაულით მეტი მოხდა. გარდა ოფიციალური შემაჯამებელი მონაცემებისა, ისინი მიუთითებენ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომელთა რაოდენობაც გაზრდილია, მაგ., სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გასულ წელთან შედარებით 97%-ით, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი - 68%-ით, ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი - 142%-ით, ხოლო ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი - 292%-ით.

გოგა თუშურაშვილი, IDFI-ს წარმომადგენელი: - 2018 წლიდან, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ყოველთვიურად ქვეყნდება სტატისტიკა, რაც მისასალმებელია, თუმცა აქ პრობლემები ჩნდება ციფრებთან დაკავშირებით, რომლებიც აჩვენებს, რომ 2018 წლის შვიდი თვის განმავლობაში ქვეყანაში მკვეთრად არის გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ციფრებით რომ ვთქვათ, 60%-ით არის გაზრდილი დანაშაულის საერთო მაჩვენებელი, მისი გახსნის საერთო მაჩვენებელი კი 17%-ით არის შემცირებული. მკვეთრი ზრდა უფრო თვალში საცემია ცალკეულ დანაშაულთა მიხედვით. მაგალითად, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 100%-ით არის გაზრდილი, ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - 300%-ით, ქურდობა - 60%-ით. ეს აჩენს კითხვას: რა მოხდა ბოლო შვიდ თვეში ისეთი, რამაც კრიმინალის ასეთი მკვეთრი ზრდა, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი გაუარესება განაპირობა და სამინისტროს საქმიანობის ხარისხი გააუარესა (17%-ით შეამცირა გახსნის მაჩვენებელი)? ჩვენი ვარაუდით მძAაფრდება წინა წლებში არსებული ეჭვი, რომ სამინისტრო აყალბებდა სტატისტიკას, ანუ დანაშაულთა რიცხვს ხელოვნურად ინარჩუნებდა ერთ ნიშნულზე,

და ეს გამოაშკარავდა 2018 წელს, როდესაც მაჩვენებლები სამართლიანად აღირიცხა და სრულყოფილად მიეწოდა საზოგადოებას. მოვუწოდებთ სამინისტროს, განუმარტოს საზოგადოებას, რა განაპირობებს დანაშაულის ასეთ მკვეთრ ზრდას. ასევე, რადგან სამინისტროს წინა წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, აუცილებელია, გენინსპექციამ დაიწყოს მოკვლევა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

- განსაცვიფრებლად მოიმატა ოჯახური ძალადობის ფაქტების რაოდენობამ. ესეც კრიმინოგენული ვითარების ზრდას უკავშირდება? - ასეთი დანაშაულები შეიძლება არ უკავშირდებოდეს კრიმინოგენული ვითარების ზრდას. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ იმატა საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვის რაოდენობამ. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ შეინიშნება მხოლოდ ნარკოდანაშაულის კლება, რასაც ქვეყანაში ამ დანაშაულის შემცირებას ვერ დავუკავშირებთ. ეს განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და, აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის შერბილებით.

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი: - როცა არ გვაქვს წინა წლების რეალური სურათი, იმის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. მაგ., ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით დანაშაულის ასეთი მატება, სავარაუდოდ, გამოწვეულია პოლიციისათვის ხშირი მიმართვით, თორემ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს კაცები, ყველანი, მაინცდამაინც 2018 წელს დაგიჟდნენ და ცოლებს ცემა დაუწყეს. ასევე მგონია, რომ ოჯახური ძალადობის ყველა შემთხვევისადმი ერთნაირი მიდგომა მიზანს ვერ აღწევს. ხშირად მეორე დღეს ქალები უკან იხევენ და ამას ასე ხსნიან: გვინდოდა დაეშინებინათ, თორემ ოჯახი მარჩენალს კარგავს, შვილებს მარტო ვერ გავზრდითო. მეორე მხრივ, როცა მოძალადე ციხიდან გამოვა, შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს და მათი თანაცხოვრება შეუძლებელი იყოს.

- სიცოცხლის მოსპობის დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა რით აიხსნება? - ვიდრე ექსპერტიზით არ დადასტურდება, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, საგამოძიებო უწყების მიერ თითქმის ყველა მსგავსი დანაშაული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძვრება. ხშირად თვითმკვლელობის მიზეზი უმუშევრობა, უსახსრობა, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა და ათასი სხვა ფაქტორია. ქურდობისა თუ სიცოცხლის ხელყოფის დანაშაულის ასე მკვეთრად ზრდის მიზეზი მართლაც შეიძლება იყოს ის, რომ გასულ წლებში მათ ობიექტურად არ აფასებდნენ. ამხელა პროცენტული ცვლილება სხვაგვარად წარმოუდგენელია. უფრო ობიექტური იქნება, ამა წლის შვიდი თვის მონაცემები შეადარონ მომავალი წლის შვიდ თვეს, ვინაიდან სამინისტროს იგივე ხელმძღვანელობა ჰყავს, იგივე მეთოდოლოგია აქვს და დაითვლება, კლება იქნება თუ მატება. ასე უფრო რეალურ სურათს მივიღებთ.

ერთია სტატისტიკა, რომელიც დამალული იყო და არ ვიცით, არის თუ არა დანაშაულის მკვეთრი ზრდა, მეორეა მსგავსი დანაშაულის ზრდის განმაპირობებელი სოციალური პირობები და მესამე - ეს ისეთი დანაშაულებია, რომლებიც წინასწარ მომზადებული კი არა, სპონტანურია და აღელვების ნიადაგზეა ჩადენილი.

აშკარად შემცირებულია ორგანიზებული დანაშაულის რაოდენობა, გარჩევები, გამოძალვები და ა.შ.

- დანაშაულის გახსნის შემცირებული მაჩვენებელიც არაობიექტური შეფასებით არის განპირობებული? - ახალი მაჩვენებელი უფრო რეალური მგონია, ვიდრე ძველი, იმიტომ, რომ 50-60% გახსნის მაჩვენებელი არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, ის შეიძლება 30-40%-ის ფარგლებში მერყეობდეს. ადრე 80-90%-საც კი წერდნენ, რაც არ იყო რეალური, რადგან გაუხსნელ დანაშაულს არ აღრიცხავდნენ.

ასეა თუ ისე, რაც უნდა ცუდი მაჩვენებელი იყოს, სიმართლე და რეალობის ასახვა სჯობს დამალულს და შელამაზებულ სტატისტიკას. შსს-ს ახალი მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, უფრო რეალურსაც ჰგავს და მისასალმებელია მინისტრის განცხადება, რომ ციფრებს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს.

- რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ და ხელისუფლებამ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გასაუმჯობესებლად? - შს სამინისტრო მარტო ამას ვერ მოაგვარებს, ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. უპირველესად, დასძლიოს უმუშევრობა, რაც შეამცირებს ქონებრივ დანაშაულს - ქურდობას, ძარცვას თუ სხვ. რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულს, კანონმდებლებმა უფრო მოქნილი ვარიანტი უნდა შეიმუშაონ იმ 80-90%-ის მიმართ, ვინც პირველად სჩადის დანაშაულს, თორემ, რა თქმა უნდა, არიან გამოუსწორებელი ადამიანები და ისინი მკაცრად უნდა დაისაჯონ. ამასთან, ყველა ოჯახური კონფლიქტი არ შეიძლება ძალადობად შეფასდეს, რაც ოჯახების ნგრევას იწვევს.

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, კანონის ლიბერალიზაციის გამო, შსს-ში დაბნეულობაა. სამინისტრომ აღარ იცის, როგორ მოიქცეს - კანონი სხვაა, საკონსტიტუციო სასამართლო კი სხვაგვარად განმარტავს.

არ შეიძლება, სიგარეტის მოწევა აკრძალო და ნარკოტიკის მიღება დაუშვა, მით უმეტეს - საჭესთან. დეკრიმინალიზაციის მომხრე მეც ვარ და ნარკომომხმარებელი არ უნდა დაიჭირო, მაგრამ მას ისეთი შეზღუდვები უნდა დაუწესო, ისეთი საზოგადოებრივი იმიჯი შეუქმნა, რომ ნარკოტიკის მიღება კარგ ტონად კი არა, სამარცხვინოდ ითვლებოდეს. მომხმარებლებს უნდა უყურებდნენ არა როგორც კარგ ტიპებს, არამედ - ჩამორჩენილებს.

20-25 წლის წინ ამერიკაში დაიწყო მოძრაობა - სიგარეტის მწეველი ითვლებოდა გოიმად და ჩამორჩენილად. ასეთი მიდგომა უნდა იყოს ნარკოტიკის მოხმარების მიმართაც. საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. პოლიციამაც კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მცირე გადაცდომის გამო ყველა კრიმინალად არ უნდა გამოაცხადოს. უნდა გაზარდოს ადმინისტრაციული და არა - სისხლის სამართლის სანქციები.

ნანა ფიცხელაური