"მიხეილ კალანდიას სარალიძის ჯგუფური მკვლელობის მუხლით ბრალი უნდა წარდგენოდა" - რა წერია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში?
03-09-2018
"მიხეილ კალანდიას სარალიძის ჯგუფური მკვლელობის მუხლით ბრალი უნდა წარდგენოდა" - რა წერია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში?
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებისთვის 1-ელ დეკემბერს ცნობილი იყო, რომ მ.კ. იყო მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილი, მ.კ. იყო ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელმაც დეიდაშვილის დასახმარებლად 51-ე სკოლასთან მიიყვანა მეგობრები, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მ.კ. 1-ელ დეკემბერს მიიმალა და აშკარად მოიტყუა 2 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში, საგამოძიებო უწყებამ მის მიმართ არ ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებოს მოქმედებები, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ შეიმუშავა.

დასკვნაში ჩამოთვლილია ის საგამოძიებო
მოქმედებები, რომელიც მ.კ-ს მიმართ არ ჩატარდა:

"არ ამოიღო მისი ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი მაისური იყო სისხლიანი. აღსანიშნავია, რომ თავად მ.კ.-მ და მისმა ძმამ ლუკა კალანდიამ კომისიასთან გასაუბრებისას განაცხადეს, რომ ეს ტანსაცმელი დღესაც მათთან ინახება სახლში. არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი
და არ შეამოწმა მისი მიმოწერა სოციალური ქსელებით ა.ს.-სთან და გ.ჯ-სთან. ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივის, განზრახვის და ორგანიზების დეტალებს; არ ჩაატარა არც ერთი ფარული საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის ტელეფონის მიყურადება, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, არ ჩაწერა ფარულად მ.კ.-ს გამოკითხვა, განსხვავებით გ.მ.-ს, ა.დ-ს და გ.ბ-სგან, მიუხედავად იმისა, რომ მ.კ. პირველ დღეს მიიმალა, ხოლო პირველივე გამოკითხვის დროს პოლიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, მ.კ. განსხვავებით სხვა ფიგურანტებისგან, ჩხუბის დროს სულ ფარდულში იმყოფება და უშუალოდ შეესწრო დავით სარალიძის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტს; მიკერძოებულად და დაგვიანებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი მ.კ.-ს მონაწილეობით, არ დაკითხა გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მ.კ.-ს შესახებ. პროკურატურამ დაიყოლია ერთ-ერთი მოწმე (როგორც დ.ღ-მ განუცხადა კომისიას), რომ სასამართლოსთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში", - ნათქვამია დასკვნაში.

როგორც საგამოძიებო კომისია მიუთითებს, პროკურატურა მთელი საქმის განმავლობაში იცავდა ვერსიას, რომ მ.კ-მ დაინახა როგორ ურტყამდა გ.ბ. დანას დავით სარალიძეს, შემდეგ თავად მივიდა დაჭრილ მოზარდთან, მუშტებს ურტყამდა მას და ცდილობდა მსხვერპლის დამორჩილებას, ხოლო პარალელურად ან ამის შემდეგ ხედავდა თუ როგორ ურტყამდა დავით სარალიძეს დანას მსჯავრდებული გ.ჯ.

დასკვნის ავტორების შეფასებით, აღნიშნული მოქმედება პროკურორმა ზვიად ფკახაძემ კომისიის სხდომაზე წარმოაჩინა როგორც გაშველების მცდელობა, რაც სრული აბსურდია.

"მტკიცებულებათა ერთობლიობით, 6 მოწმის პირდაპირი ჩვენებით, გ.ბ-სთან ფარულად ჩაწერილი გასაუბრებით, თავად მ.კ.-ს და აგრეთვე მისი ძმის ჩვენებით, რომელსაც პროკურატურა დასკვნით სიტყვაში ეყრდნობა, აშკარად იკვეთება მ.კ.ს ქმედებებში დანაშაულის ნიშნები, კერძოდ ნათელია, რომ პირი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანს დანებით აყენებენ მრავლობით დაზიანებას მუცელსა და გულ-მკერდში და ის ამ დროს ხელით იჭერს და მუშტებს ურტყამს (პროკურატურის ვერსიით) სახესა და ლავიწის არეში მსხვერპლს, მისი აქტიური ქმედებით ხდება განზრახ ჯგუფური მკვლელობის მონაწილე. კომისიის წინაშე საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის მიცემული ახსნა-განმარტება, რომ მ.კ.-ს ამოძრავებდა გ.ჯ-ს დახმარების განზრახვა, პირდაპირ ეწინააღმდეგება პროკურატურის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს წინაშე გამოხატულ პოზიციას, რომლის მიხედვით გ.ჯ. არ იმყოფება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, არამედ განზრახ მოკვლის მიზნით დანით აყენებს ჭრილობებს დავით სარალიძეს, რასაც ხედავს და თავად ადასტურებს ჩვენებით მ.კ, რომელიც ამ დროს იჭერს და ურტყამს მსხვერპლს, შესაბამისად აქტიურად ეხმარება მკვლელობის განზრახვის მქონე პირს", - ნათქვამია დასკვანში და აღნიშულია რომ მ.კ.-ს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის მუხლით ბრალი უნდა წარდგენოდა.

კომისია ასევე მიიჩნევს, რომ გამოძიებას მ.კ-სთვის ბრალი ცრუ ჩვენების გამოც უნდა წარედგინა.

"მ.კ.-მ 2 და 3 დეკემბერს გამოკითხვისას პოლიციას მიაწოდა აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო ცრუ ინფორმაცია. მან ასევე, 2017 წლის 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება, რომელშიც ძირეულად შეცვალა მანამდე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები. 2017 წლის 13 აპრილს მან კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენება და ამჯერად დაადასტურა გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენებები. ეს ფაქტები არ გამხდარა საფუძველი შსს-თვის, რომ გამოძიება დაეწყო, ხოლო პროკურატურისთვის, რომ მ.კ-სთვის წარედგინა ბრალი ცრუ ჩვენების მიცემის გამო", - ნათქვამია დასკვნაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით