"დგინდება, რომ მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან" - კვირის პალიტრა

"დგინდება, რომ მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან"

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს, მირზა სუბელიანის მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, როგორც დასკვნაშია მითითებული, საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მის მიმართ არ ჩატარდა, შემდეგია: "გამოძიებიამ 2018 წლის ივნისამდე არ დაკითხა მირზა სუბელიანი; არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი (ტელეფონები); არ ამოიღო მირზა სუბელიანის კუთვნილი ნომრიდან (ნომრებიდან) სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია...

მირზა სუბელიანის სატელეფონო ზარებით დგინდება, რომ ის რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე 2018 წლის 11-13 აპრილს მოწმე მ.კ.-სთან. სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი შსს-მ ამოიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2018 წლის 18 ივნისს ეს ინფორმაცია მოითხოვა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია პეკინის 3-ში მდებარე კალანდიების საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერის მონაცემები და გამოძიების მხრიდან დათვალიერების ოქმში მირზა სუბელიანის დაფარვა. აღნიშნული კამერით დაფიქსირებულია მტკიცებულებათა განადგურების, აგრეთვე მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს გადამალვის ფაქტები.

კამერის მონაცემებით დგინდება, რომ 15:37 საათზე მირზა სუბელიანი ფეხით შედის კორპუსის ეზოში, თუმცა გამოძიებას მისი გადაადგილება 2018 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული საერთოდ არ აქვს. 15:59 საათზე მირზა სუბელიანი და თენგო კალანდია ფეხით გამოდიან კორპუსის ეზოდან. შესაბამისად, 15:37 საათიდან 15:59 საათამდე მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისკენ მიმართული ყველა უკანონო ქმედების თვითმხილველი იყო. კამერის დათვალიერების ოქმში კი გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ სუბელიანი მოიხსენია, როგორც "უცნობი მამაკაცი", - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ გამოიძებას არ გამოუკითხავს მირზა სუბელიანის მეუღლე -თეა კაკუბავა და ცოლის და - ლელა კაკუბავა.

"მირზა სუბელიანის მეუღლე საქმის კურსში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დეტალების შესახებ. ის იმყოფებოდა კალანდიებთან სახლში, როდესაც დაიგეგმა იქ მყოფი გ.ჯ.-სა და მ.კ.-ს გადამალვა, აგრეთვე განადგურდა მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, თეა კაკუბავა გამოძიებას არ დაუკითხავს. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს იერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების თანახმად, თეა კაკუბავა დარდობდა, რომ სამართალდამცველები ნახავდნენ "ტელეფონის დარეკილებს" და "მინაწერებს" და დაიჭერდნენ მის შვილს ა.ს.-ს და მის დისშვილს - მ.კ.-ს", - ნათქვამია დასკვნაში.