"მეგობართან ერთად გადადიოდა ზებრაზე, როდესაც მანქანა დაეჯახა" - ვინ არის 24 წლის ბიჭი, რომელიც მორიგ ავარიას ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

"მეგობართან ერთად გადადიოდა ზებრაზე, როდესაც მანქანა დაეჯახა" - ვინ არის 24 წლის ბიჭი, რომელიც მორიგ ავარიას ემსხვერპლა?

ფოტოზე: გარდაცვლილი ლევან ვაშაკიძე

3 სექტემბერს, ღამით, თბილისში მორიგ ავარიას, 24 წლის ლევან ვაშაკიძე ემსხვერპლა. მისი ახლობლების თქმით, ის მეგობართან ერთად ზებრაზე გადადიოდა, როცა მანქანა დაეჯახა. მძღოლი 21 წლისაა...

"გუშინ ღამით გავიგე საპატრულო პოლიციის და სასწრაფოს უწყვეტი ხმები, ავარია მოხდაო კინო "საქართველოსთან" ვიღაცეები ამბობდნენ... ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს შენ იყავი, ლევან. როგორი ზრდილობიანი, კეთილშობილი, ძალიან ჭკვიანი იყავი, ლევანიკო.... ეროვნული და საატესტატო გამოცდები ისე ჩააბარე, არც კი მომზადებულხარ! მაღალი ქულები აიღე, მახსოვს როგორ უხაროდა და როგორ ამაყობდა დედაშენი, ახლა კი საწყალ ქალს შვილს მიუსვენებენ სახლში. ალბათ ვიღაც უპასუხისმგებლომ ან მთვრალმა ადამიანმა იმსხვერპლა შენი სიცოცხლე", - წერს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ლევან ვაშაკიძის მეგობარი, თამარ სანაძე, რომელიც გარდაცვლილი მეგობრის შესახებ გვესაუბრა:

- ლევანი "აიტი" სპეციალისტი იყო. ახლახან გახდა 24 წლის. ძალიან ჭკვიანი და ზრდილობიანი ადამიანი იყო, მშვიდი, ყველას მიმართ პატივისცემას რომ გამოხატავდა ისეთი... როგორც მისმა ახლობლებმა მითხრეს, კინო "საქართველოსთან" მეგობართან ერთად გადადიოდა  ზებრაზე, როდესაც მანქანა დაეჯახა.

ძალიან წარმატებული იყო თავის პროფესიაში, ბევრს მუშაობდა.

მეგობრებთან ერთად ყოფნა ძალიან უყვარდა. მალე თავის სოფელში გადაასვენებენ ალბათ, დიდი ჯიხაიშიდან იყო... ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა როცა შეხვედრას ვახერხებდით, ვიხსენებდით ბავშვობას, ერთად გატარებულ დროს, ჩვენ ამბებს ვყვებოდით... მისი მშობლები ძალიან თბილი და განათლებული ადამიანები არიან. ორივე ძალიან ამაყობდნენ ლევანით. ერთი ბიჭი ჰყავთ კიდევ, ღმერთმა გაძლება მისცეს ლევანის ოჯახს...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)