მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს - კვირის პალიტრა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის. ამის შესახებ საუბარია კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

კომისიის დასკვნის თანახმად, შოთაძის ქმედებებში იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები. კომისიის დასკვნით, მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრების, ნათესავებისადმი გამოძიების მიკერძოება მდგომარეობს იმაში, რომ შემოფარგლულიყო გამოძიება მხოლოდ ორი პირის გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს მხილებით და განზრახ არ ემუშავათ სხვა ფიგურანტების, მათ შორის მ.კ.-ს, ა.ს.-ს და სხვა ვერსიებზე.

„კომისია მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ქმედებებში იკვეთება როგორც სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, რაც გამოიხატა მისი სამსახურებრივი ვერტიკალის ქვეშ მოქმედი პროკურორების არაჯეროვან კონტროლში, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები. გამოძიება აშკარად ტენდენციური იყო მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. აღნიშნულის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორი 1 დეკემბრიდანვე ინფორმირებული იყო მირზა სუბელიანის საქმეში მონაწილეობის შესახებ. მან იცოდა რომ სუბელიანი ჭოჭმანობდა გადაწყვეტილების მიღებაზე. მიუხედავად ამისა, მას არ მიუცია დავალება სუბელიანის დაკითხვისა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების გატარების თაობაზე“, - განაცხადა საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ.

ამასთან, კახიძემ აღნიშნა, რომ ეჭვს იწვევს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციაც, რა დროსაც მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალურ ინსპექციას ხელმძვანელობდა და კადრები სწორედ მისმა უწყებამ გამოითხოვა.

„კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ რა მოტივი ან მოტივები ამოძრავებდა ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, მირზა სუბელიანისთვის დახმარების გაწევისას. ეს იყო კოლეგიური ურთიერთობიდან გამომდინარე, პირადი, მეგობრული დამოკიდებულება, ეს იყო მირზა სუბელიანის ნათესაური ურთიერთობა მთავრობის წევრთან სოზარ სუბართან თუ ეს იყო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მოკვლევის და გამოძიების პროცესში ოთარ ფარცხალაძისთვის ხელის დაფარების მიზნით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა კახიძემ.