წერეთელზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

წერეთელზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოჯახური ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ყოფილ პოლიციელს, ა. ჯ.-ს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, არერეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

მათივე ცნობით, 2018 წლის 31 მაისს, ა. ჯ., რომელიც შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, მივიდა ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში.

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში ესროლა ოჯახის წევრს-მეუღლეს. ამის შემდგომ, ა. ჯ-მ, იმავე იარაღიდან სამი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლის ყოფილ ქმარს. დანაშაული ბრალდებულმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდინა.

სასამართლოს ცნობით, ა.ჯ-ს ბრალად ედებოდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაოდ ცნო. სასამართლომ ა.ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.