"ლავას ოღლის" წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ მისთვის 12 წელი მიესაჯათ" - კვირის პალიტრა

"ლავას ოღლის" წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ მისთვის 12 წელი მიესაჯათ"

მინდია "ლავას ოღლის" წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ მისთვის 12 წელი მიესაჯათ, - ამის შესახებ ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია "ლავას ოღლის" ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, პროკურორი გივი შენგელია მოწმეებზე ზემოქმედებდა, რამაც სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინა.

"მე საზოგადოებას მინდა შევახსენო, თუ როგორი დისკრიმინაციული სამართალი გვაქვს. ვგულისხმობ მინდია "ლავას ოღლის" საქმეს, რომლის წინააღმდეგაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, როდესაც სამართლებრივად არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ დამდგარიყო მისი პასუხისმგებლობის საკითხი. არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ მინდია ლავასოღლისთვის 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მედიისა და საზოგადოების დამოკიდებულება გარკვეულ თემებზე მოქმედებს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაზე და განვმეორდები, რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთი პირდაპირი დაზარალებულიც არ არსებობდა და არც არანაირი შეხება ჰქონია "ლავას ოღლის" ე.წ დაზარალებულებთან, თუმცა სასამართლომ ახალი სტანდარტი გამოავლინა და დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, მაღალ სტანდარტს გამოავლენს. პროკურორი გივი შენგელია ფაქტობრივად, უკანონოდ იქცეოდა და იარაღით დასდევდა მოწმეებს, რომ ცრუ ჩვენება მიეცათ და სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არიან დღეს პროკურატურაში. რომ არა ასეთი მოთხოვნა, რომ მინდია გორაძე არის ე.წ კანონიერი ქურდი და ზოგიერთ მოწმეზე ახდენს გამოძალვას, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას გამოიტანდა სხვა შემთხვევაში. ერთ-ერთმა ე.წ დაზარალებულმა, რომელიც გახლავთ ბატონი ბოლქვაძე და იმყოფება მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, დაადასტურა, რომ მოხდა მასზე ზეწოლა. სასაცილოა ისიც, რომ ერთი და იმავე ადამიანს ერთი და იგივე მუხლით ორჯერ ასამართლებენ. ქუთაისის სასამართლომ მიუსაჯა "ლავას ოღლის" აღნიშნული სასჯელი და ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც მიმდინარეობს ერთი და იგივე მუხლით განხილვა და ედავებიან ე.წ კანონიერ ქურდობას. ეს არის დისკრიმინაცია. ჩვენ ყველა ინსტანციის სასამართლოში გავატარებთ ამ საქმეს და შემდეგ უკვე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

იხილეთ ასევე: დაპირისპირება "ლავას ოღლისა" და "ხონსკის" შორის - ბათუმში გავლენების მოსაპოვებლად "კანონიერი ქურდები" თურქეთში იბრძვიან

"ინტერპრესნიუსი"