"ჩემმა ყოფილმა ქმარმა ბავშვების დაწვაც სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო" - რას ამბობს ბარნოვზე მოკლული 25 წლის გოგოს დედა? - კვირის პალიტრა

"ჩემმა ყოფილმა ქმარმა ბავშვების დაწვაც სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო" - რას ამბობს ბარნოვზე მოკლული 25 წლის გოგოს დედა?

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე ამტკიცებს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა და ბავშვების დაწვასაც აპირებდა.

როგორც გაბოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამის დამტკიცებას სასამართლოშიც აპირებს. მოკლულის დედის თქმით, ყველას შეეწინააღმდეგება, ვინც იტყვის, რომ ბაქრაძეს მისი შვილი ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს.

"ბავშვები ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას რა თქმა უნდა. მაგის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. მაგაზე მოვთხოვ აუცილებლად პასუხს. სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერს, ვინც დამისვამს კითხვას - იყვნენ თუ არა იქ ბავშვები. ბავშვებმა თავისი თვალით უყურეს ყველაფერს და მათი თვალიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ტანსაცმელი იყო ბენზინიანი და ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს", - განაცხადა ნათია გაბოძემ.

მისივე თქმით, ვეფხია ბაქრაძე მასზეც ძალადობდა და ამიტომ იყო მასთან ცხოვრების წინააღმდეგი.

"ის ჩემზე ძალადობდა. ის არამარტო მკვლელი, არამედ მოძალადეცაა. ყველაზე უკანასკნელი და აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა, იმიტომ ვიყავი მასთან ცხოვრების წინააღმდეგი", - განაცხადა ნათია გაბოძემ.

ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა დღეს პროცესზე, მოწმის სახით იკითხება.

იხილეთ ასევე: ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა

"ინტერპრესნიუსი"