მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა
06-09-2018
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

თემურ აბაზოვის მიმართ მიმდინარე წლის 11 ივნისს გამოძიება მარნეულის მკვიდრის მიმართ, ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დაიწყო. როგორც მოსამართლემ განაცხადა, 27 აგვისტოს პროკურატურამ აბაზოვს ბრალი დაუმძიმა და მას საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 157.1 მუხლის პირველი და მეორე
ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა; პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით) აქვს წაყენებული. ბრალდებული კვლავ არ აღიარებს წაყენებულ
ბრალს.

თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. ბრალი დაუმძიმდა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულად ცნობილ კიდევ ორ პირს - ე. გულიევს და ა. ალაჰვერდიევს, რომელთაც პროკურატურა გამოძიების დასაწყისში მარნეულის მკვიდრის ცემას ედავებოდა, მათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას და სოციალურ ქსელში გავრცელებაშიც ედებათ ბრალი.

როგორც დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, მათ მიმართ უკვე 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილითაც მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვს, მის მიმართ საქმე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით არის აღძრული.

დღევანდელ წინა სასამართლო სხდომას ოთხივე ბრალდებული ესწრება.

ბრალდების მხარემ მოსამართლეს გამოძიების მიმდინარეობისას საქმეში არსებული მტკიცებულებები გააცნო. დაცვის მხარე კი მტკიცებულებების შეუთავსებლობაზე საუბრობს.

"ინტერპრესნიუსი"

xox
07 სექტემბერი 2018 17:37
აი ასე იცის ტვინის ამოტრიალებამ , ბევრს ემართება ხოლმე ასე.
ლილე
07 სექტემბერი 2018 00:29
აი ასე იცის, უნახავს ძალაუფლება რომ თავში აუვარდება და ქვეყანა მისი ჰგონია. აკაჩაოს ახლა თავის საამაყო კუნთები!

რედაქტორის რჩევით