"კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე და დანით დაჭრა" - კვირის პალიტრა

"კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე და დანით დაჭრა"

ფოტოზე: დავით ტორიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარებასა და გასაღებაში ბრალდებული ნ.ქ. (ნიკოლოზ ქისტაური) დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება 2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისში მომხდარ მკვლელობას. სწორედ ამ დღეს გაუჩინარდა დათო ტორიაშვილი. 10-დღიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ის სადისტურად იყო მოკლული. სამართალდამცავებმა დავით ტორიაშვილის ცხედარი ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე იპოვეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, წარსულში ნასამართლევმა ნ.ქ.-მ, მასთან სახლში მყოფ დ.ტ.-ს (დავით ტორიაშვილი) ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ორჯერ ესროლა, შემდეგ კი სახისა და კისრის არეში რამდენჯერმე დაუსვა დანა.

"მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად დ.ტ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ქ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, დ.ტ.-ს გვამი მდინარე მტკვართან არსებულ ხევში გადააგდო. იმავე საღამოს მან ჩადენილი მკვლელობის შესახებ მეგობრებს უამბო, შემდეგ კი მათთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და გ.ი.-ს დახმარებით გვამი მდინარეში გადააგდო.

2018 წლის იანვრის დასაწყისში, ნ.ქ.-მ მკვლელობის იარაღი - ორლულიანი გადაჭრილი თოფი გ.ი.-ს სახლში მიუტანა და შესანახად გადასცა, საიდანაც ამოღებული იქნა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა. იქ სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. (იხილეთ სრულად)