მამაკაცებო, ფრთხილად! - კვირის პალიტრა

მამაკაცებო, ფრთხილად!

ადევნების, თვალთვალისა და სატელეფონო თუ სოციალური ქსელით უკანონო კომუნიკაციისთვის შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეთ

სისხლის სამართლის კოდექსით ადევნება ისჯება და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გასულ წელს კანონში ცვლილება შევიდა. გამოძიება შარშან 19 საქმეზე დაიწყო. უმეტეს შემთხვევაში ბრალი დადასტურდა, თუმცა მოსამართლეები ბრალდებულებს ციხეში გასაშვებად მაინც ვერ იმეტებდნენ და, ძირითადად, პირობით სასჯელებს უსჯიდნენ, უფრო ხშირად კი ჯარიმებს ახდევინებდნენ.

გახმაურებული იყო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საქმე. ჟურნალისტი სოციალური ქსელში წერდა, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავდა, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ფულს სთხოვდა. ტელეწამყვანმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენიმე თვის წინ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს, სწორედ ეს ახალი მუხლი წაუყენეს 48 წლის მამაკაცს და მუქარისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებებიც ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტს ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. ექსპერტიზა დაინიშნა, რადგან ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვქვეშ დადგა. გაირკვა, რომ მამაკაცი შეურაცხადია და საზოგადოებისთვის საშიში. ამიტომ ის ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მან იქიდანაც მოახერხა ჟურნალისტთან დარეკვა და დამუქრება.

წელს იანვარში ანალოგიური ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მეგობრების მეშვეობით უთვალთვალებდა გოგონას, ვ.მ.-ს, აკითხავდა სახლში, კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით. თავისი და სხვა პირების ტელეფონის ნომრებიდან მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, უცხო პირებისა და ფოსტის საშუალებით კი საჩუქრებს უგზავნიდა. 2018 წლის 29 იანვარს მამაკაცი დააკავეს ადევნების მუხლით, თუმცა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად მას 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ხელვაჩაურის სასამართლომ ორი პირი გაასამართლა ამ ბრალდებით და ორივეს პირობითი სასჯელები მიუსაჯა, ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს ქუთაისის, სამტრედიის, ზუგდიდისა და სხვა ქალაქების მოსამართლეებმა. დაზარალებულები ჩიოდნენ, რომ ისინი შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს იღებდნენ სოციალური ქსელით, ტელეფონით, მათ ბრალდებულები ქუჩაში ხვდებოდნენ და ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებდნენ.

სხვებისგან განსხვავებით არ გაუმართლა რევაზ კიკვიძეს, ის ამჟამად ციხეშია და განაჩენს ელოდება. როგორც მისი ადვოკატი გოჩა კილასონია ამბობს, რევაზი ციხეში სიყვარულის გამო აღმოჩნდა:

- რევაზ კიკვიძე გუდაუთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, არის აფხაზეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი. ცხოვრობს რუსთავში. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. რევაზი ქუთაისში ნათესავთან ხშირად ჩადიოდა. იქ გაიცნო გოგონა, რომელიც ძალიან შეუყვარდა და მასთან ურთიერთობის აწყობას ცდილობდა. გოგონას დაჰყვებოდა, თუმცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, გოგონას ახლობლები ემუქრებოდნენ. ერთ დღეს ქუჩაში უცნობი მამაკაცი დახვდა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. რევაზი რამდენიმე თვე რეანიმაციაში იწვა. ეს ინციდენტი 2017 წლის 17 ნოემბერს მოხდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ რევაზი კლინიკიდან გამოწერეს და შინ, რუსთავში იყო, მას მერე ის ქუთაისში აღარ ჩასულა. დააკავეს ის ახალგაზრდა, რომელიც სასტიკად გაუსწორდა კიკვიძეს. თუმცა 1000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს.

- თუ დაზარალებული იყო რევაზი, მის წინააღმდეგ საქმე რატომ აღიძრა?

- როცა ძალოვანებმა ის ბიჭი დააკავეს, გოგონამ მაშინვე საჩივარი შეიტანა პოლიციაში და რევაზ კიკვიძის დასჯა მოითხოვა. ეტყობა, ამით სურდა ის დამნაშავე ბიჭი ციხისთვის აერიდებინა. ამბობდა, რომ რევაზი ურეკავდა, ხვდებოდა ქუჩაში და ავიწროებდა. ამიტომ პარალელურად საქმე აღძრეს რევაზის წინააღმდეგაც. არადა, მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს, იმ გოგოსკენ არც გაუხედავს. ამის მიუხედავად, განცხადების შეტანიდან 6 თვის შემდეგ რევაზი დააკავეს. სასამართლომ მას 3.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა მას გადახდის საშუალება არ ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეY. საჩივარი შეიტანა პროკურატურამაც, რევაზის პატიმრობას მოითხოვდნენ, მე კი გირაოსგან გათავისუფლებას ან პირადი თავდებობის შეფარდებას. წარვადგინე კიდეც ორი პირი, მაგრამ სასამართლომ ძალაში დატოვა გირაოს გადახდა, რევაზმა ვერ გადაიხადა და ახლა ციხეშია.

- ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს? - ამბობს, რომ გოგო შეუყვარდა და ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. სიყვარულისთვის სჯიან? მით უმეტეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა და თავად არის დაზარალებული. პოლიცია ამბობს, დაკითხვაზე გამოვიძახეთ და არ ჩამოვიდაო, არადა, გზის ფულიც არ ჰქონდა რუსთავიდან ქუთაისში ჩასასვლელად.

მისთვის წაყენებული მუხლი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-იდან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. რომელს მიუსჯის სასამართლო კიკვიძეს, უცნობია. ამ მუხლს, ძირითადად, მამაკაცების წინააღმდეგ იყენებენ. ყველაზე ხშირად მომჩივანები ქალები არიან. ასე რომ, მამაკაცებო, ფრთხილად, ადევნების, თვალთვალისა და სატელეფონო თუ სოციალური ქსელით უკანონო კომუნიკაციისთვის შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეთ.

თეა ხურცილავა