რა გახდა სადავო ხორავას ქუჩის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში - კვირის პალიტრა

რა გახდა სადავო ხორავას ქუჩის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში

ფოტოზე: ზაზა სარალიძე

"ევროპულ საქართველოს" სურს გააჩინოს განცდა იმისა, რომ 17 წლის მ.კ.-ს გამო პოლიტიკურ ჰარაკირის ვიტარებთ, ასე ნამდვილად არ არის"

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა - "ევროპული საქართველოს" დასკვნა მიღებულია. ოპოზიცია ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს, თუმცა უმრავლესობა დემარშისთვის ემზადება, მოკლული დავით სარალიძის მამა კი აქციებისთვის.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც 5 სექტემბერს მიიღეს, პარლამენტის ბიუროს უკვე გაუგზავნეს და კანონმდებლობით, ბიურო ვალდებულია უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი პირველივე უახლოეს სესიაზე განიხილება. "ქართული ოცნება" დასკვნას "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს და დიდი ალბათობით რეკომენდაციებსაც არ გაითვალისწინებს. თუმცა სამართლის სპეციალისტების აზრით, დასკვნა სწორედაც პოლიტიკური უნდა იყოს და კომისიის მუშაობის ამ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. ხელისუფლების წინასწარი განცხადებების გამო კი ზაზა სარალიძე უკვე აქციებს აანონსებს.

რა წერია კომისიის დასკვნაში

მოქმედი კანონმდებლობით, საგამოძიებო კომისია 3 თვით იქმნება, თუმცა საკითხიდან გამომდინარე, სამჯერ თითო თვით ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია. ამ კომისიას დამატებითი დრო არ დასჭირვებია.

ფაქტობრივად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომისიაში ბერკეტები ოპოზიციას ჰქონდა და სწორედ ამის გამო არსებობდა მოლოდინი, რომ კომისია ხელშესახებ ფაქტებს გამოავლენდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი.

"ევროპულმა საქართველომ", რომელიც კომისიაში უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, 67-გვერდიანი დასკვნა შეიმუშავა. დოკუმენტში ლაპარაკია ხელისუფლების უმაღლესი წევრების - შს და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ყოფილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე და მირზა სუბელიანის, მიხეილ კალანდიასა და გამომძიებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე.

ეს დასკვნა მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მხარი არ დაუჭირა. "ევროპულმა საქართველომ" დოკუმენტის მიღება იმის წყალობით მოახერხა, რომ კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. სამაგიეროდ, ჩავარდა "ქართული ოცნების" დოკუმენტი, რომლის შინაარსი ბოლომდე უცნობი იყო და როგორც აღმოჩნდა, ""ევროპული საქართველოს" არც ერთ დასკვნას არ იზიარებდა. სამაგიეროდ, მათ ოპოზიცია "პოლიტიზებული დოკუმენტის" მიღებაში დაადანაშაულეს და ისიც განაცხადეს, რომ "კომისიამ მიზნები ვერ შეასრულა".

კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებით, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მოწმეთა გამოკითხვის შედეგად მოიპოვა კომისიამ და რაც მიხეილ კალანდიას მიმართ საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს "ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ დაიწყოს მ.კ.-ს სისხლისსამართლებრივი დევნა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ, რომ ის მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. ჩვენ კომისიის ფარგლებში დავადგინეთ კონკრეტული გარემოებები. მათ შორის ისიც, რომ მას ხელთ ჰქონდა კონკრეტული საგანი, როგორც ჩხუბამდე, ასევე იყენებდა ჩხუბის პროცესშიც და საუბრობდა ჩხუბის შემდეგ, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ცდილობდა, რომ ის დაეგდო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა".

მეორე თემაა საქმეში მირზა სუბელიანის მონაწილეობაზე პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. მათ შორის დასახელდნენ პროკურორი ფხაკაძე და საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი. კომისიის დასკვნით, გამოძიება უნდა დაიწყოს, მინიმუმ, გულგრილობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლებით. მესამე საკითხი ის არის, რომ საგამოძიებო პროცესში არ გამოუკითხავთ მირზა სუბელიანის ახლობლები, არ ჩატარებულა ჩხრეკა და გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც მაშინ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო. მეოთხეა თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, კომისიის დასკვნით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შს და იუსტიციის მინისტრებმა იმ ნაბიჯებისთვის, რომელიც გადადგეს ან არ გადადგეს, და ასევე იმ განცხადებებისთვის, საქმის გამოძიების დროს რომ აკეთებდნენ.

კაპანაძის განმარტებით, ერთ თვეში "ევროპული საქართველო" მოითხოვს, რომ პარლამენტში მივიდეს მოქმედი შს მინისტრი და ჩააბაროს დეპუტატებს ანგარიში, თუ როგორ სრულდება კომისიის რეკომენდაციები.

"როგორ შეიძლება ეს პოლიტიზებული არ ყოფილიყო?"

როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ დასკვნის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება გაიზიარა.

"მე შევაფასებდი ზოგადად საგამოძიებო კომისიის ფუნქციას, რომლის მთავარი ფუნქციაა გამოძიებაში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებაზე. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, რა თქმა უნდა, ეს ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკური შეფასებებია, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის, მთავარი ის გახლავთ, რომ ყველანი დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართველი საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ აღმოუჩენიათ მნიშვნელოვანი ხარვეზი ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი კომისია","- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თუმცა, ამ შეფასებას ოპოზიციისა და ანალიტიკოსების ნაწილი არ იზიარებს.

ლევან ალაფიშვილი, სამართალმცოდნე: - ამ კომისიის მიზანი სისტემური ხარვეზების გამოვლენა იყო და გამოვლინდა. ეს არის მთავარი. კომისია მუშაობდა პარლამენტში, რომელიც პოლიტიკის კეთების ადგილია, სისტემური პრობლემის გამოვლენა პოლიტიკური პროცესია და როგორ შეიძლება ეს პოლიტიზებული არ ყოფილიყო? სხვა საკითხია, თუ ამას ვინმე საკუთარი პარტიული მიზნისთვის გამოიყენებს, მაგრამ დასკვნაზე ამის თქმა, რომ პოლიტიზებულია და ამის გამო ცუდია, არასერიოზულია".

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ "საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი არის პროკურატურისთვის".

მოსალოდნელი შედეგი

რა რეაგირებას მოახდენს ხელისუფლება კომისიის დასკვნაზე, რამდენიმე დღეში გამოჩნდება, როდესაც დასკვნას სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე განიხილავენ. მთავარი პროკურატურა საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნაზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს. მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ "პარლამენტის დადგენილებას ელოდებიან".

უკვე ცნობილია, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება" ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტისთვის დადგენილების მიღების შეთავაზებას აპირებს. ლაპარაკია პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის გამოყენებაზე, რომლის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გადაწყვეტილების პროექტის თაობაზე დადგენილებას იღებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დადგენილებაში რა ჩაიწერება.

"არ არის გამორიცხული, ფრაქციამ იმსჯელოს დადგენილების პროექტზე და პარლამენტში გამოვიდეს დადგენილების მიღების ინიციატივით, რომელიც გაჯერებული იქნება მკაცრი რეკომენდაციებით. "არ ვაპირებთ, რომ თუნდაც ერთ ადამიანს დარჩეს განცდა იმისა, რომ ამ საქმეში ვინმეს ხელს ვაფარებთ, მაგრამ დასკვნები უნდა იყოს ობიექტური.""ევროპულ საქართველოს" სურს გააჩინოს განცდა იმისა, რომ 17 წლის მ.კ.-ს გამო პოლიტიკურ ჰარაკირის ვიტარებთ, ასე ნამდვილად არ არის","- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დაანონსებული აქცია

პარალელურად მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, აქციების დაწყებას გეგმავს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიამ ვერ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას - ვინ მოკლა მისი 16 წლის შვილი. ის ხელისუფლებას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს და 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს.

"სამარცხვინოა ეს დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზეზი, ვინ მოკლა დავით სარალიძე და არა ვინ გაღუნა დანა. ვინც გაღუნა დანა, ისიც დამნაშავეა, მან ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას. დღეს ჩვენ ვიღებთ იმას, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას? რას ელოდებიან? პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს. ეს მინდა შევახსენო მდინარაძეს, რომელიც საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება. ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მაგათ არ შევარჩენ,"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსა მაჩაიძე