"შავი სამყაროს" ინსტიტუტი შევარდნაძის დროსაც მუშაობდა და დღესაც მუშაობს..." - კვირის პალიტრა

"შავი სამყაროს" ინსტიტუტი შევარდნაძის დროსაც მუშაობდა და დღესაც მუშაობს..."

"არ არის გამორიცხული, ბანკების ძარცვა-ყაჩაღობა "მაზავშიკების" საქმე იყოს"

"ბანკის დაყაჩაღება თუ გამოუვა, წაგებულს გაისტუმრებს, თუ არადა, იტყვის, მე ვცადე საქმის კაცურად ბოლომდე მიყვანა, მაგრამ "გავისროკეო". თუ დააკავეს, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილი "გაურასხოდონ", ნაწილი კი შემდეგისთვის დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, მისი დაჭერა იმ ვალდებულების შესრულების მცდელობად ჩაითვლება, რაც "მაზავშიკისგან" ჰქონდა აღებული"

რამდენიმე დღის წინ წერეთლის პროსპექტზე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს, თუმცა დამნაშავემ ვერ მოასწრო - დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ეს ბანკი გასული წლიდან დღემდე მეოთხედ გახდა მძარცველების სამიზნე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბანკის, უმეტესად "ლიბერთისა" და "საქართველოს ბანკის" ფილიალების, ძარცვა-ყაჩაღობის ათეულობით შემთხვევა მოხდა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, მსგავსი დანაშაულების 70% "მაზავშიკებს" უკავშირდება. კერძოდ, როდესაც მოთამაშე დიდ თანხას აგებს, ის ბანკის გატანაზე მიდის. თუ გაუმართლა, ხომ კარგი - წაგებულს იხდის, თუ დააკავეს, ამ შემთხვევაშიც "პირნათელი" გამოდის მოგებულთან, იმ პრინციპით, რომ დიდ რისკზე წავიდა, ბევრს ეცადა, მაგრამ გაიჭედა და "გაისროკა".

ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ კომპეტენტურ პირებთან, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ საქმე მართლაც მოთამაშეებსა და დიდ თანხებს უკავშირდებოდეს.

ემზარ საბანაძე, სისხლის სამართლის სპეციალისტი, "საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტი:

- სავსებით შესაძლებელია ეს მართლაც "მაზავშიკების" საქმე იყოს. თუ ახლა ბანკებში შედიან, წინათ ოჯახებში შედიოდნენ. ალბათ, გახსოვთ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ოქროს ბირჟაზე შევარდა და ლომბარდი გაიტანა. ის ახალგაზრდა სამარშრუტო ტაქსით დასავლეთისკენ მიდიოდა, რა დროსაც მცხეთის ხიდზე სპეცრაზმმა ტაქსი ალყაში მოაქცია. როგორც გაირკვა, ახალგაზრდას ფული ჰქონდა წაგებული და ამიტომ შეიქნა იძულებული, დანაშაული ჩაედინა. როცა მოკლეს, ეს "მაზავშიკებში" საპატიო მიზეზად ჩაეთვალა და მისი ოჯახისთვის თანხა აღარავის მოუთხოვია.

"შავი სამყაროს" ინსტიტუტი შევარდნაძის დროსაც მუშაობდა და დღესაც მუშაობს.

- რითია განპირობებული ამ ინსტიტუტის "უკვდავება"?

- უფრო იმის ბრალი მგონია, რომ დღეს ადამიანებს აღარ ეშინიათ ციხეში წასვლის. დღევანდელმა ხელისუფლებამ პატიმრებს ციხეში ისეთი კარგი პირობები შეუქმნა, აღარ აშინებთ იქ მოხვედრა. ცუდი ის არის, როდესაც პატიმრები ციხიდან გამოდიან, თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ, იძულებული არიან, დანაშაული ჩაიდინონ და კვლავ ციხეში დაბრუნდნენ.

- მოთამაშეს რით გაექვითება წაგებული? თუ ბანკის გატანას შეეცდება, მაგრამ დააკავებენ, ეს საკმარისია, რომ ვალი აღარ მოსთხოვონ?

- მათ ვადა ეძლევათ. ბანკში შესვლას მას თავისი ვალდებულების შესრულების მცდელობად ჩაუთვლიან. თუ გამოუვა, წაგებულს გაისტუმრებს, თუ არადა, იტყვის, მე ვცადე საქმის კაცურად ბოლომდე მიყვანა, მაგრამ "გავისროკეო". თუ დააკავეს, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილი "გაურასხოდონ", ნაწილი კი შემდეგისთვის დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, მისი დაჭერა იმ ვალდებულების შესრულების მცდელობად ჩაითვლება, რაც "მაზავშიკებისგან" ჰქონდა აღებული. ამაზე წამსვლელი სამართალდამცველებთან არასოდეს აღიარებს დანაშაულის მოტივს, ეს, უკაცრავად და, ბოზობაში ჩაეთვლება. ასე რომ, შეიძლება კი არა, დიდი ალბათობით, ბანკების ძარცვა-დაყაჩაღებაში დიდწილად "მაზავშიკების""ხელი ურევია. ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფო კონტროლი და საკანონმდებლო ინიციატივები.

- კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა? - ოპერატიულმა სამსახურებმა კარგად იციან ის ადგილები, სადაც თამაშობენ "მაზავშიკები". კარგი იქნება უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის აღდგენა. მან კარგად იცის, ვინ ცხოვრობს მის უბანში, ვინ რას საქმიანობს. ბავშვთა ოთახების აღდგენაც საშური საქმეა - დანაშაულების 70%-ს არასრულწლოვნები სჩადიან. ბავშვებმა კარგად იციან, რომ 14 წლამდე ყველაფერი შერჩებათ.

- "მაზავშიკები" უმთავრესად სად თამაშობენ? - თამაშობენ როგორც ტოტალიზატორებში, ისე ინტერნეტშიც. ერთსა და იმავე უბნებში და ერთი და იგივე პიროვნებები 24 საათი რომ უსხედან ნარდს, მაზიანზე თამაშობენ. ვინც კომპიუტერის მეშვეობით თამაშობს, ეგენიც "მაზავშიკები" არიან. ამ საქმეს სამართლებრივად უნდა მიხედვა, თუ აკრძალვა არ შეუძლიათ, კონტროლი მაინც გაუწიონ. მართალია, ყველაფრის აკრძალვამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ ხომ აქვთ ოპერატიული თვალთვალისა და მიყურადების საშუალება?

ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება როგორც ძალოვანების მუშაობა, ასევე მასმედიის მიერ ფაქტების სწორად გაშუქება. ინფორმაციის კონკრეტულ ჭრილში მიწოდება ქმნის სასურველ საზოგადოებრივ აზრს.

- როგორც ვიცით, კანონი ბანკების დაცვის თანამშრომლებს შეზღუდვებს უწესებს, მაგალითად, იარაღის გამოყენებაში. - კანონით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ყველას არა აქვს და ამიტომ ბანკი ყოფილი ოფიცრების (რომელთაც აქვთ ამის უფლება) დაქირავებას ცდილობს.

"პოლიციის შესახებ" კანონის თანახმად, დაცვის თანამშრომელს ყოველთვის არა აქვს იარაღის გამოყენების უფლება. მას დამნაშავე პირის დაჭერის უფლებაც არა აქვს, მხოლოდ - შეჩერების. თავდამსხმელი იარაღს რომც გიმიზნებდეს, თუ ესვრი, მერე იმის მტკიცება მოგიწევს, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და გასროლა გარდაუვალი იყო.

ბანკის დაცვის თანამშრომელი 400-500 ლარისთვის და პოლიციელი 800 ლარისთვის თავს არავის შეაკლავენ. სახელმწიფო დაცვის ბევრ თანამშრომელს ინსტრუქტაჟი არც უტარდება, არ იციან, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში, მათ იარაღს ვერც ჩააბარებ. კერძო დაცვის თანამშრომლები ბანკში სიმბოლურად დგანან.

ჩვენ პრევენციაზე უნდა ვიმუშაოთ, შედეგებზე კი არა. მოთამაშე ბანკის დამყაჩაღებელიც ხომ ჩვენი მოქალაქეა? ის ვითარების, საკანონმდებლო აქტებისა და "მაზავშიკების" მსხვერპლია. მას არავინ იცავს და რა ქნას? მას ხომ წინასწარ არ ჰქონია დანაშაული განზრახული?

ყველაფრის გამოსწორება შეიძლება კანონმდებლობით. უპრიანი იქნება, კანონს წერდეს არა მარტო თეორეტიკოსი, არამედ პრაქტიკოსიც, რომელიც ამ პრობლემებს კარგად იცნობს.

ნანა ფიცხელაური