"რაღად გვინდა სასამართლო, თუ პოლიცია ყოველთვის მართალია?!" - კვირის პალიტრა

"რაღად გვინდა სასამართლო, თუ პოლიცია ყოველთვის მართალია?!"

ფოტოზე: ბექა მშვილდაძე

რატომ ხელმძღვანელობენ მოსამართლეები საბჭოთა მილიციის დროინდელი კოდექსით

"პალიტრანიუსის" ოპერატორი ბექა მშვილდაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს.

"კეფაში, თავში, გვერდებში, გამეტებით მირტყამდნენ"

ბექა მშვილდაძე: - 13 აგვისტოს მანქანით მივდიოდით ბელიაშვილის ქუჩაზე, როცა საპატრულო ეკიპაჟმა გაგვაჩერა. მანქანიდან გადმოგვიყვანეს... ჩემი მეგობარი, რომელიც საჭესთან იჯდა, პატრულის მანქანისკენ რომ წაიყვანეს, ვკითხე, რატომ მიგყავთ-მეთქი, მეგონა, აკავებდნენ. თურმე სახის ამომცნობთან მიჰყავდათ. ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. პატრულის თანამშრომელი აგრესიულად იქცეოდა. ვუთხარი, ტელევიზიით რა ჯიგრები ხართ და ახლა რა ხდება-მეთქი. უკმეხად რომ მიპასუხა, ვუთხარი, გასაგებია, ახალგაზრდა კაცი კაპიტნობას როგორც მიაღწევდი-მეთქი. ეს ვთქვი თუ არა, მაშინვე დამაკავეს.

სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, გამეტებით მირტყამდნენ კეფაში, თავში, გვერდებში... მას შემდეგ რაც მანქანაში ჩამსვეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა... პოლიციელების მტკიცებით, მე პატრულის ერთ-ერთი თანამშრომლის მისამართით უწმაწური სიტყვა ვთქვი, რაც სიცრუეა. ამას ადასტურებს სასამართლოზე წარდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერი, სადაც ის სიტყვა, რომლის თქმასაც პოლიციელები მაბრალებენ, საერთოდ არ ისმის. სამაგიეროდ, ამ სამხრე კამერის ჩანაწერი წყდება ზუსტად დაკავების მომენტზე, ანუ არ არის დაფიქსირებული, თუ როგორ მირტყამენ პოლიციელები და მაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას (მითხრეს, კამერა გაფუჭდაო)... სასამართლოზე მთავარი მოწმე ის პოლიციელი იყო, რომელმაც დამაკავა. მოსამართლემ ნახა სამხრე კამერის ჩანაწერი და მიუხედავად ამისა, მაინც მე დამაჯარიმეს 1.500 ლარით... პარალელურად, პოლიციელების ძალადობაზე რეაგირების მიზნით მივმართე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, თუმცა პასუხად მივიღე, რომ პატრულის თანამშრომლების მოქმედებაში დისციპლინური გადაცდომა არ დადასტურდა. გარდა ამისა, ოფიციალურად მოვითხოვე ყველა იმ პოლიციელის სამხრე კამერის ჩანაწერი, რომლებიც ჩემს დაკავებას ესწრებოდნენ. ვთქვათ, ერთი სამხრე კამერის ჩანაწერი გაფუჭდა, სხვა პოლიციელების სამხრე კამერებს ხომ უნდა ჩაეწერათ?! თუმცა ამ დრომდე ჩანაწერებს არ მაძლევენ.

დღემდე ვერ გამირკვევია, რატომ დამაკავეს. ნასვამი ვიყავი, მაგრამ საჭესთან არ ვმჯდარვარ, მშვიდად ვესაუბრებოდი პატრულს. როცა პრეტენზია გაქვს პატრულთან, მაინცდამაინც მაშინ რატომ ფუჭდება სამხრე კამერა და ჩანაწერი იკარგება? მთელი სისტემა პოლიციელს იცავს. პატრული ყოველთვის მართალია და რიგითი მოქალაქე ყოველთვის მტყუანი?"

"სასამართლო აპრავებს შსს-ს პოზიციას და მოქალაქე ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას"

ლია მუხაშავრია, იურისტი: - დღეს საქართველოში მოქმედებს გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანუ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომლის მიხედვით, მოსამართლემ 24-საათიან ვადაში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. ვადებისა და იმ მახინჯი პრაქტიკის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებისა და შეჯიბრებითობის პროცესი, ჩამოყალიბდა მახინჯი სისტემა - ოქმს ადგენს პოლიციელი, მოწმედ გამოდის პოლიციელი და დაკავებულმა მოქალაქემ სხვა მოწმეც რომ მიიყვანოს (თუ მოასწრო ეს 24-საათიან ვადაში), მოსამართლე მას მაინც არ უსმენს და მოქალაქეს აკისრებს ჯარიმას. საბოლოოდ კი ვიღებთ იმას, რომ სასამართლო აპრავებს შსს-ს პოზიციას და მოქალაქე ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არის რეპრესიების იარაღი და შესაძლებლობა ხელისუფლების ხელში თუნდაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ. ეს დაწყევლილი საბჭოთა პრაქტიკა ვერა და ვერ მოვიშორეთ. სხვათა შორის, მე პირადად მაქვს ეს გამოცდილი საკუთარ თავზე.

- თქვენც დაგაჯარიმეს? - ერთ-ერთმა მოქალაქემ მომაყენა შურაცხყოფა და მოსამართლემ მეც დამაჯარიმა და ისიც. წარმოგიდგენიათ, რა მახინჯი პრაქტიკაა, რომ მოსამართლე რეალობის გარკვევით არც კი დაინტერესდა. არადა, მე მოწმეები მყავდა, რომლებიც სასამართლოს შენობაში არც კი შეუშვეს. წარმოიდგინეთ, მე ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე და სხვა რა დღეში იქნება.

"სამწუხაროდ, სასამართლო მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს ეყრდნობა"

ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

- სამწუხაროდ, სასამართლო მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს ეყრდნობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც 1984 წელს არის მიღებული, განახლებას მოითხოვს, თუმცა ხელისუფლებამ ვერ დააყენა საშველი. დაბალი სტანდარტით განიხილება საქმეები, განსაკუთრებით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებია შემაშფოთებელი. ისე, სასამართლოს ახლაც შეუძლია უფრო მაღალი სტანდარტით განიხილოს საქმეები, ვიდრე ამას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. დიახ, თუ არ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი, არ არსებობს ნეიტრალური მოწმის ჩვენება და პირი, რომლის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, არ აღიარებს დარღვევას, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელის ახსნა-განმარტებით არ უნდა იხელმძღვანელოს.

- თუ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მოსამართლისთვის მთავარი პოლიციელის ჩვენებაა, როგორ უნდა დაამტკიცოს მოქალაქემ, რომ უდანაშაულოა? მაგალითად, ბექა მშვილდაძეს სამხრე კამერების ჩანაწერსაც არ აძლევენ.

- ეს მასობრივად ხდება და უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ვითხოვთ, რათა ეს არასწორი პრაქტიკა აღმოიფხვრას. რაღად გვინდა სასამართლო, თუ პოლიცია ყოველთვის მართალია.

P.S. მას შემდეგ, რაც ბექა მშვილდაძის ამბავი სხვადასხვა მედიასაშუალებით გაშუქდა, ჟურნალისტები შსს-ს კომენტარითაც დაინტერესდნენ, საიდანაც ასეთი წერილობითი პასუხი მიიღეს: "აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბექა მშვილდაძე საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 1 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა გადასახდელად. რაც შეეხება შსს-ს, გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა აღნიშნული ფაქტი და ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით პოლიციის მხრიდან გადაცდომის ფაქტი ვერ დაადასტურა. ამის შესახებ თვითონ ბატონ ბექასაც წერილობით ეცნობა გენერალური ინსპექციის მხრიდან, სხვა სატელეფონო და სატელევიზიო კომენტარი აღარ გაკეთდება..."

თეა ხურცილავა