"გოგო შემიყვარდა და ბოროტი განზრახვა არ მქონია. სიყვარულისთვის სჯიან?" - კვირის პალიტრა

"გოგო შემიყვარდა და ბოროტი განზრახვა არ მქონია. სიყვარულისთვის სჯიან?"

ადევნების, თვალთვალისა და სატელეფონო თუ სოციალური ქსელით უკანონო კომუნიკაციისთვის შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეთ

სისხლის სამართლის კოდექსით ადევნება ისჯება და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გასულ წელს კანონში ცვლილება შევიდა. გამოძიება შარშან 19 საქმეზე დაიწყო. უმეტეს შემთხვევაში ბრალი დადასტურდა, თუმცა მოსამართლეები ბრალდებულებს ციხეში გასაშვებად მაინც ვერ იმეტებდნენ და, ძირითადად, პირობით სასჯელებს უსჯიდნენ, უფრო ხშირად კი ჯარიმებს ახდევინებდნენ.

გახმაურებული იყო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საქმე. ჟურნალისტი სოციალური ქსელში წერდა, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავდა, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ფულს სთხოვდა. ტელეწამყვანმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენიმე თვის წინ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს, სწორედ ეს ახალი მუხლი წაუყენეს 48 წლის მამაკაცს და მუქარისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებებიც ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტს ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. ექსპერტიზა დაინიშნა, რადგან ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვქვეშ დადგა. გაირკვა, რომ მამაკაცი შეურაცხადია და საზოგადოებისთვის საშიში. ამიტომ ის ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მან იქიდანაც მოახერხა ჟურნალისტთან დარეკვა და დამუქრება.

ამ მუხლით დააკავეს რევაზ კიკვიძეც, თუმცა ის დღემდე ციხეში რჩება და განაჩენს ელოდება. როგორც მისი ადვოკატი გოჩა კილასონია ამბობს, რევაზი ციხეში სიყვარულის გამო აღმოჩნდა:

- რევაზ კიკვიძე გუდაუთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, არის აფხაზეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი. ცხოვრობს რუსთავში. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. რევაზი ქუთაისში ნათესავთან ხშირად ჩადიოდა. იქ გაიცნო გოგონა, რომელიც ძალიან შეუყვარდა და მასთან ურთიერთობის აწყობას ცდილობდა. გოგონას დაჰყვებოდა, თუმცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, გოგონას ახლობლები ემუქრებოდნენ. ერთ დღეს ქუჩაში უცნობი მამაკაცი დახვდა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. რევაზი რამდენიმე თვე რეანიმაციაში იწვა. ეს ინციდენტი 2017 წლის 17 ნოემბერს მოხდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ რევაზი კლინიკიდან გამოწერეს და შინ, რუსთავში იყო, მას მერე ის ქუთაისში აღარ ჩასულა. დააკავეს ის ახალგაზრდა, რომელიც სასტიკად გაუსწორდა კიკვიძეს. თუმცა 1000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს.

- თუ დაზარალებული იყო რევაზი, მის წინააღმდეგ საქმე რატომ აღიძრა?

- როცა ძალოვანებმა ის ბიჭი დააკავეს, გოგონამ მაშინვე საჩივარი შეიტანა პოლიციაში და რევაზ კიკვიძის დასჯა მოითხოვა. ეტყობა, ამით სურდა ის დამნაშავე ბიჭი ციხისთვის აერიდებინა. ამბობდა, რომ რევაზი ურეკავდა, ხვდებოდა ქუჩაში და ავიწროებდა. ამიტომ პარალელურად საქმე აღძრეს რევაზის წინააღმდეგაც. არადა, მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს, იმ გოგოსკენ არც გაუხედავს. ამის მიუხედავად, განცხადების შეტანიდან 6 თვის შემდეგ რევაზი დააკავეს. ...

რეზო ამბობს, გოგო შემიყვარდა და არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონიაო... სიყვარულისთვის სჯიან?

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

თეა ხურცილავა