ვინ არის შაკირასა და ჟერარ პიკეს სახლის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი"? - კვირის პალიტრა

ვინ არის შაკირასა და ჟერარ პიკეს სახლის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი"?

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე ("გოგიტა") დააკავა. მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების, მათ შორის მომღერალ შაკირას და "ბარსელონას" ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვაში მონაწილეობა ედება, რის თაობაზეც ადგილობრივი მედია წერს.

მისი ინფორმაციით, "გოგიტა" ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები.

"იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, "გოგიტას" ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა. ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება - სამაგიეროს მათ "გოგიტა" ასე უხდიდა", - წერს გამოცემა

ვინ არის გოჩა მაისურაძე?

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, გოჩა მაისურაძე, მეტსახელად "გოგიტა" 54 წლისაა, თბილისშია დაბადებული, თუმცა უკვე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

ის "კანონიერ ქურადად" ჯერ კიდევ 1996 წელს "აკურთხეს", რის მერეც არაერთ კრიმინალურ და არა მხოლოდ, სკანდალში გაეხვა.

2008 წელს "გოგიტა" დააკავეს რუსეთში, კერძოდ სევასტოპოლის მხარეში ნარკოტიკის დიდ პარტიასთან ერთად, რის შემდეგაც ნახევარი წელი გაატარა ციხეში, გათავისუფლების შემდეგ იგეგმებოდა მისი, როგორც არალეგალის, რუსეთიდან დეპორტაცია, თუმცა მაისურაძემ განაცხადა, რომ გულის პრობლემები ჰქონდა, ექიმმაც დაუსვა "კარდეოლოგიური კრიზისის" დიაგნოზი, რის შედეგადაც საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც "აორთქლდა".

უკვე 2009 წელს, მაისში სტავროპოლში დააკავეს 45 წლის ქართველი, ვინმე ნიკოლოზ გაგნიძე, რომელიც სინამდვილეში გოჩა მაისურაძე, იგივე "გოგიტა" აღმოჩნდა. მას კვლავაც ჰეროინის დიდი პარტია გადაჰქონდა. მაისურაძეს თავდაპირველად 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ ესეც გადაიხედა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

რუსეთში ის მიიჩნეოდა საშუალო რგოლის "კანონიერ ქურდად", რომელსაც მაინც და მაინც დიდი გავლენა არ ჰქონდა კრიმინალურ სამყაროზე.

"კანონიერი ქურდების" ომში, რომლის დროსაც ერთ მხარეს იყო "დედ ჰასანის" დაჯგუფება, მეორე მხარეს კი მერაბ ჯანგველაძისა ("სოხუმსკი") და ტარიელ ონიანის ("ტაროს") კრიმინალური ჯგუფი, "გოგიტა" ამ უკანასკნელთა მხარეს "იბრძოდა". 2013 წელს ის იღებდა მონაწილეობას დაპირისპირებაში, რომელიც თურქეთში საქმის გარჩევისას მოხდა.

იტალიელ სამართალდამცავთა თქმით, იტალიაში ყოფნისას გოჩა მაისურაძე მერაბ ჯანგველაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრი და მისი მარჯვენა ხელი იყო.

2013 წელს ევროპოლმა, იტალიის მოთხოვნით, ერთდროულად სპეცოპერაცია ჩაატარა ჩეხეთში, ლიტვაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში და დააკავა ჯანგველაძის კლანის წვერები, მათ შორის იყო გოჩა მაისურაძე, რომელიც მილანში აიყვანეს. წყარო

ამის შემდეგ მის შესახენ ინტერნეტში ინფორმაცია აღარ იძებნება, თუ არ ჩავთვლით ახლახან ესპანური მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაისურაძე ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

იხილეთ ასევე: რა აკავშირებდა ქურდული სამყაროს "გენერალ სიმუსს" სააკაშვილთან და რატომ ელიან დიდ "ქურდულ ომს?"

მოამზადა ნიკა გულუამ