"ქალს თავისუფლება აღუკვეთაო, არადა, ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ ცოტნეს ქალი წინააღმდეგობას არ უწევდა" - მკვლელობის მიზეზი ქალია? - კვირის პალიტრა

"ქალს თავისუფლება აღუკვეთაო, არადა, ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ ცოტნეს ქალი წინააღმდეგობას არ უწევდა" - მკვლელობის მიზეზი ქალია?

ფოტოზე: მკვლელობაში ბრალდებული ცოტნე გოგობერიშვილი

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ცოტნე გოგობერიშვილს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის ამჟამად გლდანის ციხეშია გამოკეტილი და სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. ბრალდებულს ძალოვანები 9 აგვისტოდან ეძებდნენ. მას განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებასა და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, რაც 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოვლენები 8 აგვისტოს ასე განვითარდა: იმ დღეს გია ფეიქრიშვილი მეუღლესთან, თეა ბარსონიძესთან ერთად რესტორანში დაბადების დღეზე იყო. იქიდან ცოლ-ქმარი ადრე წამოვიდა. ამბობენ, ცოლს უთქვამს, ცუდად ვარ და სახლში წავიდეთო. ვარკეთილში, სადარბაზოსთან მათ შეიარაღებული მამაკაცი დახვდა. როგორც ჩანს, ფეიქრიშვილსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკებაც მოხდა, ამის შემდეგ ბრალდებულმა მისი მისამართით ორჯერ გაისროლა და მეუღლე ქალს თვალწინ მოუკლა. დაჭრილი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. სწორედ ამ დროს სადარბაზოსთან ამავე კორპუსში მცხოვრები სხვა წყვილი მოვიდა, 48 წლის ლაშა ქართველიშვილი წინ მიდიოდა, უკან ცოლი მიჰყვებოდა. როგორც კი ლაშამ სადარბაზოში ფეხი შედგა, მას ტყვია დაახალეს. მათი მისამართითაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ორჯერ გაისროლა. ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა ლაშას და ტყვიის ძალამ ის სადარბაზოს გარეთ, ეზოში გადაისროლა. მომხდარით შეძრული მისი მეუღლე დაჭრილი ქმრის გადარჩენას შეეცადა. იქვე აფთიაქში გაიქცა და "სასწრაფოც" გამოიძახა. ლაშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რადგან მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ექიმებმა გადაარჩინეს. ბუნებრივია, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაშინ უბანში ამბობდნენ, რომ დამნაშავემ ფეიქრიშვილის ცოლი ძალით გამოიყვანა. ის იქვე მდგარ მანქანაში ჩასვა და იქაურობა დატოვეს.

სროლის ხმაზე გარეთ გამოსულ მეზობლებს სადარბაზოსთან უმძიმესი სურათი დახვდათ: სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, ის უკვე გარდაცვლილი იყო. გიას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მოგვიანებით თქვეს, რომ ქუჩაში იპოვეს გატაცებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს სახლში.

ქალი ძალოვანებმა მაშინვე დაჰკითხეს. სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. მეორე დღესვე უკვე ცნობილი იყო, რომ ცოტნე გოგობერიშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებდნენ. მკვლელობის მოტივად თავიდანვე ეჭვიანობა სახელდებოდა. დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა ბრალდებულს და მასზე ძებნა გამოცხადდა. მართალია, მაშინ არ დაუკონკრეტებიათ ძალოვანებს, რას გულისხმობდა ეჭვიანობის მოტივით ჩადენილ დანაშაულში და რატომ მოუკლა ქალს ქმარი. თუმცა, მომხდარზე ვერსიები მაშინვე გავრცელდა. უბანში ამბობდნენ, რომ დამნაშავეს მოკლულის ცოლი უყვარდა. ისიც თქვეს, რომ ბრალდებული ნასამართლევია, მას ეს გოგო უყვარდა, მერე დაიჭირეს, გოგო კი გათხოვდა. ციხიდან გამოსულმა ბიჭმა ყოფილ შეყვარებულზე შური იძიაო. თუმცა, დღეს ეს ვერსია არ დასტურდება.

მოკლული გია ფეიქრიშვილი

როგორც ირკვევა, ცოტნე გოგობერიშვილი ნასამართლევი არასოდეს ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, ბრალდებულსა და მოკლულის ცოლს შორის სასიყვარულო ურთიერთობა იყო. ბრალდებულის ახლობლები ირწმუნებიან, მიუხედავად იმისა, ქალს ოჯახი, ორი შვილი ჰყავს, არც მეუღლესთან იყო გაშორებული, 2 წლის მანძილზე ხშირად ხედავდნენ მას ცოტნესთან ერთად, ცოტნეს სახლშიც უნახავთ. იმასაც ამბობენ, ცოტნეს შეუყვარდა და მის ცოლად შერთვას აპირებდაო. მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ დაშორდა ქალი მეუღლეს ოფიციალურად და რატომ მივიდა საქმე მკვლელობამდე? იმედია, ამაზე თავად ბრალდებული და მოკლულის ცოლი გასცემენ პასუხს. ალბათ ბევრ დეტალს ფარდა აეხდება გამოძიების პროცესში და რეალობა გაირკვევა. იმასაც ამბობენ, ქალს ეშინოდა და სახლიდან ამიტომ ვერ მიდიოდაო. თეა ბარსონიძე ფეიქრიშვილის მეორე მეუღლე იყო. გიას პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, რომელიც გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. დაზარალებულად არის ცნობილი თავად ბარსონიძეც, რადგან ბრალდებულს მისი გატაცების ბრალდებაც აქვს ოფიციალურად წარდგენილი.

ნანა ფილაური, ადვოკატი:

- ცოტნე დუმილის უფლებას იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ. მას ჯერ ჩვენება არ მიუცია, რადგან სტრესულ მდგომარეობაშია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალოვანებმა ის დააკავეს. რეალურად კი, ის თვითონ გამოჩნდა და პოლიციას ჩაბარდა. ახლა დამშვიდდება და მისცემს ჩვენებას. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მომხდარს ძალიან განიცდის. მას ჰქონდა შესაძლებლობა, არ გამოცხადებულიყო, მაგრამ ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და თქვა, - ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, რა დოზითაც არ ვარ მართალი, იმ დოზით პასუხი უნდა ვაგოო.

- ქალბატონო ნანა, ამოღებულია მკვლელობის იარაღი? გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ბრალდებულის მამის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით მოხდა.

- იარაღი არ არის ამოღებული. ცოტნეს მამა ყოფილი პოლიციელია, მას სახლში ჰქონდა რეგისტრირებული იარაღი, რომელსაც სეიფში ინახავდა. სეიფიდან არის იარაღი აღებული და სწორედ ამ ნაწილშია მამამისი დაზარალებულად ცნობილი. იმ იარაღით არის თუ არა მკვლელობა ჩადენილი, ჯერ არ ვიცით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მაგრამ ჯერ პასუხები არ არის. ვარაუდობენ, რომ ამ იარაღით მოხდა მკვლელობა. თავიდან არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა საინფორმაციო საშუალებებით. ითქვა ისიც, რომ ნასამართლევია, მაგრამ ეს სიცრუეა. ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანია. სტიქაროსანი იყო, პატიოსნად ცხოვრობდა. დადიოდა მონასტერშიც. უცხოეთშიც ბოლო პერიოდში ორჯერ იყო წასული და დაბრუნდა. ნამდვილად დადებითი ადამიანია. ძალიან განიცდის მომხდარს. პირველად მე და გამომძიებელი შევედით ციხეში. რომ ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი? - სული მტკივა ძალიანო, მიპასუხა. მისმა სიტყვებმა იმოქმედა ჩვენზე. ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას.

- ბრალდებულის ახლობლები იმასაც ამბობენ, ქალმა შეიყვანა შეცდომაშიო. მას უყვარდა მოკლულის ცოლი. ქალი ეუბნებოდა, ძალადობის მსხვერპლი ვარ, ქმრისგან წამოსვლა მინდა, მაგრამ ვერ მოვდივარო. ამაზე რას იტყვით?

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი დაკავებულიც იყო მკველელობაში თანამონაწილეობისთვის, მაგრამ ეს სიცრუეა, დაზარალებულის სტატუსი აქვს. ქალის პირად ცხოვრებაზე ვერ ვისაუბრებ და ვერ გეტყვით, ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა.

- ქალი თურმე თავის ჩვენებაში ამბობს, 2 წელია, ჩემს ქმართან ურთიერთობა არ მაქვსო. მეუღლე მართლა არ აძლევდა დაშორების უფლებას? რას ამბობს ქალი თავის ჩვენებაში? - ამას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, ვიღაცასთან იძულებით იყო თუ არა. არ შემიძლია მათ პირად ცხოვრებაზე საუბარი. არც ჩემს დასაცავს უსაუბრია ჯერჯერობით. იმას გეტყვით მხოლოდ, იმ დღეს ცოლი დაბადების დღეზე მეუღლემ წაიყვანა და იქიდან ადრე წამოვიდნენ, რადგან ცოლმა უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და სადარბაზოსთან მოხდა ეს მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს ჯერ არ მიუცია ჩვენება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქალი არ გაუტაცია. ცოტნე იქიდან იმიტომ წავიდა, რომ უარესი არ მომხდარიყო, იმავე მოტივით გაარიდა ეს ადამიანი იქაურობას. პოლიცია ედავება, ქალს თავისუფლება აღუკვეთაო. რას ნიშნავს თავისუფლების აღკვეთა? ჩასვა ტაქსიში და წამოიყვანა. დაკითხულია ტაქსის მძღოლი. ის იქ ელოდებოდა ცოტნეს. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ მას ქალი წინააღმდეგობას არ უწევდა. წამოიყვანა იქიდან ორივე და მერე ჩამოსვა. ადასტურებს, რომ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, რაც ჩვენებიდანაც იკვეთება. ჩვენებაში ქალი ამბობს, როცა ვუთხარი ცოტნეს, უნდა წავიდე-მეთქი, მაშინვე გამომიშვა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის სადღაც დაგდებული იპოვეს, ესეც ტყუილია. ის იქიდან თავისი ფეხით წამოვიდა.

- სად წაიყვანა ქალი ბრალდებულმა? ამბობენ, კუკიის სასაფლაოებთან მიიყვანაო, მართალია? - კუკიაზე ჩამოსვა ისინი ტაქსის მძღოლმა. სასაფლაოების მიმდებარედ იყვნენ რამდენიმე საათი ერთად. ქალს ტანსაცმელი ჰქონდა საშინლად დასვრილი და დათხუპნილი. ამიტომ ცოტნე წავიდა, მისთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი რომ მოეტანა. გაგრძელება