რას ამბობენ შსს-ში საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ შსს-ში საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხზე?

შსს საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხზე კომენტარს აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მთავრობა მარიხუანასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაციებზე მუშაობს, მათ შორის მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვაზე. ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.

"მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით", - განაცხადეს შსს-ში.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.