ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი იმსხვერპლა, მათ შორის 3 წლის ბავშვი - კვირის პალიტრა

ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი იმსხვერპლა, მათ შორის 3 წლის ბავშვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე ლ. ა. დააკავეს, რომელიც 1992 წელს არის დაბადებული.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ambebi.ge