პროკურატურამ "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

პროკურატურამ "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება იმ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყო, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ და საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

"სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს.

გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რა ხდება "იბერიაში"?