ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - კვირის პალიტრა

ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამად "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ფარულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

"რაც შეეხება დღევანდელ ჩანაწერს, რა თქმა უნდა გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. ამასთან, მედიასაშუალებებში უკვე გავრცელებული ჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან. რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზად ყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

"კურიერმა" დღეს "იბერიას" საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა".

იხილეთ ასევე: "ჩარეული ყავთ ანზორი, ბიძინას დაცვის უფროსი იყო... ფული უნდა გავანაწილოთ ანზორაზე..." - კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი?