"ჩემი შვილი მოკლულია, დამნაშავეს კი ხელს აფარებენ" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი მოკლულია, დამნაშავეს კი ხელს აფარებენ"

6 ივლისს, სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და სოფლის მაცხოვრებლებმა 14 სექტემბერს გორის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალგაზრდის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენას და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას ითხოვდნენ. მათ ამ დრომდეს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რამ იმსხვერპლა 18 წლის ახალგაზრდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება მოგვიანებით განიმუხტა. აქციას შვილმოკლული მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ.

ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რამ იმსხვერპლა ახალგაზრდა ბიჭი. გამოძიების მტკიცებით, ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა, თუმცა ამ ვერსიას თავდაყირა აყენებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის განცხადება, რომელმაც ცხედარი დაათვალიერა.

მერებაშვილები ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლულია და პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილის მკვლელებმა გაანადგურეს მტკიცებულებები და წაშალეს სისხლის კვალი იმ ადგილიდან, სადაც თორნიკე თანატოლებმა სასიკვდილოდ სცემეს.

მერაბ მერებაშვილი, თორნიკეს მამა:

- იმ უბედურების შემდეგ, სოფელში ამბავი მოიტანეს, რომ შემთხვევის ადგილას, ხელთუბანში ჩხუბის ხმა ისმოდა, ვიღაც ყვიროდა, არ მოკლათო. როგორც მითხრეს, ბიჭებს შორის მოხდა კამათი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მერაბ მერებაშვილი თორნიკეს ჯერ სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს, მერე სისხლის კვალი გააქრეს - ასფალტზე ზემოდან ზეთი დაასხეს. ამის შემდეგ, მომაკვდავი ჩემი შვილი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაუყვანიათ, იქ დააგდეს და მიატოვეს. თავიდან იმასაც ვვარაუდობდით, შეუძლოდ ხომ არ გახდა და გზაზე დაეცაო, მაგრამ ეს გამორიცხულია. არც ოფიციალურ ვერსიას ვენდობით, რომ თითქოს თორნიკე ავარიას ემსხვერპლა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავუტარეთ და მას არ აღენიშნებოდა ავტომანქანა დაეჯახების კვალი. მანქანას რომ გადაევლო, არ დაეტყობოდა? ჩემი თვალით დავათვალიერე მისი სხეული. დღემდე სამხარაულის ბიუროდან ექსპერტიზის პასუხი არ გვაქვს. ჩემი შვილი მოკლულია და არ მჯერა სამართალდამცველების ვერსიის, ისინი ვიღაცას აფარებენ ხელს, ნამდვილ მიზეზს და დამნაშავეს მალავენ. ველოდებით პასუხებს, თავზე საიდან ჰქონდა დაზიანებები? ბავშვი ცემით სიკვდილამდეა მიყვანილი. როგორც მითხრეს, ბიჭები ერთ-ერთ ოჯახში საქეიფოდ ყოფილან, იქ შეკამათებულან და ამას მოჰყვა ეს ამბავი. სიმართლეს მაინც გავარკვევ, ამ საქმეს ისე არ დავტოვებ.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრების და თანასოფლელების მიერ საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."

შსს-ს განცხადებითვე, "გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ თ.მ-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".

სამართალდამცავთ ინფორმაციით, "საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით, დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა."

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: აქცია გორის ცენტრში, რომელსაც ზაზა სალარიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეურთდნენ