"თორნიკემ დამირეკა და მითხრა, დაჭრილი ვარ და თბილისში მოვდივარო" - კვირის პალიტრა

"თორნიკემ დამირეკა და მითხრა, დაჭრილი ვარ და თბილისში მოვდივარო"

6 ივლისს, გამთენიისას სოფელ ხელთუბანში, გზაზე დაგდებული 18 წლის მომაკვდავი თორნიკე მერებაშვილი იპოვეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბურუსით მოცული საქმის გამოძიება უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით აღიძრა, რასაც გარდაცვლილის ოჯახი აპროტესტებს და ამბობს, რომ მათი შვილი არა ავტოსაგზაო შემთხვევას, არამედ თანატოლების სისხლიან გარჩევას შეეწირა. მათი მტკიცებით, თორნიკე მოკლეს და შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყვეს. გამოძიების ვერსიას, რომ ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, თავდაყირა აყენებს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება, რომელმაც მერებაშვილის ცხედარი დაათვალიერა. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები, თავზე კი ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა.

მერებაშვილები ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლულია და პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილის მკვლელებმა მტკიცებულებები გაანადგურეს და სისხლის კვალი წაშალეს იმ ადგილიდან, სადაც თორნიკე თანატოლებმა სასიკვდილოდ სცემეს. ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას და სიმართლის დადგენას ითხოვს. ახლობლებმა ორი კვირა მისცეს სათანადო ორგანოებს საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

როგორც ირკვევა, 6 აგვისტოს, თორნიკე მერებაშვილი თანასოფლელ ახალგაზრდებთან ერთად მის მეზობლად, კობლიაშვილების ოჯახში იმყოფებოდა - მათ ნივრის მოსავლის აღებაში ეხმარებოდა. ვახშმობის დროს ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შემდეგ გარჩევაში გადაიზარდა. ოჯახის ვერსიით, თორნიკე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი მომაკვდავი გზაზე დააგდეს, ავტოავარიის ინსცენირება რომ მოეწყოთ. სასწრაფო დახმარების ექიმებს აგონიაში მყოფი დახვდათ და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დღემდე გაურკვეველია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი.. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილმა გარდაცვალებამდე მის 16 წლის ბიძაშვილს დაურეკა. "კვირის პალიტრა" მიშიკო მერებაშვილს დაუკავშირდა.

მიშიკო მერებაშვილი, თორნიკეს ბიძაშვილი: - ორი დღის წასული ვიყავი თბილისში ჩემს დასთან. 6 აგვისტოს, ღამის 2-ის წუთებზე თორნიკემ დამირეკა და მითხრა, რომ დაჭრილი იყო და თბილისში აპირებდა ჩამოსვლას, ვკითხე, როგორ-მეთქი და, ეხლა ტაქსს ვხედავ და გამოვყვებიო. თორნიკეს სხვა არაფერი უთქვამს, ტელეფონი გამითიშა, მე კი დედამისს, ლალის მივწერე და ვუთხარი, შვილი მოეძებნათ. ჩემს შემდეგ თორნიკეს სახლშიც დაურეკავს. ვეცადე, გამერკვია, რა მოხდა სინამდვილეში, ვინ და რატომ დაჭრა თორნიკე. ყველამ იცის, კონფლიქტი რომ იყო და ამას მოჰყვა ეს ამბავი, მაგრამ დეტალებზე არავინ არაფერს ამბობს. სიმართლის თქმას სოფელში ყველა ერიდება.

იხილეთ ასევე: "ჩემი შვილი მოკლულია, დამნაშავეს კი ხელს აფარებენ"

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)