"კანაფის კონტროლის სააგენტო" და ორად გაყოფილი "ქართული ოცნება" - კვირის პალიტრა

"კანაფის კონტროლის სააგენტო" და ორად გაყოფილი "ქართული ოცნება"

მთავრობის იდეას მარიახუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის მოყვანასა და ექსპორტზე გატანას საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი უკვე შევიდა, რაზეც მუშაობას საკანონმდებლო ორგანო უახლოეს ხანებში დაიწყებს.

რას ითვალისწინებს "მარიხუანის ექსპორტის" კანონპროექტი

პროექტით განსაზღვრულია, რომ დასაშვები იქნება მარიხუანას მხოლოდ სამედიცინო და სამრეწველო მიზნებისთვის მოყვანა, გადამუშავება, გადაზიდვა, პროდუქციის წარმოება, ექსპორტი, თესლის/ნერგის იმპორტი. ამასთან, სამრეწველოში იგულისხმება მხოლოდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკური მიზნები, რეალიზაციაში კი - მხოლოდ ექსპორტი, ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. ამ პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ახალი - "კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც სოფლის მეურნეობის ბაზაზე შეიქმნება სსიპ-ის სტატუსით და პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული.

მოყვანა იქნება ლიცენზირებული და ლიცენზიები სამედიცინო და სამრეწველო მოყვანაზე ცალ-ცალკე გაიცემა.

რაც მთავარია, საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება როგორც სამედიცინო, ისე პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის რეალიზაცია. ეს დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მიზანი პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

გარდა ამისა, განსაზღვრულია, რომ ამ ბიზნესში 21 წლამდე პირის ჩართვა იკრძალება და ისჯება 3-დან 7 წლამდე პატიმრობით. კულტივაცია, გადამუშავება, პროდუქციის შენახვა დასაშვებია მხოლოდ დახურულ შენობაში, შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ დაცვის თანხლებით.

განხეთქილების კანაფი?!

საინტერესოა, რომ კანონპროექტში შესაძლო შემოსავლების შესახებ არაფერია ნათქვამი. სწორედ ამის გამო და ასევე წარმოებაზე დაწესებული იმ რეგულაციების გამო, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერში უკვე იკვეთება შესაძლო კორუფციის და კონკრეტული პირების მიერ ბიზნესის ხელში ჩაგდების ინტერესები.

"გაუგებარია, რა გრანდიოზულ საბიუჯეტო შემოსავლებზე ლაპარაკობს მთავრობა. ამ კანონპროექტიდან რაც ჩანს, ბიუჯეტში შევა მხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადები, რაც ვერ გავა დიდ მაჩვენებლებზე".

აზრთა სხვადასხვაობაა თავად "ქართულ ოცნებაში".

აკაკი ზოიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "კანაფმა, მარიხუანამ, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ. არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან აცილებისა და შემსუბუქებისთვის. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის. სარგებელი ძალიან დიდი იქნება. საუბარია მხოლოდ მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე. არანაირ სხვა ბაზარზე არ განიხილება ნედლი კანაფის გატანის საკითხი".

"ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ იმას, რომ საქართველოში მარიხუანის პლანტაციები გაშენდეს", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" ხელმძღვანელი გიგა ბუკია.

ასეთივე პოზიცია აქვს პარლამენტში მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელს. თუმცა უფრო რადიკალური განცხადებები კეთდება არასაპარლამენტო ოპოზიციაში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საპატრიარქომ გააპროტესტა მარიხუანის ექსპორტის შესახებ გადაწყვეტილება.

"სახელმწიფო მიდის ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციის გზით. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - სახელმწიფოს, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობს, მორალური უფლება არა აქვს ეს საქმიანობა სხვას დაუშალოს. როდესაც ვისმენ ლიბერალურ კრიტიკას, რომ თუ კანაფითა და მარიხუანით სახელმწიფომ უნდა ივაჭროს, რატომ არ უნდა ჰქონდეს მოყვანისა და ვაჭრობის უფლება სხვა რიგით მოქალაქე-ბარიგას, ბუნებრივია, ეს ლოგიკა დასაშვებად და მისაღებად მიმაჩნია. არ მსურს, საქართველოს სახელმწიფო იქცეს მსხვილ ნარკობარიგად ან ნარკოკარტელად - ასე ფიქრობენ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი და საქართველოს საპატრიარქო. იმაზე თუ ფიქრობს ვინმე, რუსეთმა რომ ჩათვალოს, საქართველოში არსებული ნარკონათესებიდან გაჟონილი ნარკოტიკული საშუალებები მისი ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, წამლავს მის მოსახლეობას და ამის აღსაკვეთად შემოიყვანოს ჯარი, არსებული საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე ასეთ შესაძლებლობას გამოვრიცხავთ?! მიმაჩნია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა არის გაუაზრებელი, დანაშაულებრივი და ის პარლამენტში არ უნდა გავიდეს","- აცხადებს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი.

რეგულაციები მარიხუანის მოხმარებაზე

პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროქტზე მუშაობს, რომელიც მარიხუანის რეგულაციებს ადგენს.

ახალშემუშავებული კანონპროექტის თანახმად, კანაფისა და მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

დაწესდება მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის კი მთავარი ის არის, რომ 21 წლამდე მოხმარება უკანონოდ ითვლება, მაშინ, როდესაც ზრდასრულის ასაკი საქართველოში 18 წლით არის განსაზღვრული. პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არა მხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.

ამასთან, ავტომობილისა და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას. აქამდე ეს ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა.

მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

სიახლეა ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი, სპეციალური მუხლი, რომლის თანახმად, კანაფისა და მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1.000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1.000-დან 1.500 ლარამდე ოდენობით.

მარიხუანის 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება 500-დან 1.000 ლარამდე ოდენობით დასჯადი ქმედება იქნება. აღნიშნული ქმედების განმეორება კი 1.000-დან 1500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

1000-დან 1500 ლარამდე (განმეორებით იმავეს ჩადენის შემთხვევაში 1500-დან 2000 ლარამდე) დაჯარიმდება მარიახუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და სამხედრო ნაწილში.

რუსა მაჩაიძე