ნარკოტიკების მომხმარებელთა ორგანიზაცია: "ჩვენ ყველანი კარგად გამოგვიყენეს" - კვირის პალიტრა

ნარკოტიკების მომხმარებელთა ორგანიზაცია: "ჩვენ ყველანი კარგად გამოგვიყენეს"

ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორი" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველო კანაფის მწარმოებელი ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, არაადეკვატურსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.

კოკა ლაბარტყავა, "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი: - როდესაც მომავალი თაობის ნარკოტიკებისგან დაცვას არ ცდილობ, მეტიც, ეწევი ნარკოტიკების რომანტიზაციას და აქტიურად ჩართული პიარმანქანით ცდილობ საზოგადოების დარწმუნებას, მსუბუქი ნარკოტიკი სასარგებლოაო (ნარკოტიკი ნარკოტიკია), როდესაც არაფერს აკეთებ, სულ ცოტა, ნარკომომხმარებლებისთვის ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობა გაზარდო, როდესაც არ ცვლი წინა ხელისუფლების უმძიმეს ნარკოპოლიტიკას და უცებ აცხადებ, სახელმწიფო კანაფის საექსპორტო წარმოებას იწყებსო, ასეთი განცხადება არაადეკვატურია.

ნარკოპოლიტიკის შეცვლის მთხოვნელთა მიზანი არ ყოფილა, რომ საქართველო ბარიგების ქვეყანა გამხდარიყო. უარესი სისულელეც დააბრეხვეს - თურმე ამ ექსპორტიდან შემოსული ფულით მოაგვარებენ ნარკოპოლიტიკის უმძიმეს შედეგებს. ასეთი გადაწყვეტილებები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებს და ირჯება კერძო ინტერესებისთვის, რისთვის ჩვენ, ყველანი, კარგად გამოგვიყენეს და საზოგადოებისთვის სასარგებლო მოთხოვნები ასე საშინლად დაგვიტრიალეს.

- გამოყენებაში რას გულისხმობთ? - ყველა გახმაურებული ამბავი, რომელიც ამ დრომდე მოხდა, საპროტესტო აქციები თუ სხვა, თურმე ყოფილა იმისათვის, რომ დავერწმუნებინეთ, მართლა დავიწყეთ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობაო. არადა, შს მინისტრი ბარიგებს დაუჯდა მოლაპარაკებებზე და ერთი პატარა ბიჭის წამღერებულზე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. სხვა რა სახელი დავარქვა იმას, რომ მთელი სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები, ერთ წამღერებულზე ამღერდა, მთელი სახელმწიფო მექანიზმი ამ საკითხზე მიიმართა და თან როგორ?! მარიხუანის ექსპორტზე ლაპარაკობენ და არც კი ახსენებენ მახინჯი ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობას.

- ხელისუფლება ამბობს, რომ კანაფს საექსპორტოდ მოიყვანს და მკაცრად გააკონტროლებს პროცესს, რათა შიდა ბაზარზე არ მოხვდეს. - საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რომ კანაფის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, მაგრამ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ მას შემდეგ, რაც არ იარსებებს არანაირი საფრთხე იმისა, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს გაუჩნდებათ ნარკოტიკით თრობის სურვილი. თუ სახელმწიფო ისე დალაგდება, რომ არ იარსებებს არც ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციის პრობლემა, და ხელისუფლების პიარი ნარკოტიკის რომანტიზაციისკენ კი არ იქნება მიმართული, არამედ ქვეყანაში იქნება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, მაშინ კიდევ შეიძლება იმსჯელო, გინდა თუ არა საექსპორტოდ კანაფის წარმოება.

საქართველოში შესანიშნავი პირობებია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და მაინცდამაინც კანაფის საექსპორტოდ წარმოება რატომ უნდა გინდოდეს?

ამაზრზენია, ეკონომიკის გასაუმჯობესებლად მეტის უნარი არ გქონდეს და მომავალ თაობას უთხრა, ნარკოტიკების ექსპორტით დაკავდიო, თანაც მაშინ, როდესაც ამით ნარკომანიის პრობლემას არაფერი ეშველება. ვინ ეკითხება ხელისუფლებას ასე, წამღერებულზე, ხალხისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებას?

ეკა ლომიძე