"ჩემმა ძმამ სიკვდილის წინ დამირეკა... ხმაზე არაფერი შემიტყვია"
23-09-2018
"ჩემმა ძმამ სიკვდილის წინ დამირეკა... ხმაზე არაფერი შემიტყვია"
ფოტო:თორნიკე მერებაშვილი
"სამართალდამცველები ვიღაცას აფარებენ ხელს"

ოჯახის მტკიცებით, 18 წლის თორნიკე მერებაშვილი მოკლეს, შემდეგ კი ავტოავარიის ინსცენირება მოაწყვეს

6 ივლისს, გამთენიისას, სოფელ ხელთუბანში, გზაზე 18 წლის მომაკვდავი თორნიკე მერებაშვილი იპოვეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქმის გამოძიება უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით აღიძრა, რასაც გარდაცვლილის ოჯახი აპროტესტებს და ამბობს, რომ მათი შვილი არა ავტოსაგზაო შემთხვევას, არამედ თანატოლების სისხლიან გარჩევას შეეწირა. თორნიკე მოკლეს და შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყვეს. გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებაც, რომელმაც
მერებაშვილის ცხედარი დაათვალიერა. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები, თავზე კი ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა.

მერებაშვილები ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლულია და პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილის მკვლელებმა მტკიცებულებები გაანადგურეს და სისხლის კვალი წაშალეს იქ, სადაც თორნიკეს თანატოლებმა სასიკვდილოდ სცემეს. ოჯახი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და სიმართლის
დადგენას ითხოვს.

14 სექტემბერს ოჯახის წევრებმა და სოფლის მცხოვრებლებმა ჯერ გორის ცენტრალური ავტობანი გადაკეტეს, შემდეგ კი გორის პროკურატურასთან გამართეს საპროტესტო აქცია, რომელსაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ.
შსს-ს განცხადებით, "გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ თ.მ-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".

სამართალდამცავთა ინფორმაციით, "საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი."

რა ვერსიებზე ლაპარაკობენ სოფელში

ერთ-ერთი ვერსიით, სასწრაფო დახმარებას თორნიკე მერებაშვილი ცოცხალი დახვდა. აგონიაში მყოფი ახალგაზრდა რაღაცას ლუღლუღებდა, მაგრამ ექიმს ნათქვამის აზრი ვერ გამოუტანია.

სოფელში ამბობენ, რომ თორნიკე თანაკლასელისა და მეზობლის, გიორგი კობლიაშვილის ოჯახს თანასოფლელებთან ერთად ნივრის მოსავლის აღებაში ეხმარებოდა. მასპინძელს საღამოს სუფრა გაუშლია, ბიჭებს დაულევიათ. ექვსი ახალგაზრდის კამათი მოჰყვა იმას, რომ თორნიკე ამბობდა შეყვარებულის სადღეგრძელოს, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა, ახალგაზრდებმა კი ბიჭს არ მოუსმინეს. განაწყენებულ მერებაშვილს ჭიქაც კი გაუტეხია. როცა ახალგაზრდები წამოიშალნენ, თორნიკეს ნათესავისთვის დანა გამოურთმევია, თევზის გასაფცქვნელად მინდაო (ჩვენებებში დანა არ ფიგურირებს, გარდაცვლილს არც დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა და არც - ავარიის კვალი. მას მხოლოდ თავში აქვს ჭრილობა, რაც, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გახდა). დაჭრილს ბოლოს ბიძაშვილისთვის დაურეკავს, დაჭრილი ვარ, მიშველეო. ამბობენ, რომ ის ჯერ მოკლეს და მერე დააგდეს ტრასაზე, რათა ავარიის სურათი შეექმნათ.

"სამართალდამცველები ვიღაცას აფარებენ ხელს"

მერაბ მერებაშვილი, თორნიკეს მამა:
- იმ უბედურების შემდეგ სოფელში ლაპარაკობდნენ, რომ შემთხვევის ადგილას, ხელთუბანში ჩხუბის ხმა ისმოდა - ვიღაც ყვიროდა, არ მოკლათ, არ მოკლათო. თორნიკეს ჯერ სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს, მერე სისხლის კვალი გააქრეს - ასფალტზე სისხლის გუბეს ზეთი დაასხეს. იმ საღამოს ვისთანაც იყო, მათ იციან, რა მოხდა, მაგრამ სიმართლეს არ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, ჩემი მომაკვდავი შვილი ცენტრალურ მაგისტრალზე დააგდეს და მიატოვეს. ოფიციალური ვერსიით, თორნიკე ავარიას ემსხვერპლა. დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავუტარეთ, მაგრამ მას ავტომანქანის დაჯახების კვალი არ ეტყობოდა. სამტონანახევრიან მანქანას (ტვირთი ედო მანქანას) რომ გადაევლო, არ დაეტყობოდა? მოტეხილობები მაინც ხომ ექნებოდა? თვითონ დავათვალიერე მისი სხეული! ორი თვეა, სამხარაულის ბიუროდან ექსპერტიზის პასუხს ველოდები. არ მჯერა სამართალდამცველების ვერსიის, ისინი დამნაშავეს მალავენ. ორ კვირაში დამნაშავეს თუ არ დააკავებენ, მასშტაბურ აქციებს მიიღებენ.

"მძღოლი ხან ამბობს, დავეჯახეო, ხან - არაო"


ლალი ჯიოშვილი, თორნიკეს დედა:
- თანასოფლელებისგან ვიცით, რომ ბიჭებს შორის კონფლიქტი მოხდა და თორნიკეს ვიღაცამ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მეზობლები ამბობდნენ, რომ ესმოდათ ჩხუბის და ყვირილის ხმა, მაგრამ დღეს ყველა გაჩუმებულია. როგორც ჩანს, დააშინეს. თორნიკემ წელს დაამთავრა სკოლა. ჯერ სამხედრო სამსახურში წასვლა, საბოლოოდ კი სამხედრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება უნდოდა. კონფლიქტი მისი თანაკლასელის ოჯახში დაწყებულა. თორნიკეს ჭიქა მართლა გაუტეხია. ოჯახის წევრები გვეუბნებოდნენ, ხელიც გაიჭრაო, მაგრამ ცხედარი რომ დავათვალიერეთ, ხელი არ ჰქონდა დაზიანებული. ჩემს შვილს თავის გარდა, მარჯვენა ბეჭზე ჰქონდა ნაკაწრი და ფეხზე - ნაჭდევი ჭრილობები. ბასრი იარაღი არ ყოფილა გამოყენებული, არც მოტეხილობები ჰქონია. მანქანას რომ გადაევლო, რამე ხომ უნდა მოსტეხოდა?

- საქმეში ფიგურირებს "მერსედესი", რომელიც თორნიკეს დაეჯახა. მძღოლი თუა დაკითხული და რას ამბობს ის?
- მძღოლი ხან ამბობს, დავეჯახეო, ხან - არაო. ბიჭებიც ვნახეთ, სუფრის წევრები და მათი ჩვენებებიც. ყველანი ერთმანეთის საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სწორედ ამის გამო გვაქვს ეჭვი. ამბობენ, რომ თორნიკემ დანაც ითხოვა, ჩვენ გადავეფარეთ და არ გავუშვითო, მაგრამ ვისთან მიდიოდა, არ ამხელენ. არ არის გამორიცხული, ვინმე მაღალჩინოსანი მფარველობდეს მკვლელს.

"დაჭრილი ვარ, სისხლი მდის, მიშველეთ"

თინა მერებაშვილი, თორნიკეს და:
- როგორც გავიგეთ, თორნიკემ გარდაცვალებამდე საშველად თქვენს ბიძაშვილს დაურეკა.
- თორნიკემ ჩვენს ბიძაშვილ მიშიკოსაც დაურეკა და მეც. როგორც ვიცი, "სასწრაფოც" თვითონ გამოიძახა. მე რომ დამირეკა, "სასწრაფოს" ნომერი მთხოვა, სხვა არაფერი უთქვამს, ხმაზეც არაფერი შემიტყვია. ჩემი ბიძაშვილისთვის კი უთქვამს, მეწვის, დაჭრილი ვარ, სისხლი მდის, მიშველეო, მაგრამ ვინ დაჭრა, არ მოუყოლია.
დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ჩემი ძმა მოკლულია და არა - უბედური შემთხვევის მსხვერპლი.

"ახლა ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება"

თამაზ ტერმაკოზაშვილი, გიორგი კობლიაშვილის ბიძა:
- ბიჭებმა ივახშმეს, მერე დაიშალნენ და მშვიდობიანად წავიდნენ ჩემი დის ოჯახიდან. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ახლა ბევრი ჭორი დადის, ბიჭს ვიღაც გამოჰყვა, მოკლეს, გზაზე დააგდესო.
ჩემი დის ოჯახი არაფერ შუაშია. გარდაცვლილი და ჩემი დისშვილი კლასელები არიან, ერთად იზრდებოდნენ. სუფრაზე უცხო არავინ ყოფილა. ახლა ბევრი ვერსია და მითქმა-მოთქმა იქნება, მაგრამ ალბათ, გამოძიება დაადგენს, რა და როგორ მოხდა.

ნანა ფიცხელაური

იო
23 სექტემბერი 2018 11:34
როცა არავინ ხმას არ იღებს, უბრალოდ ყველა უნდა დაიჭირო. მინიმუმ სხვები მაინც ვეღარ გაბედავენ. თვითმფრინავის ბიჭების საქმე, გამტაცებლები, ყველამ რომ მხოლოდ დაეჭირათ და არ დაეხვრიტათ გამართლებული იქნებოდა ჩემი აზრით. ხორავას ქუჩაზეც, ვინც იქ იყო და ვერაფერი დაიანხა უბრალოდ უნდა დაიჭირო. იქიდან ჯანსაღი ფსიკია მაინც არფცერთს ექნება. 2 კლასითუ უკან უნდა დააბრუნო და მშობლების დაკვირვებით მორალი უკითხონ ყოველდღე.

უბრალოდ ქვეყანა ესე ქვეყანას აღაე გაქვს. ყველა გარეწარისთვის და თავხედისთვის ხელსაყრელი პირობებია. პატიოსნად მომუშავეებისთვის კი სრული "კრეტინიზმი".

რედაქტორის რჩევით