"ედიკ თბილისკის" დღეობაზე შეკრებილი კრიმინალური სამყარო - პარპალიასა და ასატრიანს შორის დაპირისპირების ერა დასრულდა? - კვირის პალიტრა

"ედიკ თბილისკის" დღეობაზე შეკრებილი კრიმინალური სამყარო - პარპალიასა და ასატრიანს შორის დაპირისპირების ერა დასრულდა?

რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდის ედუარდ ასატრიანის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით "ქურდების" შეხვედრა გაიმართა.

სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, "ედიკ თბილისკის" დღეობაზე შეიკრიბნენ კრიმინალურ სამყაროში ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდები - კახა პარპალია ("კახა გალსკი"), ბადრი კოღუაშვილი ("ბადრი ქუთაისკი"), ამირან სოფრომაძე (სოპოტია"), მიხეილ ხანანაშვილი ("ნიკა ისრაელსკი") და სხვები.

აღსანიშნავია, რომ წვეულება გაიმართა არა რესტორან "თეთრ სახლში", რომელიც ასატრიანის მოსკოვის ოფისად მიიჩნევა, არამედ რესტორან "მარანში", სადაც კახა პარპალიას რეზიდენცია მდებარეობს. როგორც ამბობენ, სწორედ ამის გამო, დამსწრეთა შორის პარპალიას მოწვეული სტუმრები იუბილარის სტუმრებს სჭარბობდნენ.

სააგენტოს ცნობით, იმ დღეს მთავარი ამბავი პარპალიასა და ასატრიანის შეხვედრა-შერიგება იყო, რადგანაც როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ამ ორს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ცნობილია, ასატრიანსა და პარპალის რუს სამართალდამცველებთან საქმე "მოგვარებული" აქვთ და ნებისმიერ მოულოდნელ შემთხვევაში პოლიციასთან მყარ იმუნიტეტს ფლობენ.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კანონიერ ქურდებს შორის არიან ისეთებიც, ვინც მოსკოვში ლეგალურად ცხოვრობენ. ედიკა და კახა ყველაზე მეტად წარმოაჩენენ თავიანთ ძალაუფლებას და ამბიციას. თუ პარპალიას, რომელიც ადრე შაქრო კალაშოვის ახლო გარემოცვაში შედიოდა და კალაშოვის დაკავების შემდეგ სადავეები ხელში აიღო, ასატრიანი ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ პრეტენზიას გამოთქვამს.

კახა პარპალიას თავბრუდამხვევი კარიერული აღმასვლა სწორედ კალაშოვის დაკავების შემდეგ მოხდა, როცა მან წაართვა ქურდული "ობშიაკი" შაქროს ნათესავს, ე.წ. კანონიერ ქურდს დათო ოსმანოვს. მიიღო რა ოფიციალური "საფულე" კახა მყისიერად გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად კრიმინალურ სამყაროში. დღევანდელ დღეს პარპალია ცდილობს თავისი პოზიციების გამყარებას უცხოეთიდან დაბრუნებული "ქურდების" ხარჯზე, ისეთების როგორებიც არიან "ნიკა" და "სოპოტია". (წყარო)

იხილეთ ასევე: "ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ

მოამზადა ნიკა გულუამ