როგორ ადგენენ აფექტს - კვირის პალიტრა

როგორ ადგენენ აფექტს

"აფექტი რამდენიმე წამს გრძელდება. ამ დროს ადამიანი არ არის საღ ჭკუაზე. აფექტს ახასიათებს სტერეოტიპული ქმედებები, როცა ერთი გასროლა საკმარისია, მაგრამ ადამიანი მთლიან ჯერს დააყრის მსხვერპლს, რადგან ტვინი ვერ

აკონტროლებს ქმედებას"

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეების განხილვისას ადვოკატები ხშირად საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ იმ მიზეზით, რომ დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვებისას არის ჩადენილი, თუმცა ამის დამტკიცება ადვილი არ არის - ექსპერტიზით უნდა გაირკვეს, პირი დანაშაულის ჩადენის დროს იყო თუ არა აფექტში. კანონით, განზრახ მკვლელობა 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ ბოლო დროს ამ მუხლით გასამართლებულებს მინიმალურ სასჯელს უსჯიან.

ქუთაისის სასამართლომ სიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დადასტურდა, ნასვამმა შურისძიების მოტივით სიძეს სანადირო თოფი ესროლა... ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი ანალოგიური საქმე განიხილა. ამჯერად განსასჯელის სკამზე მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული იჯდა. დადასტურდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მან მეუღლეს სანადირო თოფი დამიზნებით ესროლა და მოკლა. ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯეს... ასევე 9 წელი მიესაჯა თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცსაც. დანაშაული გორის სოფელში მოხდა... მეზობელთან კონფლიქტის შემდგომ, გაბრაზებულმა კაცმა დედამისს ხის ნაჭერი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. ქალი მეორე დღეს გარდაიცვალა საავადმყოფოში. მართალია, დამნაშავეს განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, მაგრამ სასამართლომ მას 9 წელი აკმარა... კიდევ ერთი დანაშაული 2011 წელს თბილისში მოხდა. ბრალდებულმა ცოლს მეზობლის სახლში საყვარელთან შეუსწრო და ორივეს ჯოხით გაუჩეჩქვა თავი. მამაკაცი გარდაიცვალა, ცოლი კი სიკვდილს გადაურჩა. ადვოკატი დღემდე დარწმუნებულია, რომ მამაკაცმა დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვებისას ჩაიდინა, თუმცა ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

ნინო ლალიაშვილი, ადვოკატი: - მეუღლემ ცოლი რომ ვერ ნახა სახლში, ძებნა დაუწყო. მეზობლის სახლში შუქს მოჰკრა თვალი, დაეჭვდა და ცოლს მეზობელთან შეუსწრო. შეძრწუნებულმა იქვე დაგდებული ჯოხი აიღო და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ორივეს. მისი მეუღლე გადარჩა, მამაკაცი კი გარდაიცვალა.

აფექტი რამდენიმე წამს გრძელდება. ამ დროს ადამიანი არ არის საღ ჭკუაზე. აფექტს ახასიათებს სტერეოტიპული ქმედებები, როცა ერთი გასროლა საკმარისია, მაგრამ ადამიანი მთლიან ჯერს დააყრის მსხვერპლს, რადგან ტვინი ვერ აკონტროლებს ქმედებას. ასე იყო ზემოთ მოყვანილ შემთხვევაშიც. ბრალდებული ნამდვილად აფექტში იყო და ამიტომ ვითხოვდით კვალიფიკაციის შეცვლას. ასეთი კატეგორიის საქმეებზე ექსპერტიზა ინიშნება. კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დროს პირს ექსპერტები სხვადასხვა მეთოდით აკვირდებიან, თუმცა ამას ხშირად ადვოკატები სადავოდ ვხდით, რადგან მიგვაჩნია, რომ ტესტით იმის დადგენა, დანაშაულის ჩადენის დროს პირი რა მდგომარეობაში იყო, შეუძლებელია. ექსპერტებს ვკითხე კიდეც, რამდენად არის შესაძლებელი ტესტებით და მეთოდებით დადგინდეს, ადამიანი იყო თუ არა აფექტურ მდგომარეობაში, და მიპასუხეს, ტესტებით ვერაფერს დავადგენთო. გამოკვლევისას ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა - როგორ გაჩნდა ეს ადამიანი, ფიზიოლოგიურად თუ საკეისრო კვეთით, ჯარი აქვს გამოვლილი თუ არა, ქათამი ჰყავს დაკლული თუ არა, უამრავ რამეს ეკითხებიან და მერე წერენ დასკვნას.

აფექტს სამი ეტაპი აქვს: მოსამზადებელი, აფეთქება და განტვირთვის ფაზა. პირველი და მეორე ფაზა ჩვეულებრივ მკვლელობასაც აქვს, მნიშვნელოვანია მესამე - განტვირთვის ფაზა, რომლის არსებობის შემთხვევაში ვლინდება აფექტი. განტვირთვის ფაზის დროს ადამიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში ისევ აფექტის მდგომარეობაშია. თუ მან მიატოვა შემთხვევის ადგილი, თვლიან, რომ ჰქონდა საამისო ძალა, აზროვნებდა, და აფექტად არ აფასებენ. დანაშაულის შემდეგ პირი რა მდგომარეობაშია, ეს არის მნიშვნელოვანი. ზოგი კანკალებს, ზოგს მეტყველების უნარი აქვს დაკარგული, აფექტში ჩადენილი დანაშაული დამნაშავეს არ უნდა ახსოვდეს...

- ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, როცა ქმარმა ცოლს საყვარელთან შეუსწრო და ჯოხით ორივეს თავი გაუჩეჩქვა, რატომ ვერ დადგინდა აფექტი? - ჩემი დასაცავი პირი ამბობდა, რომ მეზობლის ჭიშკარში შესულს ცოლის ვნებიანი კვნესის ხმა შემოესმა. ეზოში შესული ცოლს ეძახდა. ამის შემდეგ მისი მეხსიერება ფრაგმენტულია, რაც აფექტს ახასიათებს. მას წინ გადაეღობა მეზობელი მამაკაცი და ჰკითხა, აქ რა გინდაო? მხოლოდ იმას იხსენებდა, რა უპასუხა, დამღუპეთ, დამაქციეთო?! არც ის ახსოვს, ჯოხი საიდან გაჩნდა მის ხელში და მერე რა მოხდა. სახლში რომ დაბრუნებულიყო, დანა წამოეღო და დანაშაული მერე ჩაედინა, აფექტის საკითხი შესაძლოა ეჭვქვეშ დამდგარიყო, მაგრამ მან იქვე დაგდებული ჯოხი აიღო. ამბობდა, ცოლის შიშველ მხარს ამ მამაკაცის ზურგს უკან მოვკარი თვალი და მერე არაფერი მახსოვსო. არც ის ახსოვს, ცოლს ჯოხი რამდენჯერ ჩაარტყა, გონზე რომ მოვედი, მიწაზე ვეგდე და ვკანკალებდიო. როგორც ჩანს, დანაშაულის შემდეგ ცოლის გადარჩენას ცდილობდა და მოსასულიერებლად წყალს ასხამდა. ეს შეცოდების მომენტიც აფექტისთვის არის დამახასიათებელი. სიკვდილისთვის გაწირა, მაგრამ მერე შეეცოდა. შემდეგ, როგორც ჩანს, ძალა გამოეცალა და წაიქცა. ძალა არ ჰქონდა, მაგრამ როგორღაც ტელეფონი აიღო და ბოლოს შემოსულ ზარზე დარეკა. შვილმა რომ უპასუხა, უთხრა, მგონი, დედაშენი და ის კაცი მოვკალიო. მისი შვილიც ამბობდა, მეზობლის ჭიშკარში შესვლა ვერ გავბედე, ძაღლის ყმუილის მსგავსი ხმა შემომესმა, როგორც გავარკვიე, ძაღლი კი არა, მამაჩემი ყოფილაო. ესეც აფექტის ნიშანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ექსპერტმა ამ გარემოებებს ყურადღება არ მიაქცია და ჩათვალა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ის არ იყო აფექტის მდგომარეობაში. ითქვა, ქმარმა იცოდა, ცოლი რომ ღალატობდა და განრისხების ხარისხი იმ დონეზე არ მივიდოდა, რომ მოეკლაო, მაგრამ ეს არ არის სწორი შეფასება. როცა ფაქტზე შეასწრებ საყვარელ ადამიანს, მაშინ ვინ რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. კიდევ ერთი არგუმენტი ჰქონდათ - პოლიცია რომ მოვიდა, დამნაშავე მას შეეგება, ადეკვატურად მოქმედებდა და ამიტომ არ იყო მესამე (განტვირთვის) ფაზაო... თუმცა არც ეს იყო დასაბუთებული არგუმენტი, აფექტი ხომ მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. გამოძიება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული. ამის მიხედვით მოქმედებს პროკურატურა და ამიტომ ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.

- როგორც ვიცი, ეს პირი დღეს თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ 16 წელი მიუსაჯეს. - დიახ. ვიმეორებ, ეს ძლიერი სულიერი მდგომარეობის დროს ჩადენილი დანაშაული იყო. მას ორი მუხლით ასამართლებდნენ და მოსამართლემ მინიმალური სასჯელი მიუსაჯა. შემდეგ შეეხო ამნისტია და გაუნახევრდა სასჯელი. ამიტომ 6 წელი იჯდა ციხეში, მოგვიანებით უდოც შეეხო და ერთ წელზე მეტია თავისუფალია.

ფიზიოლოგიური და პათოლოგიური აფექტი

მარიამ ჯიშკარიანი, ფსიქიატრი: - აფექტი არის ორგვარი - ფიზიოლოგიური და პათოლოგიური და ამის დადგენას ექსპერტიზა სჭირდება. თუმცა აფექტი არ ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისგან, უბრალოდ, ეს არის სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება.

ფიზიოლოგიური აფექტის დროს დანაშაული აუცილებლად ძალადობრივ ხასიათს ატარებს. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია თავისი ქმედების გაკონტროლება და საქმის შესწავლისას ამ შემთხვევაში გამოირიცხება წინასწარ განზრახული დანაშაული.

რაც შეეხება პათოლოგიურ აფექტს, ის იშვიათი მდგომარეობაა, რომელსაც სჭირდება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და იმის დადგენა, ნამდვილად შეურაცხადია თუ არა ადამიანი. ამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს, ვინაიდან ის შეურაცხადია. მას იძულებით მკურნალობას უნიშნავენ.

- რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს აფექტი? - გააჩნია, რა სახის აფექტზეა საუბარი. პათოლოგიური აფექტისას ადამიანი მთლიანად ამნეზირებულია, საერთოდ არაფერი ახსოვს და თვითონაც არ სჯერა, რომ დანაშაული ჩაიდინა. უფრო მარტივად არის საქმე ფიზიოლოგიური აფექტის დროს. მას შეიძლება მხოლოდ გარკვეული დეტალები არ ახსოვდეს. ფიზიოლოგიური აფექტი უფრო ხანმოკლეა.

პათოლოგიური აფექტი ძალიან ძნელი დასადგენია და კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს. ეს შეიძლება ადამიანს დაემართოს ცხოვრებაში ერთხელ და შემდეგ არც იყოს საშიში. ერთ შემთხვევას გავიხსენებ - კაცი სატვირთო მატარებელზე ავიდა და ნაჯახით მოკლა მუშა. როდესაც იპოვეს, მატარებლის ლიანდაგთან ეძინა. რომ მოვიდა აზრზე, სულ სხვა ქალაქში იყო. იმასაც ვერ იხსენებდა, როგორ ჩაჯდა იმ მატარებელში, სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა და რა მოხდა...

გვქონია შემთხვევა, როდესაც ქალმა მეუღლე დაჭრა. ქალი წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. მან დანაშაული სწორედ აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ასე რომ, დანაშაულის წინა ისტორიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- აფექტის დადგენისას, შეიძლება ექსპერტმა შეცდომა დაუშვას?

- არ არის გამორიცხული, ამიტომ ექსპერტიზას უნდა ატარებდეს სპეციალისტი. არსებობს გადამოწმების გზებიც, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება.

- როგორც წესი, სასამართლო ითვალისწინებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას? - გააჩნია დასკვნას, გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენი დასკვნა ევროსასამართლომ გაიზიარა. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზას არ აქვს თანამედროვე გაიდლაინები, თანამედროვე მიდგომები. გვქონია ბევრი შემთხვევა, როცა სამხარაულის ექსპერტიზა ვერ ნახულობდა ფსიქიკურ აშლილობას და ჩვენ ვადგენდით. ვფიქრობ, ადვოკატებსაც სჭირდებათ კარგი ტრენინგი, ჯანდაცვის კანონმდებლობას არ იცნობენ და ეს არის ხშირად დაცვის სისუსტე.

თეა ხურცილავა