"ციხეში სამუდამოდ არ დავრჩები" - რას ამბობს 33 წლის ტუსაღი, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი? - კვირის პალიტრა

"ციხეში სამუდამოდ არ დავრჩები" - რას ამბობს 33 წლის ტუსაღი, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი?

უვადო პატიმრის აღსარება

"12 წელია, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. ერთმანეთს მიჰყვება უღიმღამო დღეები ოთხ კედელში... აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას და ალბათ, გამოვალ ციხიდან. ვოცნებობ ოჯახში დაბრუნებაზე. შინ დედა მელოდება, გამუდმებით ტირის, სულ ვეხვეწები, ცრემლები არ დამანახო-მეთქი...", - გვიყვება 33 წლის ხვიჩა ყირმიზაშვილი, რომელიც 12 წლის წინ სამართალდამცველებმა ყაჩაღობა-მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.

- მეცამეტე წელი დაიწყო, რაც სასჯელს ვიხდი. 2006 წლის 6 აგვისტოს მოხდა მკვლელობა-დაყაჩაღება, 13 აგვისტოს კი დამაკავეს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ექვსი აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე "ემელის" მარკის ავტომანქანით მდინარე ქსნის ხეობაში იყო საქეიფოდ წასული. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ტყიდან გამოვარდა ორი მამაკაცი: ერთი - დანით, მეორე ავტომატით შეიარაღებული. თავდამსხმელებმა აზერბაიჯანელებს მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მძღოლი არ დაემორჩილა, ამასობაში თავდამსხმელმა ისროლა და ერთი გარდაიცვალა. ერთ კვირაში დამაკავეს. მანამდეც ვიყავი ნასამართლევი მარიხუანის გამო და 2005 წელს გამოვედი ციხიდან. ვფიქრობ, ვიღაც გაარიდეს პასუხისმგებლობას და მე აღმოვჩნდი განტევების ვაცი.

- ანუ ამბობთ, რომ სხვისი დანაშაულის გამო იხდით სასჯელს? - ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია. დღემდე ვდაობ, საჩივარი მაქვს შეტანილი მთავარ პროკურატურაში, მათ კი ის მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში გაგზავნეს. მესამე წელია, გამოძიება მიდის და მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავთ დაკითხული. არსებობს მასალები, რომლებიც საკმარისია, რომ გამომძიებლები და პროკურორები პასუხისგებაში მისცენ. მათ უკანონოდ აქვთ მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები - მაშინდელი საპროცესო კოდექსი არ იძლეოდა მოსამართლის თანხმობის გარეშე ფარული მიყურადების უფლებას; არც ექსპერტიზაა ჩატარებული მის ავთენტურობაზე. გამოძიების მტკიცებით, თითქოს ტელეფონით ველაპარაკე გიორგი ქოზაშვილს, რომელიც დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გამაცნეს ჩემმა მეგობრებმა სოფელ აღაიანში. თითქოს მასთან ერთად ტელეფონით ვგეგმავდი დანაშაულს. გარდა გაყალბებული და ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებებისა და ამოცნობის ოქმებისა, საქმეში სხვა არაფერია, რაც ჩემს დანაშაულს დაამტკიცებს.

ჩემი უდანაშაულობა, უპირველესად, იმით მტკიცდება, რომ როცა დანაშაული მოხდა, გორის რაიონის სოფელ ზემო არცევში, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ვიყავი დედის ნათესავებთან. მთელი დღის განმავლობაში მათ ტყიდან შეშის ჩამოტანაში ვეხმარებოდი. ამას, ნათესავების გარდა, სხვებიც დაადასტურებენ. დღესაც მახსოვს, კვირა დღე იყო, 6 აგვისტო. ტყიდან შეშა რომ მოგვქონდა, ზემო არცევის პოლიციამ გაგვაჩერა და შეშა პოლიციაში ჩამოგვაცლევინა. ქართველმა და ოსმა პოლიციელებმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს. სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი (თუ არ ვცდები, ვასილ ბადაგაძე) და ცხინვალის შს მინისტრი მიხაილ მინძაევი.

როცა მცხეთა-მთიანეთის საოლქო სასამართლოში მოსამართლემ პოლიციელებს ჰკითხა, რატომ ადგილზე არ შეადგინეთ დაკავების ოქმი და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარეთო, ჩვენმა პოლიციელებმა უპასუხეს, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დავაკავეთ, ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომაც სწრაფად წამოვიყვანეთ და ასეთ დოკუმენტებს ვერ შევადგენდითო.

სინამდვილეში ოსურმა მხარემ არცევის პოლიციაში ორი საათი გამაჩერა, შეადგინეს ჩემი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ექსტრადიციის შესახებ დოკუმენტაცია, რაზეც ქართული მხარე იმ საბაბით არ აწერდა ხელს, თქვენს იურისდიქციას არ ვცნობთო. მაშინ მინძაევმა უთხრა, თუ ხელს არ მოაწერთ, პატიმარს ვერ გადმოგცემთ, მე რა ვიცი, მას რას უზამთ და მე არ დამაკისრებთ პასუხისმგებლობასო. შემდეგ ბადაგაძემ შს სამინისტროში დარეკა. ე.წ. აბიზიანკაში ვიჯექი, პირველ სართულზე და ყველაფერი მესმოდა. შემიძლია მხოლოდ ვარაუდით ვთქვა, რომ მე დამაკავეს ჩინოვნიკის ან ჩინოვნიკის შვილის სს პასუხისმგებლობისგან განრიდების მიზნით. მოკლედ, სხვისი დანაშაული მომაწერეს.

ინფორმაცია კი მაქვს, მაგრამ ამის დადასტურება ძნელია. შესაძლოა, შემოგდებულია და ამის შემოწმებაც ჭირს, მაგრამ გავიგე, რომ ვიღაცებმა თავის დროზე ფული გადაუხადეს მოკლულ აზერბაიჯანელ დავით ნოვრუზოვს, რომელიც, როგორც ამბობენ, წამლის ბარიგა იყო. მან ფული აიღო, წავიდა წამლის ასაღებად, მაგრამ ისინი გადააგდო და ამიტომ მოიშორეს.

- თქვით, რომ სასჯელს ნარკოდანაშაულისთვისაც იხდიდით. მომხმარებელი იყავით? - ნარკომომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, არც მომიწევია და არც გამიკეთებია, რაც ექსპერტიზითაც დადასტურდა. ეს დაპატიმრება ცალკე თემაა... ნარკოტიკი მუხრანის პოლიციის სამძებროსა და საგამოძიებოს უფროსებმა ჩამიდეს.

ჩემი სიძე, დეიდაშვილის ყოფილი მეუღლე ზვიად ნებიერიძე, სოფელ მუხრანში რამდენიმე ბიჭთან ერთად დაიჭირეს პოლიციელებმა, სცემეს და მცხეთის პოლიციაში წაიყვანეს. მათ ქურდობას ედავებოდნენ. ჩემმა სიძემ ზეწოლას ვერ გაუძლო, მათი მაგიდიდან დანა აიღო და თავი დაიჩეხა. ეს მათ რომ არ დაჰბრალებოდათ, პოლიციელებმა ზვიადი მცხეთის რესტორნის მიმდებარედ დააგდეს - შექმნეს სურათი, თითქოს ჩხუბი მოხდა და ზვიადი იქ დაიჭრა. სანამ კომაში იყო, დავიწყე იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში. პოლიციელები ამბობდნენ, კი დავიჭირეთ, მაგრამ გამოვუშვით, ბიჭები ელოდებოდნენ მანქანით, მერე, ეტყობა, რესტორანში აღნიშნეს და იქ დაჭრესო. ზვიადის ბიძა ავთო მარტიაშვილი მაშინდელი ლენინგორის რაიონის პოლიციის უფროსი იყო, მას გავაგებინე და გაარკვია ყველაფერი. ამის შემდეგ გადამეკიდნენ პოლიციელები, - რატომ ჩაერიე, შენი ადგილი იცოდეო. ერთი თვის შემდეგ სოფელ ქსანში ვიყავი მეგობართან, პოლიციელები რომ დამადგნენ თავზე და იქ ჩამიგდეს ნახევარი სიგარეტის ოდენა მარიხუანა. არ დაულუქავთ, მარიხუანა პოლიციაში მიიტანეს და მისი ოდენობა 15,1 გრამამდე გაზარდეს.

- საუბრის პათოსით ვხვდები, იმედი არ დაგიკარგავთ და ბრძოლას გააგრძელებთ... - აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას და ღვთის წყალობით, ალბათ, გამოვალ ციხიდან. სტრასბურგში გასაჩივრების საშუალება მაშინ არ მქონდა და ძველმა ადვოკატმაც მიღალატა. თავიდან დავითრგუნე, მერე კი შევეგუე რეალობას, მაგრამ არა იმ აზრს, რომ აქ სამუდამოდ დავრჩები. ამასობაში დამოუკიდებლად გავერკვიე იურისპრუდენციაში, გავიარე ინგლისური, გერმანული ენისა და მართვის კურსები...

- რა პირობებში გიწევთ სასჯელის მოხდა? - ჩემს დაწესებულებაში 43 უვადო პატიმარია. 24 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში ვართ, სასეირნო ოთახში ყოფნის უფლება დღეში ერთი საათი გვაქვს, არადა, ადამიანებთან ურთიერთობა გვინდა. 12 წელია, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს, ოთხ კედელში ერთმანეთს მიჰყვება უღიმღამო დღეები. წინა რეჟიმის დროს ციხის თანამშრომლები შემოდიოდნენ, უყვიროდნენ, სცემდნენ პატიმრებს. ჩვენ მაინცდამაინც არ გვეხებოდნენ, დღე არ გავიდოდა, ვიღაცის ღრიალი არ გაგვეგონა. ესენი შედარებით ჰუმანურად იქცევიან, მაგრამ ჩაკეტილები ვართ.

საერთაშორისო კონვენციით დადგენილია, რომ პატიმრისთვის ხუთ წელზე მეტხანს "კრიტის" მისჯა დაუშვებელია. რაც უნდა საშიში იყოს ადამიანი, მასაც ეკუთვნის დაცული ზონა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ შეინარჩუნოს.

ახლა სააპელაციოში ვიბრძვი. საკონსტიტუციო სასამართლოშიც შევიტანე სარჩელი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ვასაჩივრებ პროკურატურის გადაწყვეტილებას მტკიცებულებათა ფალსიფიცირების შესახებ. სამი წელია, გრძელდება გამოძიება, მაგრამ ბოლომდე არ მიუყვანიათ, არადა, უამრავი მტკიცებულებაა, რომ გამომძიებლები და პროკურორები მიეცნენ სს პასუხისგებაში.

- ხვიჩა, ოჯახი გყავთ? - 33 წლის ვარ... 19 წლის ვიყავი, ცოლი უნდა მომეყვანა და დამაკავეს. სანამ გამოვიდოდი, შეყვარებული მომტაცეს. მეორე საცოლე მყავდა და, ისევ დამიჭირეს... იმასაც რამდენი წელი უნდა ეცადა. აქედან გავალ, ოჯახსაც შევქმნი და სათანადო განათლებასაც მივიღებ. სამწუხაროდ, ვერც ეს მოვასწარი. გათავისუფლების შემდეგ ვოცნებობ ჩემებთან, მუხრანში ოჯახში დაბრუნებაზე. ძმა მყავს დაოჯახებული და დედა, რომელიც გამუდმებით ტირის. სულ ვეხვეწები, ცრემლები არ დამანახო-მეთქი. გათავისუფლების შემთხვევაში საქართველოდან წავალ. იმდენი მტერი მყავს, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მომცემენ და ვიცი, ისევ აქეთ მომატრიალებენ.